არ არის სავალდებულო, ორ ლიდერს მოსწონდეს ერთმანეთი, მაგრამ მათ კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცენ, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობა ელოდება, რომ ორივე ლიდერი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.
"ამასვე ელოდებიან საქართველოში. უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია ახალი მთავრობაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია. მოვუწოდებ მათ, რომ იმუშაონ ერთმანეთთან. არ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს, თუ საერთაშორისო თანამეგობრობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ აღიარებული თამაშის წესების პირობებში, მშვიდობიანად გადაცემულმა ხელისუფლებამ ბალანსი დაარღია. სწორედ ამ ბალანს უნდა გაუსვას ხაზი ახალმა მთავრობამ - ადამიანები უნდა წარდგნენ კანონის წინაშე თუ დარღვევები აქვთ, მაგრამ არ უნდა დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორება", - განმარტა ფილიპ გორდონმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ახალ ხელისუფლებას მოუწოდა, ძალიან მგრძნობიარე იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება საზოგადოებამ აღიქვას.
"ამჟამინდელი საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან მგრძნობიარე იმ აღქმის მიმართ, რაც შეიძლება დაკავებების პროცესს მოჰყვეს, რომ ეს არის ანგარიშსწორება მტრების მიმართ და არა კანონის აღსრულება. თუ დავინახავთ, რომ ადამიანების დიდ ჯგუფს აპატიმრებენ არაგამჭვირვალე გარემოში და არ არის ახსნილი - თუ რატომ, არ არის მტკიცებულება წარმოდგენილი და დაცვისთვისთვის არ არის შესაბამისი შესაძლებლობა მიცემული, ერთი სიტყვით ეს ატარებს პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს, ეს არ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს", - აღნიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ამასთან, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან აშშ-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის საქართველო კვლავ შეუთანხმებელი საკითხია.
"შეერთებული შტატები ცდილობს უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან და არ ეთანხმება მას საქართველოსთან მიმართებაში, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მიგვაჩნია, რომ რუსეთის სამხრეთ ოსეთში ყოფნა არღვევს 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იგივე ხედვა და იგივე წითელი ხაზები, რაც საქართველოს მთავრობას - გვსურს რუსეთის ძალებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და თქვენს ქვეყანას შეუძლია სურვილისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ალიანსს", - განაცხადა ფილიპ გორდონმა.
გარდა ამისა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ქარტიის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობას მიესალმება.
"მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლის ქარტიით გათვალისწინებული პროცესი ვითარდება. ქარტია ქვეყნებს შორის ბუშის ადმინისტრაციისა და სააკაშვილის მთავრობის დროს გაფორმდა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ობამას ადმინისტრაციაც ერთგულია მისი და მიმაჩნია, რომ ახლა უკვე ბატონი ივანიშვილის მთავრობაც ერთგულებას ადასტურებს მის მიმართ", - დასძინა ვიზიტად მყოფმა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.