ეკა მიშველაძე "არ მინდა, ჩემმა ცნობადობამ ჩემს შვილს ხელი შეუშალოს!.."

ეკა მიშველაძე "არ მინდა, ჩემმა ცნობადობამ ჩემს შვილს ხელი შეუშალოს!.."

ტელეჟურნალისტ ეკა მიშველაძის შვილი მაკო კვიტაიშვილი "ახალი ხმის" კონკურსანტებს შორის ბრმა კასტინგზე უკვე ვიხილეთ. მაკომ თავისი შესრულებითა და გარეგნობით მწვრთნელების მოხიბვლა მოახერხა, მათ შორის კი დათო ფორჩხიძე აირჩია. რინგიც უკვე შედგა, რომელსაც მაყურებელი ეტაპობრივად იხილავს. ეკასა და მაკოს შინ ვესტუმრეთ ინტერვიუს ჩასაწერად.

ეკა:

- სახლში თუ სადმე სხვაგან ჩვენ ყოველთვის ვმღერით თუმცა ასე სერიოზულად მაკომ ამაზე ფიქრი ჰოლანდიაში ყოფნის დროს დაიწყო. სასწავლებლად გაემგზავრა ერთი წლით. იქიდან სხვანაირი დაბრუნდა. მაკოს ერთ განსაკუთრებულ თვისებას აღვნიშნავ, თავდაუზოგავი შრომით ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. ჩემთვის არ გაუმხელია, მაგრამ, როგორც ჩანს, სულ უნდოდა სიმღერა.

მაკო:

- ჰოლანდიაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ რადგან შორს ვიყავი სახლიდან, მინდოდა, რაღაცაში მეპოვა საკუთარი თავი, იმ სფეროში, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ჩემი ერთ-ერთ შავკანიანი მეგობარი მღეროდა. სმენა ყოველთვის მქონდა, მაგრამ სცენაზე არასდროს მიმღერია, მერე კი ვიფიქრე, რატომაც არ უნდა დავიწყო სიმღერა-მეთქი.

- ჟურნალისტობა არ გნდომებია?

- სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ დიზაინის ფაკულტეტზე, ტყავის განხრით. რაც შეეხება ჟურნალისტობას, დღემდე არ ვარ ამის წინააღმდეგი და მაქვს ამ მიმართულებით ჩანაფიქრი. მსურს, მხიარული თოქშოუ წავიყვანო. მინდა, ხალხს ვასიამოვნო. ამას ვაკეთებ სიმღერითაც. ჰოლანდიაში გავარკვიე, ვინ იყო ვოკალის საუკეთესო პედაგოგი, ესპანელ კაცთან მივედი. დედა ხშირად მასმენინებდა "ბითლზს" და ყესტერდაყ ვუმღერე ჩემი ინტერპრეტაციით. ძალიან მოეწონა და მითხრა, არის რაღაც შენში, რაც სხვებს არ აქვთო.

მე და ჩემი შავკანიანი მეგობარი სკოლის ტალანტების შოუზე გავედით. "ფინქის" სიმღერაზე ხალხი ტიროდა. იმ დღეს მივხვდი, რომ სცენიდან ჩამოსვლა არ მინდოდა.

ეკა:

- მე ვიდეო გამომიგზავნა, გაკვირვებული ვიყავი, როდის ისწავლე ასე სიმღერა-მეთქი. გაიმარჯვა და ერთ-ერთ გაზეთშიც მოხვდა. ამის მერე დაიწყო სერიოზულად ფიქრი სიმღერაზე.

მაკო:

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვეძებდი მასწავლებელს, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს. ვიპოვე კიდეც ასეთი, მისი სწავლების მეთოდი ყველასგან განსხვავდება და ჩემთვის მისაღებია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილზე ვიყავი ჯერ. საერთოდ, ცოტა ზარმაცი ვარ და გადაწყვეტილებებზეც ბევრს ვფიქრობ. შეიძლება, ჩაცმული ვიყო და კარი აღარ გავაღო, რომ გარეთ გავიდე, დავჯდე და ჩემთვის ვიმღერო. ახლა საკუთარი თავის ძიებაში ვარ და დღემდე ვერ გავერკვიე ბოლომდე, რა მინდა.

- ეკა, "ახალ ხმაში" მისვლაც სიურპრიზი იყო შენთვის?

- მაკო სიურპრიზებით აღსავსე ადამიანია. ძალიან ბევრს ფიქრობს გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ ამას არ გაჩვენებს და მერე გაყენებს ფაქტის წინაშე. ჩემთვის შოკია ხოლმე. ასე იყო სწორედ, როცა "ჯეოსტარზე" გავიდა. ეტყობა, დედის ეგოისტური მომენტია, გინდა, შენი შვილი უსიამოვნო ემოციებისგან დაიცვა. შესაბამისად, მე კონკურსებში ჩემი შვილების მონაწილეობის წინააღმდეგი ვარ. თავად აზარტული ვარ, მაგრამ როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება, არ მომწონს. ჩემი შვილები ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც თავად უნდათ. "ჯესოტარზე" რომ ვერ მოხვდა, ეს შედეგიც ნორმალურად მიიღო და ახლანდელიც, როცა მოხვდა კონკურსზე.

- არ გაგიკვირდა, რომ მაშინ არ მიიღეს?

- მაშინაც გამიკვირდა და ახლაც გაკვირვებული ვარ. იმიტომ კი არა, რომ ველოდებოდი, მაკო ისეთია, ყველა გადაირევა-მეთქი, უბრალოდ, მას აქვს რამდენიმე ისეთი შტრიხი, რაც არტისტისთვის, სცენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას როგორც დედა არ ვამბობ, ძალიან კაშკაშა პიროვნებაა. მისი ეს თვისებები, ჩემი აზრით, დასაკარგი არ იყო, თუმცა ეს თემა ახლა აღარ არის საინტერესო. გამიხარდა, რომ ფარ-ხმალი არ დაყარა, ე.ი. სიმღერა ძალიან უნდა. ერთადერთი, რისიც მეშინია, არის ის, რომ მაკოზე ჩემმა ცნობადობამ ცუდად არ იმოქმედოს და ხელი არ შეუშალოს. გარშემო მყოფებს, მონაწილეებს, შემფასებლებს ეს კომპლექსი უჩნდებათ. როდესაც გამოიკვეთება განსხვავებული პიროვნება და თანაც ცნობილი ადამიანის შვილია, ეს კომპლექსი ხშირად ჩნდება. რადგან სირცხვილია, რომ თუნდაც ერთ სიტყვას იტყვი ვინმესთან შენს შვილზე. ყველა საკუთარ თავს თვითონ ავლენს და რაიმე თუ არის დასანახი, ამას ისედაც დაინახავ. პირველ კონკურსზე არ მივსულვარ, მეორეზე კი მაკომ ძალიან მთხოვა, ამიტომ "ახალი ხმის" ბრმა კასტინგზე მივედი. არ მინდა იცოდნენ, რომ ჩემი შვილია და არავის არ ვეუბნები ხოლმე, უბრალოდ, ძალიან გვამსგავსებენ ერთმანეთს და ყველა, ვინც მე მიცნობს, ხვდება, რომ მაკო ჩემი შვილია.

მაკო:

- ვამაყობ, რომ დედაჩემი ეკა მიშველაძეა. პატარაობისას, როცა ცნობილ ადამიანებს მაცნობდნენ ხოლმე, ისინი მიმახსოვრებდნენ, როგორც ეკას შვილს. თუმცა, მინდა, დამიმახსოვრონ ჩემი სახელით და ვიყო ცნობილი სახე. სანამ საქართველოში ცნობილი სახე არ გავხდები, მანამდე არ გავჩერდები. მინდა, საზღვარგარეთაც გავიდე და პოპულარობა მოვიპოვო. დედაჩემისთვის დახმარება ამ კუთხით არასდროს მითხოვია, ოჯახურ თემებს თუ არ ჩავთვლით. არც სამსახურის მოძებნაში მითხოვია დახმარება. 15 წლის ასაკში ჰოლანდიაში დავიწყე მუშაობა. იქ გავიგე ფულის გემო. დედა ყოველთვის მიგზავნიდა, მაგრამ მრცხვენოდა, რომ მხოლოდ მე არ ვმუშაობდი და ამიტომაც სხვადასხვა სამსახური გამოვიცვალე.

ეკა:

- ერთხელ მატირა ამის გამო. ახლაც ცრემლები მაქვს თვალებზე... ერთხელ დავურეკე და ვუთხარი, ახლა ფული არ მაქვს და ცოტა ხანში გამოგიგზავნი-მეთქი და მიპასუხა, დედა, არ მინდა გამოგზავნა, მეზობელს ღობე შევუღებე და გადამიხადესო. მოგიკვდეს დედა-მეთქი, გული კინაღამ გამისკდა (იცინის). მთელი ღამე არ მიძინია.

მაკო:

- ოჯახში ვცხოვრობდი. იქაური დედობილი ხშირად მთხოვდა ხოლმე დახმარებას და ვინაიდან ჭრა-კერვა მეხერხება, ხელიდან კარგად გამომდის ბევრი რამ, სახლში ვღებავდი სკამებს, მაგიდებს. მერე მეზობელმა მთხოვა, ღობე შემიღებეო და 50 ევრო გადამიხადა. მერე მიმტანად დავიწყე ბარში მუშაობა და ჩემი ნახევარი კლასი იმავეს აკეთებდა. ამსტერდამში მოდელადაც მიმუშავია.

ეკა:

- აქაც ძალიან მეხმარება. სიმღერით ორ კაპიკს შოულობს და ძალიან მეხიდება. გზის ფულს რომ არ გამოგართმევს, უკვე კარგია.

- გარეგნული მსგავსება თქვენ შორის აშკარაა.

- არ მივიჩნევთ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მაკო ძალიან ჰგავს მამამისს. ეტყობა, რაღაც შტრიხები აქვს ჩემი. რა თქმა უნდა, შორიდან უფრო ვიჭერ მსგავსებას, მაგრამ ნაკვთები ერთნაირი არ გვაქვს. მე და ანა უფრო ვგავართ ერთმანეთს. მაკო მომწონს და თუ ასეთი ვარ, ძალიან კარგი ვყოფილვარ ვიზუალურად (იცინის).

- შავკანიანს ჰგავს...

- მამა არ ჰყავს შავკანიანი (იცინიან). მე რომ მაკოს ასაკის ვიყავი, ბევრჯერ უკითხავთ ხუმრობით, ფერადკანიანი ხომ არ გყოლია ვინმე წინაპრებშიო. შესაძლოა, მყავდა კიდეც. წინაპრებიდან ვისზეც მიმიწვდებოდა ხელი, ყველას ვკითხე და ამბობენ, არავისთან შეგვიცოდავსო (იცინის). ერთხელ, როდისმე რომ მოვიცლი, პენსიაზე რომ გავალ, უნდა ჩავუჯდე ამ ამბავს.

მახსოვს, "ჯეოსტარზე" რომ გამოდიოდა, მარინა ბერიძემ ჩაილაპარაკა, შავკანიანის პირის აპარატი აქვსო. მაშინ ნერვიულობდა და ასეთი თამამი არ იყო. ალბათ ამიტომაც არ აიყვანეს. მაკო ამის მერე უფრო ჩავარდა აზარტში.

მაკო:

- შავკანიანობაზე კარგი ამბავი მაქვს - სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. დირექტორის კაბინეტში არასდროს ვყოფილვარ, რადგან არაფერს ვაშავებდი. თურქეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, კარგად გარუჯულს ლურჯი ფერი მაქვს ხოლმე და არ ვჩანვარ. მივედი სკოლაში და დავჯექი. მასწავლებელმა მითხრა, დირექტორი გიბარებსო. ძალიან გამიკვირდა. შევედი თუ არა, მეუბნება - სულ მინდოდა მეკითხა, დედა გყავს ზანგი თუ მამაო (იცინის).

- ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ერევით?

ეკა:

- არასდროს ჩავრეულვარ და არც ჩავერევი. მიუხედავად ამისა, ჩემი შვილები ყოველთვის მეკითხებიან რჩევებს. მე ვპასუხობ, რომ მათი გადასაწყვეტია. არ მაქვს იმის ილუზია, რომ მაკო ყოველი ფეხის ნაბიჯზე მაბარებს ანგარიშს, მაგრამ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ამბებს მიყვება ხოლმე და ამის გამო მადლობელი ვარ. მხოლოდ კლასიკური გაგებით, დედა-შვილი არ ვართ. ჩემი შვილები ისევე მიდგანან გვერდში, როგორც მე მათ. არის რაღაც ამბები, არცთუ შორეული წარსულიდან, რასაც ახლა არ მოვყვები, მაგრამ მაკო რომ დაქალდება, მერე აუცილებლად მოგიყვებით და გარწმუნებთ, ძალიან იცინებთ ჩემზეც და მასზეც.

მაკო:

- დედა უფრო მიზიარებს თავის ამბებს. დედა ყოველთვის ყველაფერს მიყვება. ზოგჯერ მგონია, რომ ეკაა ჩემი შვილი. ჩაცმულობიდან დაწყებული, ჩემი და ჩემი დის აზრი აინტერესებს. თუკი რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ყოველთვის უნდა, მასთან ერთად ვიყოთ. პირადულს რაც შეეხება, თავიდან მიჭირდა ხოლმე მოყოლა, მაგრამ საკუთარ თავთან დატოვება უფრო არ მინდოდა და პირველ რიგში, დედასთან ვამხელდი. ყოველთვის სწორ რჩევებს მაძლევდა. თუკი არ დავუჯერებდი, ამასაც არა უშავს, რადგან მინდა, ბევრი შეცდომა დავუშვა და ამაზე ვისწავლო.

ეკა:

- შეკითხვა ის იყო, დედა თუ გიზიარებს პირადი ცხოვრების ამბებსო. რამდენჯერ დამხმარებიხარ, ეს უნდა მოგეყოლა. ძალიან კარგია, როდესაც ასეთი დიდი შვილები გყავს. ხან მაკო ყოფილა რთულ დროს ჩემთან, ხან - ანა. ბედნიერი ვარ, რომ სწორი ფასეულობები აქვთ. უსიტყვოდაც გამოუხატავთ ჩემთვის მხარდაჭერა. როცა ემოციასთან არის რაღაც დაკავშირებული და გტკივა, ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, როცა ერთ ასეთ მომენტში, როდესაც ემოციურად არცთუ კარგად ვიყავი, მე და მაკო ერთად წავედით ზღვაზე, რომ ეს პერიოდი გადამეტანა. მივიჩნევ, რომ ძალიან მეგობრული ოჯახი ვართ და არანაირი ზღვარი არ გვაქვს ერთმანეთთან.

- "ახალ ხმასთან" დაკავშირებით სირთულეებს ალბათ ერთად გადაიტანთ...

- მე აღარ წავყვები. ახლა რინგს დავესწარი და ძალიან რთული ყოფილა იმის ყურება, როცა შენს შვილს უყურებ და იცი, რომ შეიძლება გააგდონ. არ შემიძლია იქ სიარული, მირჩევნია, ტელევიზიით ვუყურო.

მაკო:

- რინგიდან რომ გამოვედი, დედაჩემი ტიროდა. ალბათ ვერ გადაიტანს ჩემს მონაწილეობას (იცინის). რინგი ძალიან სანერვიულო იყო. სცენაზე დგომისას სიმღერასთან ერთად კამერასა და ხალხთან მუშაობაზე უნდა იფიქრო. ჩემთვის ეს პირველი იყო და არ გახლდით გამოცდილი ამ მხრივ. ძალიან დიდ რაღაცას შევეჭიდე. ბევრს შეიძლება, ძალიან მაგრად მოეწონო, ბევრს - არა. მზად ვარ, მივიღო კრიტიკა, თუკი დაუმსახურებელი იქნება, აუცილებლად გავცემ ყველას პასუხს, თუ გასათვალისწინებელი იქნება, გავითვალისწინებ. ვაპირებ, ვიყო სცენაზე და ეს მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, უფრო დიდ სცენებზე გამოვალ და უფრო მეტად გამოცდილი და ნასწავლი ვიქნები.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები