ირაკლი ოქრუაშვილი არავითარ საპროცესი გარიგებაზე წასვლას არ აპირებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქართველოში ჩამოსვლით ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობა გაჩნდა.
"საპროცესო გარიგებაზე წასვლა რომ ყოფილიყო მიზანი და ამ გზით გათავისუფლება, ის უბრალოდ არ ჩამოვიდოდა და დაველოდებოდით იმ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც ძველი საქმეების გადასინჯვას გულისხმობს. ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ მისი ფიზიკურად შემოსვლა საქართველოში აჩენდა ერთადერთ შანსს, რადგან სხვა ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა გაშვებული იყო ხელიდან. განაჩენი იყო დაუსწრებლად გამოტანილი და მისი ჩამოსვლით გასაჩივრების შესაძლებლობა იყო. ირაკლი ჩამოვიდა, ჩაჯდა ციხეში და ელოდება სამართლიან სასამართლოს", - განაცხადა კორძაძემ.
ადვოკატების თქმითვე, ირაკლი ოქრუაშვილი მის მიმართ გამოტანილ განაჩენს 11-წლიან პატიმრობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს.