19 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართება მოკლე დოკუმენტური ვიდეორგოლის "ასე ფიქრობენ ბავშვები" პრეზენტაცია, რომელიც აჩვენებს 6-დან 11 წლამდე მოზარდების დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ.
"ღია საზოგადოება - საქართველოს" ინფორმაციით, გამოფენასა და ფილმის პრეზენტაციას წინ უძღვის ორსაათიანი სემინარი ჟურნალისტებისთვის, რომელიც ეძღვნება ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული თემების გაშუქებას ეთიკის პრინციპების დაცვით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ძალადობაგანცდილი ბავშვების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მეტად ტრავმირება.
სემინარს ატარებს ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდიდან.