დავინტერესდით, რა გეგმები აქვს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა ახალ მინისტრ სოზარ სუბარს და როგორ აირიდებს თავიდან მოსალოდნელ პროვოკაციებს მაშინ, როცა არსებობს მოსაზრება, რომ რევანშისტული ძალები საბოტაჟს სწორედ ციხიდან დაიწყებენ.
- პრობლემები ყველაზე მწვავედ სასჯელაღსრულების სისტემაში გამოჩნდა. მთელი ქვეყანა თითქოს ციხედ იქცა. ამიტომაც ჩვენი უპირველესი საზრუნავია პატიმრებით გადავსებული ციხეების განტვირთვა. ერთი მხრივ, ჩვენი მიზანი ამ სისტემის ჰუმანიზაციაა, მეორე მხრივ - წესრიგის დამყარება.
როცა ციხეების განტვირთვაზე ვლაპარაკობ, ეს თავისთავად არის დაკავშირებული პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ავადმყოფების პატიმრობიდან გათავისუფლება და გადარჩენა პრობლემატური საკითხია. ჩვენ გასათავისუფლებელი პატიმრების სია უნდა გადავუგზავნოთ ექსპერტიზას. ექსპერტიზას, სულ ცოტა, სამი თვე მაინც სჭირდება, ამასობაში პატიმარი შეიძლება დაიღუპოს. თუ ასე არ მოხდა და ექსპერტმა დაწერა დასკვნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პატიმრის გათავისუფლება აუცილებელია, მერე სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. არც ის არის გამორიცხული, მოსამართლემ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს. აქ უკვე ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
- არსებობს უკმაყოფილება თქვენ მიერ დანიშნული კადრების მიმართ, გურამ კერესელიძე რატომ დანიშნეთ სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა? მართლა მონაწილეობდა კერესელიძე 7 ნოემბრის დარბევაში?
- ამის შესწავლა არ დამიწყია. როგორც კი ექიმებმა უარყოფითი აზრი გამოთქვეს, მაშინვე გავათავისუფლე.
- სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულების დირექტორის, ლევან აბურჯანიას დანიშვნა და მალევე გათავისუფლება რატომ გადაწყვიტეთ?
- ვიღაც პატიმარს უთქვამს, აბურჯანია დაგვემუქრა, ბაჩო ახალაიას დრო სანატრელი გაგიხდებათო, მაგრამ არავინ გამოჩნდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას პირადად დაემუქრა აბურჯანია. მის გათავისუფლებაში გადამწყვეტი უფრო ის ინფორმაცია იყო, რომელიც აბურჯანიას წარსულ საქმიანობაზე მივიღეთ. ის იყო შს სამინისტროს კადრი, მაღალი დონის პროფესიონალი, მან შეძლო ლოტკინზე წესრიგის დამყარება, თუმცა, ამბობენ, რომ ეს მთლად კანონიერად არ მომხდარა. მან თავად დაწერა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება.
ჩვენ ყველას შესახებ შევისწავლით ინფორმაციას, მაგრამ ისეც ვერ ვიზამთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემა, შსს, პროკურატურა და ა.შ. კადრების გარეშე დარჩეს. კარგად ვიცნობ ამ სისტემას და მინდოდა, თავად გამეკეთებინა ის საქმე, რომლისთვისაც ადრე სხვებს შენიშვნებს ვაძლევდი. სიმკაცრე და პრინციპულობა საკმაოდ რთულ პერიოდში გამოვავლინე, როცა ხელისუფლების შიშით ბუზიც არ დაფრინავდა თავისუფლად.