კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხობის გამგებელი იგორ ტყებუჩავა 2011 წლის 28 ოქტომბერს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. იგორ ტყებუჩავამ გლდანის საპყრობილეში ერთწლიანი სასჯელი მოიხადა. ის ამბობს, რომ როლანდ ახალაიას პირადი პატიმარი იყო და ამიტომ პროკურატურაში ახალაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
- როდესაც ხობის გამგებლად დავინიშნე, ხობში მეწარმეებთან და საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე განვაცხადე, რომ რაიონში შერჩევითი სამართალი მოისპობოდა. თურმე ეს "ნაციონალური მოძრაობის" ენაზე მტრობას ნიშნავს და ამ განცხადების შემდეგ დაიწყო ჩემი დევნა... როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, სასწრაფოდ დაიწყეს "სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საქმეების" მოწესრიგება და ეს საქმე ახალაიების ოჯახთან დაახლოებულ აგენტს, მეწარმე დავით ქუხილავას დაავალეს. ნაცმოძრაობის აგენტები ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ ჩემზე. თვითონ აყალბებდნენ ტენდერებს, მექრთამეობდნენ, მილიონებს იხვეჭდნენ და მე მაბრალებდნენ. ქუხილავას ხობში 4 ტენდერი ჰქონდა მოგებული... ერთ დღესაც, როცა ქუხილავასთან ერთად წავედი მისი ობიექტების დასათვალიერებლად, მან გზაში ამოიღო ფული და ააფრიალა, თუმცა ამ თანხისთვის ხელიც არ მიხლია... ორი დღის შემდეგ, როდესაც ჭალადიდიდან ხობში ვბრუნდებოდი, ალყა შემომარტყა კუდ-ის რაზმმა, წამიყვანეს "მოდულის" შენობაში და ახსნა-განმარტების გარეშე შემაგდეს იზოლატორში. ჩემი კაბინეტის გასაღები ჩემს ოჯახს ძალით წაართვეს, ქურდულად შეიპარნენ კაბინეტში და სეიფში დადეს ფული. შემდეგ კი სეიფი გააღებინეს ჩემს თანამშემწეს და ვითომ ნივთმტკიცება ამოიღეს. ქუხილავამ დაწერა, რომ ფული მან მომცა ქრთამად. აი ასე, ვითომ ნივთმტკიცებების ქურდულად დადებით აღმოვჩნდი გლდანის საპყრობილეში... სამეგრელო ზემო-სვანეთის პროკურორი როლანდ ახალაია სურვილისამებრ იჭერდა ადამიანებს გამოგონილი ბრალდებებით, ასიათასობით ლარი კი მავანთა ჯიბეებში ილექებოდა. როლანდ ახალაიამ პირადად მითხრა: მშვიდად ვერ იქნები, ხაფანგს დაგიგებო.
როლანდ ახალაია ტირან ნერონივით იქცეოდა - ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. მის კაბინეტში წყდებოდა, ვინ რომელ თანამდებობაზე დაინიშნებოდა სამეგრელოში და ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. ავრცელებდა ჭორებს, აყალბებდა არჩევნებს და უკანონოდ დაჭერილებს უდებდა ე.წ. ნივთმტკიცებებს. ის, რასაც ადრე კრიმინალები აკეთებდნენ, ხელისუფლების მიერ კეთდებოდა როლანდ ახალაიას პროკურორობის პერიოდში, როლანდ და დათა ახალაიების ბრძანებებს ბრმად ასრულებდნენ რამაზ ლიპარტია, ბაჩუკი ლაგვილავა, თეიმურაზ ბოჭორიშვილი, დიმა ჭაკუა, რუსლან შამახია, შარდენ კოპალიანი, კობა მსხილაძე და ლევან შელია - ისინი ყალბ ჩვენებებს აწერდნენ ხელს.
- როგორც ვიცი, ჩვენებაზეც იძულებით მოგაწერინეს ხელი...
- გაუგონარი ზემოქმედებისა და წამების გამო იძულებული შევიქენი, დაკითხვის ოქმზე ხელი მომეწერა. სხვა გამოსავალი არ მქონდა - ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. მქონდა პარლამენტარ ფრიდონ თოდუას, ჭყონდიდის ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს და სხვების რეკომენდაციები, მაგრამ ახალაიებისთვის ხელსაყრელი არ იყო წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი გარეთ ყოფნა - სიმართლე რომ არ მეთქვა. ციხეში გაუსაძლის პირობებში მიწევდა ყოფნა. თავდაპირველად ჩემზე საშინლად ზემოქმედებდნენ: პირველი 4 დღის განმავლობაში ერთი ჭიქა წყალიც არ მომიტანეს. შემდეგ ხერხემლის მალაც დამიზიანეს... იყო ასეთი შემთხვევაც: გლდანის ციხის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ე.წ. კარმუშკა გააღო და პატიმრებს უთხრა, პირი გააღეთ, უნდა ჩაგაფურთხოთო. ვინც პირველმა თქვა უარი, ერთი "დუბინკა" პირში ჩაუდო, ხოლო მეორე "დუბინკით" იმდენი ურტყა, ვიდრე ყველა კბილი არ ჩაუმტვრია. ციხეში წიგნიც დავწერე - "გამგებლის თვალით დანახული სააკაშვილ-ახალაიას რეჟიმი". ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ პატიმრები გაიძახოდნენ: ოღონდ ბიძინა მოვიდეს ხელისუფლებაში და წლებს კიდევ დავიმატებთო. როდესაც ცნობილი გახდა არჩევნების შედეგები, ციხე სიხარულისგან გუგუნებდა.
- კარგად იცნობთ როლანდ ახალაიას?
- რასაკვირველია, ის ხომ ჩემი თანასოფლელია. მისი ოჯახი სააკაშვილის კარზე უფრო რომ დაფასებულიყო, იმიტომ დამაპატიმრა... ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საქმე როლანდ ახალაიასთვის ნიურნბერგის პროცესი იქნება.
ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)