ბაია დვალიშვილი მსახიობ მარინე თბილელისა და რეჟისორ აკაკი დვალიშვილის ოჯახში დაიბადა. თბილელი ქალბატონი მარინეს ფსევდონიმი იყო, რომელიც პირველმა ქმარმა, აკაკი ვასაძის შვილმა, გოგიმ მისცა, სწორედ მისგან შეეძინა პირველი ვაჟი კაკული, 23 წლის შემდეგ კი მეორე ქორწინების შედეგად გაჩნდა ბარბარე, იგივე ბაია დვალიშვილი, რომელიც დედას საოცრად ჰგავს. ეს ფაქტი მასში ადრე პროტესტს იწვევდა, მაგრამ ახლა უკვე სიამოვნებს იმის გაგება, რომ დედას ჰგავს. პროფესიულად მის გზას გაჰყვა, მაგრამ, დედისგან განსხვავებით, თავს იღბლიან და წარმატებულ მსახიობად არ მიიჩნევს.
- ბაღში არ დავდიოდი, სულ სახლში ვიჯექი და ძიძები მზრდიდნენ, რომლებიც თვეში ერთხელ იცვლებოდნენ. მაშინ ეს სისტემა ასე კარგად განვითარებული არ იყო, ამიტომ ხან ვინ ცხოვრობდა ჩვენთან და ხან ვინ.
- ახალ-ახალ ადამიანთან არ გიჭირდათ შეგუება?
- ალბათ, არა, რადგან ეს მომენტი მძაფრად არ მახსოვს. ჩემი მშობლები ყოველთვის ძალიან დაკავებული იყვნენ, რის გამოც ხშირად მიწევდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. მიმაჩნია, რომ კარგია, საკუთარ თავთან კონფლიქტი თუ არ გაქვს და გსიამოვნებს მარტო ყოფნა. დღემდე მიყვარს მარტოობა, თითქოს სიმშვიდეს მანიჭებს, ამ დროს უფრო სხვანაირად ვახდენ გრძნობებისა და ყურადღების მობილიზაციას. იმას, რომ ძიძები მზრდიდნენ, ცუდი კვალი არ დაუტოვებია ჩემს ცხოვრებაში.
- რამდენადაც ვიცი, სკოლის პერიოდი კარგად არ გახსენდებათ, რა არის ამის მიზეზი?
- კარგად ნამდვილად არ მახსენდება. ჩემმა შვილმა სკოლაში სიარული რომ დაიწყო, ძალიან ვღელავდი, მინდა, ეს 10-12 წელი მისთვის იყოს გაზრდის, განვითარებისა და ინდივიდუალურ პიროვნებად ჩამოყალიბების პერიოდი, არ დაკარგოს ეს წლები ისე, როგორც დავკარგე მე და არ მოაკლდეს განათლება, როგორც დავრჩი მე და რისი ანაზღაურებაც აქამდე ვერ შევძელი.
- რამ განაპირობა ის, რომ სკოლის პერიოდში განათლება მოგაკლდათ?
- ყველაფერმა ერთად. სისტემამაც, პერიოდმაც, მენტალობამ, პირველ რიგში.
- სწავლა მნიშვნელოვანი არ იყო?
- საზოგადოების დამოკიდებულება, რა გიფასდებოდა შენი სწავლით, რა არა, როგორ იღებდი ამ განათლებას და ა.შ. ეს ძალიან რთული თემაა.
- ხშირად ამბობთ, როდესაც დედას მამსგავსებდნენ, პროტესტის ნიშნად ვამბობდი, მამას ვგავარო, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით დედის გზას გაჰყევით. როგორ შეხვდა ამას მამა? რამდენადაც ვიცი, წინააღმდეგი იყო თქვენი მსახიობობის, თუმცა დღეს წარმატებული მსახიობი ხართ...
- უამრავი წელი მაქვს დაკარგული უმოქმედოდ, როცა ძალიან მინდოდა თამაში, ვიყავი ახალგაზრდა და უფრო მეტისა და ხარისხიანის კეთება შემეძლო. დაახლოებით 15-20-მა წელმა, ჩემი დახმარებით თუ თავისდაუნებურად, ძალიან ფუჭად ჩაიარა, მომიწია იმ პერიოდში ცხოვრებამ, როცა ხდებოდა კატაკლიზმები და ჩვენი საქმისთვის დიდად არ ეცალათ. არ მივიჩნევ თავს იღბლიან მსახიობად, რადგან არ შედგა არც ერთი პროექტი, რაც უკეთესობისკენ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, უფრო საინტერესოს გახდიდა ჩემს შემოქმედებით გზას.
- რთულ პერიოდში თქვენ თოჯინების კეთებას მიჰყავით ხელი...
- დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი გატაცებული თეატრალური ფიგურების კეთებით, რამაც შემდეგ დიდი სიხარული მომიტანა. ჩემი მეგობარი ნინო არსენიშვილი და მე ვისხედით ჩემს გაყინულ სახლში, გვეცვა შუბები, რადგან ძალიან ციოდა. ახალი წელი ახლოვდებოდა, ნინიკომ მითხრა, რაღაც მოვიფიქროთ და გავაკეთოთ, თორემ ჩვენ ასე გავგიჟდებით. მე ვიცი პურისა და მარილისგან როგორ კეთდება ცომი, შობა მოდის, მოდი, საშობაოდ სწორედ ამით გავაკეთოთ საშობაო ფიგურებიო. რასაკვირველია, დავთანხმდი, შევიმუშავეთ რაღაც სხვა ტექნოლოგია და მართლაც ამ გაყინული ხელებით დავიწყეთ ფიგურების გაკეთება, რითაც ძალიან ვისიამოვნეთ და გავერთეთ. პირველად ჩვენი თოჯინები შარდენზე გამოვფინეთ, სადაც 5-7 დოლარად იყიდებოდა, მაშინ 5-7 დოლარი საკმაოდ კარგი თანხა იყო. მერე და მერე კი ისე წავიდა საქმე, რომ 1200 დოლარადაც კი გამიყიდია ჩემი ნამუშევარი.
- ამ დაძაბული პერიოდის შემდეგ თეატრშიც გამოგიჩნდებოდათ ალბათ როლები...
- თეატრალური სარდაფი - ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი იყო ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში. იმ დროს მე დავტოვე რუსთაველის თეატრი და გადავედი თეატრალურ სარდაფში, ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩემი მხრიდან. ინტუიციამ მიკარნახა, რომ უნდა წავსულიყავი იმ თეატრიდან, რადგან ის აკადემიზმი და მონუმენტალიზმი არანაირად არ პასუხობდა იმ პერიოდს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ეს გახლდათ 1997 წელი. მივხვდი, რომ სწორი და მისაღები იყო ის "ანდერგრაუნდი~ და შემოქმედებითი პროცესი, რაც მიმდინარეობდა მიწის ქვემოთ, ანუ თეატრალურ სარდაფში. ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ იმ დროისთვის ასევე ძალიან რთულად დასასაბუთებელი, რატომ დავტოვე ბატონი რობერტ სტურუა, რატომ დავთმე რუსთაველის თეატრის სცენა, ხელფასი და ა.შ. ბოლოს გამოჩნდა, რომ მართალი ვიყავი და ძალიან ბევრმა ინანა მერე, ჩემს გზას რომ არ დაადგა (იღიმება). ეს იყო ყველაზე ბედნიერი წლები, ახალი სისხლი, ახალი ცხოვრება. დღემდე მჯერა, თუ თეატრში ახალგაზრდობა დადის, ეს თეატრალური სარდაფის დამსახურებაა, რადგან სწორედ იქ გაზრდილ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ინტერესი ამ სფეროს მიმართ.
- ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ დედათქვენი, ქალბატონი მარინე, განსაკუთრებულად იცვამდა, სამოსს თუ არა, მისეულ აქსესუარებს თუ იყენებთ დღეს?
- სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ დედა განსაკუთრებულად იცვამდა. უბრალოდ, მას შეეძლო, ისე მიეწოდებინა თავი საზოგადოებისთვის, რომ ეგონათ, კარგად ჩაცმული იყო. არადა, რეალურად დედას ორი-სამი კაბის მეტი გარდერობში არაფერი ეკიდა, ფეხსაცმელს კი ხანდახან ათ წელიწადსაც კი ხმარობდა. ყიდულობდა ნაჭერს, იცოდა, რა უხდებოდა და ისეთ სამოსს აკერინებდა. მისი ჩაცმულობა თვალში საცემი იყო იმიტომ, რომ იმ დროისთვის მეტად მკაფიო ფერებს - ყვითელს, მწვანეს, წითელს ანიჭებდა უპირატესობას, ეს იმდენად კარგად ამახსოვრდებოდა ჩაჟამებულ თბილისს, რომ ეგონათ, მრავალფეროვანი გარდერობი ჰქონდა. რაც შეეხება მისეულ ნივთებს, ძვირფასეულობა კი მაქვს მისეული, მაგრამ ყოველდღიურობაში არ მიყვარს ასეთი სამკაულების ტარება, რეპეტიციაზე, გადაღებაზე ამით მისვლა, მგონი, ცუდი ტონია.
- გყავდათ ძმა, რომელიც ქალბატონმა მარინემ 17 წლის ასაკში გააჩინა და რომელზეც ამბობდით, დედას კაკული ძალიან უყვარდაო. არ ეჭვიანობდით?
- მართალია. სულ ვამბობ, კაკულისა და დედას სიყვარულზე ცალკე წიგნი დაიწერება-მეთქი. კაკული ძალიან საინტერესო და არაორდინარული ადამიანი იყო და მგონია, რომ ბოლომდე თავისი თავის რეალიზება ვერ მოახდინა. მართალია, კარგი ლიტერატორი და მწერალი გახლდათ, მაგრამ იმავდროულად ძალიან ბობოქარი იყო და ბევრი დრო დაკარგა. რაც შეეხება ეჭვიანობას, არანაირად არ მქონია ეს მომენტი, თან ჩვენ ცალკე ვცხოვრობდით, იმავდროულად, ჩემი დაბადებიდან სამ წელიწადში დედა კაკულის მხრიდან ბებია გახდა და როგორ უნდა მეეჭვიანა?! საერთოდაც არ ვარ ეჭვიანი, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავდაჯერებული ვარ, უბრალოდ, იმდენად არ დევს ეს ჩემში და ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელია ღალატი, რომ სხვისგანაც არ ველი ჩემი მისამართით ასეთ ქმედებას.
- რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 17 წლის ასაკში შექმენით ოჯახი და მურმან ჯინორიას მეუღლე გახდით..
- კი, იყო ასე, მაგრამ ეს იმდენად ძველი ამბავია, რომ აღარც კი მახსოვს. გასაკვირი არაა ალბათ, რომ ამ ამბავს ყველა უარყოფითად შეხვდა და ალბათ მართლებიც იყვნენ, რადგან სულელური ნაბიჯი გადავდგი და შედეგიც მალე დავინახე, წელიწად-ნახევარში დაინგრა ჩვენი ურთიერთობა. იმდენად დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი, რომ საუბრისას ჩემში ემოციასაც კი არ აღძრავს, ეს იყო გატაცება და მეტი არაფერი. ზოგადად, ამ ასაკში ოჯახები გატაცებით, ვნებით, პროტესტით ან ჯინით იქმნება.
- რის მიმართ გქონდათ პროტესტი?
- იცით, მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი და არასდროს არ ვლაპარაკობ ამაზე.
- ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მარტო იყავით, ეს რამ განაპირობა?
- ალბათ არ იყო ისეთი ადამიანი, ვინც ჩემს ინტერესს დააკმაყოფილებდა. არადა, გული ძალიან მწყდება, რადგან არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერთხელ უნდა შეგიყვარდეს და მასთან შექმნა ოჯახი. რაც მეტჯერ გიყვარს, უფრო იზრდები, საინტერესო ხდები, იძენ გამოცდილებას და სწავლობ ჭკუას, მე კი, სამწუხაროდ, ეს არ მქონია.
- 18-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება გაკავშირებთ რეზო ხატისკაცთან, რაზეა ოჯახის სიმყარე დაფუძნებული?
- ანგარიშგაწევაზე, კომპრომისზე, რაღაცაზე თვალის დახუჭვაზე და ბევრ სხვა საკითხზე. თანაცხოვრება ძალიან რთულია არა მარტო ქმართან, არამედ მეგობრებთანაც, რეჟისორთან, სამხატვრო ხელმძღვანელთან და ა.შ. არ უნდა მოსთხოვო ძალიან ბევრი ადამიანს და ისე არ უნდა მოიქცე, როგორც არ გინდა, რომ მოგექცნენ. ეს ყველაფერი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე როლის შესრულება.
- კარგა ხნის განმავლობაში არ გყავდათ შვილი, მაგრამ ახლა ბედნიერი ხართ იმით, რომ გყავთ მაკრინე, როგორი დედა ხართ?
- ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ვთქვა, როგორი ვარ მის მიმართ. მინდა, სიყვარულში გაიზარდოს და სიყვარულით სავსე გული ჰქონდეს.
- დედის ნაკლებობას განიცდის?
- ბავშვი შეიძლება დედის ნაკლებობას განიცდიდეს მაშინაც კი, როდესაც დედა მთელი დღე სახლშია. მე, მაგალითად, არ განვიცდიდი დედის ნაკლებობას, მიუხედავად იმისა, რომ დედა პრაქტიკულად სახლში არ გახლდათ, დილა-საღამოს რეპეტიციები ჰქონდა და მერე კიდევ გასტროლები. ეს ადამიანზეა დამოკიდებული. საერთოდ, ბევრი საკითხი ინდივიდუალურია ქმართანაც, შვილთანაც და მეგობართანაც. მინდა, მაკრინე ბედნიერი იყოს, იცხოვროს ბედნიერ ქვეყანაში და სჯეროდეს, რომ ცხოვრება მშვენიერია.
ციცი ომანიძე
(გამოდის ორშაბათობით)