1968 წლიდან უწყვეტლივ, 35 წელიწადი მუშაობდა ტელევიზიის პირველ არხზე. 1992 წელს დაასახელეს წლის ყველაზე პოპულარულ ჟურნალისტად. არის მწერალთა კავშირის წევრი. ჟურნალისტიკაში არ დარჩენილა ორდენი, პრიზი, სიგელი, დიპლომი, თასი, რომ არ მიეღო; მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისთვის იუნესკოს პრემიის პირველი ლაურეატია. იბრძოდა აფხაზეთში, იყო ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სპეცჯგუფის წევრი. კრიტიკოსი მურმან ჯგუბურია წერდა: "საზოგადოებას ეგონა, რომ ტელევიზია მერაბ ბერაძეს ვარსკვლავს გაუხსნიდა, რადგან დღეს ქართულ ჟურნალისტიკაში არ გვეგულება სხვა, ვინც ამდენ ქართულ საქმეს დაადგამდა გვირგვინს. მისი უშუალო დამსახურებით გადარჩა უამრავი მაღალმთიანი სოფელი. განა პარადოქსი არ არის, რომ მზის ენერგიის წყაროების პროპაგანდისათვის, რასაც ტელეკომენტატორი მთელი 30 წელი ემსახურა, ამერიკელ ელ გორს მსოფლიოს ყველაზე უმაღლესი - ნობელის პრემია მიანიჭეს. თუმცა ვარსკვლავსა და ნობელს ვინ ჩივის, როცა ამდენი სიკეთის მქმნელი ტელეკომენტატორი 9 წელია, მოშორებულია ქვეყნისთვის ესეოდენ საჭირო საქმეს?" ეამაყება, რომ სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული 20 ეკლესია-მონასტერში მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა და ამ შუქზე წირვა-ლოცვის ჩატარება.
მერაბ ბერაძე:
- ერთ ცნობილ პოლიტიკოსს უთქვამს: "მუდამ გახსოვდეს არა ის, რა გაგიკეთა ამერიკამ, არამედ, - თვითონ რა შესძინე მას!" იმავეს უნდა ვამბობდეთ საქართველოშიც და სწორედ მაშინ გვეშველება.
- თქვენს გადაცემებში უხვად იყო სატირულ-იუმორისტული გადახვევა, ბატონო მერაბ...
- დღეს ჩვენს ყოფას იუმორით თუ არ შეხედე, ცხოვრება აუტანელი გახდება. ამიტომ ადამიანებს მოკითხვის ნაცვლად, შეხვედრისთანავე ანეკდოტს ვუყვები. იგივე დავამკვიდრე ჩემს სატელევიზიო პროგრამა "ენერგიაში". აბა, პირდაპირ მიკროსადგურით, ბიოდანადგარით, გამოგონებით რომ დამეწყო ლაპარაკი, მაყურებელს დავკარგავდი. ერთს ახლავე გეტყვით: გურიაში სტუმრად ჩასულმა კახელმა ეზოში დაახლოებით ხუთასი მოგრიალე ბიჭუნა რომ დაინახა, მასპინძელს ჰკითხა: კი, მაგრამ, მაინც რამდენი შვილი გყავსო? - მაგი ერთი ცალია, მარა მასე დახვანცალობს და ყველას აგიჟებსო! საერთოდ, ანეკდოტი გასაოცარი ფენომენია, რამდენიმე წამში ადამიანს გუნებას გამოუკეთებს... აი, კიდევ: კაცს ტატყანა ცოლი ჰყავს. მანქანაში სხდებიან. ქალი ენას არ აჩერებს: ატატატა, ვატატა, რა ჰქნა ამ საზიზღარმა ვალიკომ, რა იკადრა ლეილამ, როგორ არ რცხვენია შალიკოსო?! კაცი ეხვეწება: ქალო, ნახევარი წამით გაჩერდი, გავიგო, მანქანა დაიქოქა თუ არაო!
- ოჯახშიც დილას "დილა მშვიდობისას" ნაცვლად, ანეკდოტით იწყებთ?
- ოჯახში მაინც სხვა ვითარებაა. ისე, ცნობისათვის, მე ბერაძე ვარ, ჩემი მეუღლე - ბერიძე. ერთხელ ჟურნალისტმა რომ მკითხა, რატომ შეირთეთ ქალბატონი ლიაო? - ვუპასუხე, - ერთი ასოს გულისთვის-მეთქი (იცინის)... ახლა კიდევ ერთი: გურულმა მოძღვარს მიაკითხა, ცოდვა ჩავიდინე, მეგრელი მოვატყუეო! - შვილო, ეგ ცოდვა კი არა, სასწაულიაო! და ესეც: პაპა შვილიშვილს ასწავლის არითმეტიკას... აი, უყურე, ისე ადვილად დაგილაგებ ყველაფერს, მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდება: 10, 20, 30, 40... - მერეო? - მერე წლისთავიო! - "გამოიცნო" პატარამ. თუმცა მოდი, ისევ საქმეს დავუბრუნდეთ. ჩემი პროგრამის საჭიროებასა და აქტუალობაზე 50-ზე მეტი რეცენზია გამოქვეყნდა და ამ წერილებს ხელს აწერენ არა მარტო ქვეყნის ყველაზე გამორჩეული მეცნიერები, აკადემიკოსები: ალბერტ თავხელიძე, ივერი ფრანგიშვილი, ჯუმბერ ლომინაძე, ნოდარ ამაღლობელი, ელგუჯა მეძმარიაშვილი და სხვები, არამედ ერისთვის საამაყო კულტურის მოღვაწეები: ანა კალანდაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ბაჩანა ბრეგვაძე, შოთა ნიშნიანიძე, გურამ დოჩანაშვილი და ბევრი სხვა. გადაცემის ავ-კარგი სხვამ შეაფასოს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს იყო ერთადერთი პროგრამა მთელ ამიერკავკასიაში, რომელიც პოპულარიზაციას უწევდა მეცნიერებას, საინჟინრო ნოვაციებს, გამოგონებებს და რაც მთავარია, მზის ენერგიის წყაროების დანერგვას, რაც ძალიან მალე გამართავდა ქვეყანას წელში. მიხარია, რომ ჩემი რეპორტაჟებით უამრავმა ადამიანმა აამოქმედა სოფლად მიკროსადგური, ბიოდანადგარი, მზით წყლის გამაცხელებელი და თავისი სამკვიდროდან ქალაქად გადმოხვეწის სურვილიც აღარ გასჩენია. სხვათა შორის, ტელეპროგრამის რეჟისორი ჩემი მეუღლე, ლია ბერიძე გახლდათ...
- 9 წელიწადია, უმუშევარი ვარო, ამბობთ და ამ წლების განმავლობაში, არა მარტო თქვენ, არამედ მთელი ქვეყნის მეცნიერება და განათლება დაზარალდა.
- დიახ და ეს არ არის გაბრაზებული კაცის გულის ტკივილი. შენ რომ საზოგადოებრივ ტელევიზიას მართავ, რომელიც ხალხის ფულით არსებობს და წესით, ხალხს უნდა ემსახუროს, შენ კი ტელეეკრანის ფანტასტიკურ ძალას საზოგადოების გამოსაშტერებლად იყენებ, რითაც ფაქტობრივად საზოგადოებას დასცინი, დამნაშავე ხარ, აბა, რა?!. არ შეიძლებოდა, კვირაში ერთხელ 25 წუთი მეცნიერებაზე, საგამომგონებლო საქმიანობაზე, საინჟინრო ნოვაციაზე, მზის ენერგიის გამოყენებაზე გველაპარაკა?.. იცით, ამ ვაიუფროსობამ რამდენი რამე წაართვა საკუთარ ხალხს და სწორედ ამიტომ უნდა აგოს პასუხი ზაზა შენგელიამ, რომელმაც ორჯერ წარმადგინა სახელმწიფო პრემიაზე, შემდეგ კი თვითონვე მომიხსნა გადაცემა როგორც უვარგისი, რაშიც აქტიურად დაეხმარნენ: მისი მოადგილე, მიშა გიორგაძე, დავით პაიჭაძე, კოტე კუბლაშვილი. და თუ რამხელა საქმის გაკეთება შეეძლო ამ პროგრამას, თუნდაც ერთი კონკრეტული გადაცემით დაგიმტკიცებთ. ცნობილია, რომ როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, შუა აზიის რესპუბლიკებში სამედიცინო სპირტის დიდი დეფიციტია. ჩვენ კი შეგვიძლია, მასშტაბურად ვაწარმოოთ იგი სიმინდისგან. ასე რომ, ამ პროექტით დასავლეთ საქართველოში დასაქმდებოდა ათეულათასობით - დიახ, არ ვაჭარბებ - ათეულათასობით ადამიანი და ისინი დამატებით მიიღებდნენ 6-8 ათას ლარს. ახლა თავად განსაჯეთ, რამხელა პრობლემას გადავწყვეტდით! აღნიშნული იდეის განსახორციელებლად, 2000 წლიდან გაერთიანებული ვართ ინჟინრები, ბიოტექნოლოგები, მეცნიერები, რომელთაგან რამდენიმე, სწორედ ამ თემაზე მუშაობდა ამერიკაში და იქ მიიღეს პატენტი საჭირო ფერმენტის გამოსაყვანად. ჩვენი პარტნიორია, მინესოტის შტატში ეთილის სპირტის წარმოებაში მოღვაწე ცნობილი სპეციალისტი, მეცნიერი და ინჟინერი, პროფესორი პავლე კრასუტსკი. ტრაბახად ნუ ჩამითვლით, მაგრამ მაშინ ამ გადაცემამ უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია. ტელევიზიის ხელმძღვანელმა კი, პროგრამა "ენერგია" დამიხურა: საზოგადოება აღშფოთებულია შენი რეპორტაჟებითო! (?!)
- დავიჯეროთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამით არ დაინტერესდება?
- ბატონი ბიძინა ყველაფერს ვერ გასწვდება მას დამხმარე სჭირდება... და ეს არ არის ერთადერთი პროექტი. ასეთი პროექტი უამრავია და თამამად ვიტყვი, რომ ყველა ის პროექტი, რასაც პროპაგანდას ვუწევდი, ქვეყანაში ასეულობით მილიონ დოლარს შემოიტანდა. არის თუ არა ეს ყველა ჩვენგანის დაცინვა?
- ახლა უკვე სავსებით გასაგებია, თუ რატომ დაწერა დიდმა ჭაბუა ამირეჯიბმა თქვენზე: "ფასდაუდებელია მერაბ ბერაძის დამსახურება ერის წინაშე, რადგან რომ დაინერგოს თუნდაც მეათედი იმისა, რასაც ის ქადაგებს, ცხოვრება საქართველოში გაცილებით იოლი იქნება!" ჟურნალისტისთვის 9 წლის უმოქმედობა უმძიმესია, მაგრამ თქვენნაირი ენერგიული ადამიანები ფარ-ხმალს იოლად არ ყრიან. აგერ, ხელთ მაქვს მშვენიერი გამოცემა - თქვენი წიგნი "საოჯახო სამზარეულო" ფერადი ილუსტრაციებით, არა მხოლოდ ქართულენოვანი - წიგნი გამოიცა: რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ჩინურ, იაპონურ, პოლონურ, ესპანურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ და ებრაულ ენებზე.
- საქმე ის არის, რომ "საოჯახო სამზარეულოს" ადრინდელ გამოცემებში ფერად ფოტოებს ვერსად ნახავდით. არადა, ქართული სუფრა ხომ შეუდარებელია?! ვიდრე სტუმრები სუფრას მიუსხდებიან, იგი ულამაზესი ფერებით გიტაცებს - აქეთ ხასხასა კიტრი და წითელი პამიდორი, ბოლოკი, იქით - თითქოს ოქროთი მოვარაყებული საცივი, სპილოს ძვლისფერი სულგუნი; აგერ ბამბასავით ქათქათა, თითქოს გამჭვირვალე ელარჯი, ზურმუხტივით მწვანე ლობიო და ტარხუნა; ჩახოხბილი, კუპატი, ხაჭაპური, ხინკალი; არაჩვეულებრივი ღვინო, კონიაკი და ეს ყველას აგიჟებს, განსაკუთრებით - უცხოელებს. ეს არ არის წიგნი უბრალოდ სამზარეულოზე - ეს ჩვენი გენეტიკა, სიამაყე, ტრადიცია, ჩვენი თავმოსაწონი წიგნია. თანაც, თორმეტ ენაზე გამოიცა და ამით ძალიან ბევრი ეროვნების წარმომადგენელს მშობლიურ ენაზე შეეძლება მისი გაცნობა. აღნიშნული წიგნის ავტორები ვართ: ამ სფეროს უბადლო სპეციალისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ამირან მელუა, იური მეჩითოვი და მაია დეისაძე, დალი გველესიანი, ლია ბერიძე, გიორგი ავსაჯანიშვილი.
- წიგნი თავისთავად კარგია, მაგრამ ტელევიზიაში დაბრუნებას არ აპირებთ?
- მე უკვე ვმუშაობ... სახლში გავაკეთე ჩარჩო, გამოვყოფ ხოლმე თავს და... გამარჯობა, პატივცემულო ტელემაყურებლებო! ვიწყებთ ჩვენს გადაცემას... იცით, რა კარგია? ხელს არავინ მიშლის, არავინ მზღუდავს; რაც მთავარია, არავინ მეკამათება, რასაც მინდა, ვლაპარაკობ (იცინის)...
ირმა ხარშილაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)