დიდუბის პანთეონთან მოკლული ბუტა რობაქიძის ოჯახის მიერ პროკურატურაში შეტანილ სარჩელში ირაკლი ოქრუაშვილზეც არის საუბარი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბუტა რობაქიძის ბაბუამ, ამირან რობაქიძემ განუცხადა.
მისი თქმით, როგორც მთავარ, ასევე ქალაქის პროკურატურაში შეტანილია სარჩელები, სადაც ირაკლი ოქრუაშვილზეცაა საუბარი, რადგან მკვლელობის პერიოდში ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან, მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს. რობაქიძეს ორი ტყვია მოხვდა და იქვე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ გადაცემა "პატრულის" ეთერში ითქვა, რომ რობაქიძე მაშინ მოკლეს, როცა ისინი "ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის წევრების" დაკავებას ცდილობდნენ. ოჯახი აცხადებს, რომ მოხდა საქმის ფალსიფიკაცია.
ამირან რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს პირდაპირ არ ადანაშაულებს, თუმცა აღნიშნა, რომ "ასეთი რაღაცეები მინისტრის გარეშე არ ხდება".
ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიების თავიდან დაწყების მოთხოვნით ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ და ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა რამდენიმე დღის წინ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ოჯახი ითხოვს დაისაჯონ ზურაბ ადეიშვილი, გურამ დონაძე, ქალაქის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი ირაკლი წერეთელი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და ასევე თბილისის პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე.