"ველური ვარდი" ვერონიკა კასტრო 80 წლის გახდა. მსახიობს, რომელიც მილიონ ადამიანს უყვარდა, საკუთარი სიყვარული არ გააჩნია. მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის კარგად ნაცნობი მექსიკელი ამჟამად ტელეწამყვანობითა და სიმღერითაა დაკავებული.
მარიანა ფილმიდან "მდიდრებიც ტირიან" და როზა "ველური ვარდიდან" თავისი მუქთმიანი გმირიდან მომხიბლავ ქერა ქალბატონად გადაიქცა. მსახიობი თავის ასაკთან შედარებით ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ამიტომაც იყო, რომ სერიალში "ველური ვარდი" 35 წლის ვერონიკამ ჩვიდმეტი წლის გმირი განასახიერა.
ორივე სახელგანთქმულ ფილმში კასტრომ სიმღერები თავად შეასრულა, რომელიც მაყურებელმა ისე კარგად მიიღო, რომ ვერონიკა ახლაც ასრულებს ამ სიმღერებს საყვარელი თაყვანისმცემლებისთვის.
სერიალმა "მდიდრებიც ტირიან" თავის დროზე მთელი საბჭოთა სივრცე დაიპყრო. საშუალო შეძლების ზოგიერთი ადამიანი ცდილობდა ფილმის ფაბულა რეალურ ცხოვრებაში განეხორციელებინა, შვილებს სერიალის გმირების სახელებს არქმევდნენ, რომელთა შესახებაც შემდეგ ანეკდოტებს თხზავდნენ.
ამჟამად მსახიობი პოპულარული ტელეწამყვანია, ჰყავს ორი შვილი და არასდროს ყოფილა გათხოვილი.
ბავშვობის ახდენილი ოცნება
ხომ ამბობენ: ბედი მომეცი და... ვერონიკა კასტრო ლამაზია, წარმატებული, მილიონობით მაყურებლის საყვარელი მსახიობი, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ შექმნა ოჯახი. უნდა ითქვას, რომ მის ცხოვრებაში იყო სასიყვარულო რომანები, ამასთან, მსახიობი ირწმუნება, რომ როლებისა და ფულის გამო არასოდეს არ თანხმდებოდა ინტიმურ ურთიერთობებზე, ყოველთვის ამაყი და დამოუკიდებელი ქალი იყო. გაჭირვება, ღარიბული სადილი და ცუდი ტანსაცმელი, პირველ რიგში, ვერონიკა კასტროს თავის ბავშვობას ახსენებდა. დედამისი გაჭირვებით უძღვებოდა ოჯახს, უჭირდა ვერონიკას, მისი დისა და ორი ძმის რჩენა. მდივნის დაბალი ხელფასი თვიდან თვემდე არ ჰყოფნიდა ოჯახს. ბავშვებს ისღა რჩებოდათ, მომავალზე ეოცნებათ. უმცროსი და-ძმების გამუდმებული ტირილისას, ვერონიკა ყურებზე ხელებს იფარებდა, თვალებს ხუჭავდა და წარმოიდგენდა, რომ გაიზარდა, გალამაზდა, მოდურად ეცვა და გარს თაყვანისმცემლები ეხვია. გოგონა ხვდებოდა, რომ ოცნება ოცნებად დარჩებოდა, თუ გულზე ხელს დაიკრეფდა და არაფერს მოიმოქმედებდა. სკოლაში თუ საჭირო იყო ცეკვა ან ლექსის გამოთქმით წაკითხვა, შეთავაზებას ყოველთვის დიდი სიხარულით თანხმდებოდა. მონაწილეობდა თვითშემოქმედებით სპექტაკლებში, სპორტით იყო დაკავებული, რადგანაც მცირე ასაკიდან თანაკლასელები დაცინვით ჯუჯასა და ხოზოს ეძახდნენ. და აი, პირველი გამარჯვებაც: 12 წლის ვერონიკა სილამაზის დედოფალი გახდა! მართალია სკოლაში, მაგრამ პირველი ნაბიჯი გადაიდგა.
ბედნიერი ბილეთი
ვერონიკა არასოდეს ყოფილა მოკრძალებული ბავშვი. ყოველთვის ცდილობდა, თავი წარმოეჩინა და ყველასთვის შესამჩნევი ყოფილიყო. შემთხვევამაც არ დააყოვნა და კასტროს ბედნიერი ბილეთი აჩუქა, ვერონიკამ გავლენიანი დეპუტატი გაიცნო. მას ძალიან მოსწონდა გოგონას დიდი და გულუბრყვილო თვალები. კასტრომ დეპუტატს სხვათა შორის უთხრა, რომ მსახიობობაზე ოცნებობდა. დეპუტატმა ღარიბი გოგონას დახმარება განიზრახა, ახალგაზრდა ლამაზმანი თეატრალური აკადემიის ხელმძღვანელ ანდრეს სოლერს გააცნო. ვერონიკამ აქაც იყოჩაღა, სოლერს სთხოვა მისი ნათლია გამხდარიყო, ამასთან მოახერხა მისთვის სტიპენდიაც დაენიშნათ. მისმა მოხერხებულობამ გაამართლა.
კასტრო არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. მას კომიქს-ფოტონოველებში შესთავაზეს გადაღება და კასტროც წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა. 16 წლისამ მექსიკური ჟურნალ "კაბალიეროსთვის" შიშველი ფოტოები გადაიღო. დედა და ძმები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, უსირცხვილოდ მოიხსენიებდნენ. უკვირდათ, როგორ გაბედა ყმაწვილმა ქალმა ასე მოქცეულიყო. ვერონიკას კი მართლა არ რცხვენოდა, მიუხედავად ამისა, მაინც შეჰპირდა დედას, რომ მსგავს საქციელს აღარასოდეს ჩაიდენდა. მალე გოგონას გაუმართლა და იუმორისტულ ტელეპროგრამა "ჰა-ჰაში" მოხვდა. ეს მართლაც გამარჯვება იყო, გადაცემა სახელგანთქმულ კომიკოს მანუელ ვალიდეს მიჰყავდა. ვერონიკამ მეტყველების ტექნიკასა და ხმის დაყენებაზე, ვოკალის დახვეწაზე დაიწყო მუშაობა. მომავალმა მსახიობმა ტელევიზიას რადიოს წამყვანობაც შეუთავსა, რაც მხოლოდ მარტო მისი ნიჭის დამსახურება არ იყო.
მარტოხელა დედა
1974 წლის დეკემბერში კასტროს პირველი ვაჟი, კრისტიანი შეეძინა და მარტოხელა დედა გახდა. ჟურნალისტები გამუდმებით განიხილავდნენ ამ თემას, ბავშვის მამის ვინაობას იკვლევდნენ. ამ მდგომარეობამ ვერონიკა არ დათრგუნა: "დაე, იცოდნენ, როგორი ვარ სინამდვილეში. ჩემთვის ქორწინება ორი ადამიანის ურთიერთობაა, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი, პატივს სცემენ, ერთი ინტერესით ცხოვრობენ. "ეკონომიკური" მოსაზრებით გათხოვების წინააღმდეგი ვარ. დაე, ყველამ იცოდეს, ვამაყობ, რომ მარტოხელა დედა ვარ. დამოუკიდებლად შემიძლია ვარჩინო საკუთარი თავიც და შვილებიც და სულ ვერ ვხედავ ქორწინების აუცილებლობას", - პასუხობდა ვერონიკა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს.
ვინ იყო კრისტიანის მამა, გაცილებით გვიან გაირკვა. როდესაც კრისტიანი გაიზარდა და პოპულარული საესტრადო მომღერალი გახდა, აღიარა, რომ მისი მამა მანუელ ვალიდესი იყო, სწორედ ის კომიკოსი გადაცემიდან "ჰა-ჰა".
ბავშვთან მარტო დარჩენილი ვერონიკა სულიერად არ დაეცა. იგი ჯიუტად მიიწევდა წინ, ინსტიტუტი დაამთავრა, თეატრალური სპექტაკლისთვის "კოკეტი" "საუკეთესო მსახიობის" პრემია მიიღო. მალე კინოშიც მიიწვიეს და მისი ოცნებაც ახდა: ვერონიკა სერიალში "მდიდრებიც ტირიან" მთავარ როლზე დაამტკიცეს. იგი გაიცნო და შეიყვარა მთელმა მსოფლიომ, უკვე პოპულარობის პიკზე იყო, რომ მეორედ დაფეხმძიმდა და კვლავ ქორწინების გარეშე გააჩინა ბავშვი. ამ ფაქტამდე შვიდი წლის განმავლობაში მსახიობ ენრიკე ნიემბროსთან სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა.
მთელი მექსიკა ყურადღებას ადევნებდა შეყვარებულების თითოეულ ნაბიჯს, მაგრამ მექალთანე ენრიკემ უღალატა, კასტრომ არ აპატია.
ბავშვების გაზრდაში დედა ეხმარებოდა, თავად მსახიობი ბევრს მუშაობდა, რომ როგორმე ოჯახი ერჩინა. ყოველთვის ცდილობდა შვილებისთვის ყურადღება მიექცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ახერხებდა...
მორიგი კაცები
იყო წარმატებული და პოპულარული, არც ფული აკლდა, მაგრამ კაცებში კვლავინდებურად არ უმართლებდა. ყველას ეგონა, რომ მისი ორწლიანი რომანი მსახიობ ომარ ფიეროსთან ქორწინებით დაგვირგვინდებოდა. შემდეგ ფოლკმომღერალ ადოლფ ანხელს გაუმიჯნურდა... მისი ურთიერთობა მსახიობ ხორხე მარტინესთან მთელი ქვეყნის განსჯის საგანი გახდა. წყვილის დაშორება კინაღამ ნაციონალურ ტრაგედიად გადაიქცა.
შემდეგ იყო კავშირი სერიალ "ჯოჯოხეთი პატარა ქალაქში" პარტნიორ ხუან სოლეროსთან... მაგრამ შეეცნო რა იყო ოჯახური იდილია, ვერონიკამ ვერ მოახერხა.
ვერონიკა არ კარგავს პოპულარობას. "პლეიბოის" ხელმძღვანელებმა ეროტიკული ფოტოსესიის გაკეთება შესთავაზეს, მაგრამ მსახიობმა უარი თქვა, სამაგიეროდ, უმცროსი შვილის მიშელის წინადადებას მის ფილმში გაშიშვლებულიყო, დათანხმდა და 16 წლის წინ დედისადმი მიცემული ფიცი გატეხა, რადგანაც მისთვის კარიერა ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.
ვერონიკა არ აპირებს დანებებას, კვლავ დაუღალავად შრომობს, თავს ახალგაზრდად მიიჩნევს, ამბობს, რომ არგენტინელ მიკროქირურგ ხოსე ხურისთან ნაცნობობის შემდეგ სიბერის არ ეშინია. ახლახან კასტრო ბებია გახდა. შვილიშვილის დაბადება პრესიდან შეიტყო, მსახიობს რძალთან, კრისტიანის ცოლთან ურთიერთობები არ აეწყო. ბიჭმა ცოლი მიატოვა, ქალმა კი მამობის უფლება წაართვა. სამწუხაროა, მაგრამ ვერონიკას შვილიშვილების ნახვის უფლება არ აქვს. მსახიობს ხშირად ნახულობენ ტაძარში, იგი მთელი გულით სთხოვს ღმერთს დახმარებას. მსახიობს წრფელად სწამს, რომ მაცხოვარი მას თუ არა, მის შვილებს აუცილებლად გააბედნიერებს...
(გამოდის ორშაბათობით)