გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარედგინა.
როგორც მთავარი პროკურატურიდან გამოსულმა გიორგი კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კალანდაძეს 143-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, ეპიზოდი ეხება ზვიად აბესაძეს. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან კავშირი აღარ აქვს და ეს უფრო პოლიტიკურ დევნას ჰგავს.
აღნიშნული ეპიზოდი, ადვოკატის თქმით, გაგა მკურნალიძის ჩვენებიდან გამომდინარე გაჩნდა.
გოგიტა გაბაიძის თქმით, საქმე საკმაოდ ვრცელია და შესაბამისად, მის შესწავლას დრო დასჭირდება და მას შემდეგ გაკეთდება დამატებითი კომენტარები.
გიორგი კალანდაძის დაკითხვა პროკურატურაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.