სოფელში, ბებიაჩემის მეზობლად 2 ოჯახი ცხოვრობს. ლამის საუკუნის 3/4 აქვთ გავლილი და რაც თავი ახსოვთ, ერთმანეთიც ახსოვთ. სულ ქიშპობენ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე ამოსდით მზე და მთვარე. მათი ურთიერთობა ილიკო ჩიგოგიძისა და ილარიონ შევარდნაძის ურთიერთობას მახსენებს. ერთ ზაფხულს (მეც იქ ვიყავი), ვაჟიკოს თხა რომანის ყანას შეეჩვია. ღობეზე გადავიდოდა და სიმინდს მადიანად ახრამუნებდა. რომანმა რამდენჯერმე გააფრთხილა მეზობელი - თუ კიდევ ვნახავ შენს თხას ჩემს ყანაში, იცოდე, დავკლავ და შევჭამო. ის კი ყურს არ იბერტყავდა - რაში ენაღვლებოდა რომანას სიმინდი! რა იცი, რომ ჩემი თხაა? ცილს ნუ სწამებ, მთელი დღე "პატიოსნად" ტყეშია გასული და ნეკერს მიირთმევს, შენი ჭიანი სიმინდი სულაც არაფერში სჭირდებო, - იცავდა თავის "ერთას" ვაჟიკო. ამასობაში თხამ ლამის ნახევარი ყანა და მთელი ბოსტანი გადაძოვა. თან ისე ახერხებდა შეპარვას და უკან გამოპარვას, რომ რომანმა მისი "ფაქტზე" დაჭერა ვერ მოასწრო.
ვაჟიკოსთვის სამაგიერო რომ გადაეხადა, თავის თხას ყანის ბოლოში გაიყვანდა ხოლმე და ვაჟიკოს მხარეს გაუშვებდა. ერთ დღეს რომანმა გადაწყვიტა, თხას დასდარაჯებოდა და ვაჟიკოსთვის მუქარა აესრულებინა. შუადღისას "დამნაშავე" გამოჩნდა. ღობეს მარდად გადაახტა, მოშრიალე სიმინდს შეერია და გემრიელი "ხრამუნი" ატეხა. რომანი მიეპარა, იქვე წამოაქცია და წინასწარ მომარჯვებული დანა გამოუსვა ყელში. ჩამოატყავა და ცოლს მოსამზადებლად მისცა. საღამოს კი ვახშმად ვაჟიკო დაპატიჟა. ვაჟიკომ კარგად მოულხინა. როცა შეზარხოშდნენ, რომანმა ჰკითხა, - შენი თხა შინ რომ არ დაბრუნდა, რატომ არ ეძებო? ჩემი თხა შინაა, დედაკაცმა მოწველა კიდეცო, - უპასუხა ვაჟიკომ და მოზრდილი ხორცის ნაჭერი დაითრია. რომანს ცოტა კი წაუხდა ნირი, ნეტავ, ვისი თხა დავკალიო, მაგრამ სასმელმა თავისი ქნა, მალევე გადაავიწყდა და კარგად მოულხინა.
დილით ცოლმა გააღვიძა - კაცო, ადე, უბნის ინსპექტორია მოსულიო. გივი ინსპექტორს ხელში რომანის ყანიდან ამოღებული "ნივთმტკიცება" - თხის ტყავი ეჭირა. - სხვის თხას რომ კლავ, ტყავი ისე უნდა გადამალო, რომ ვერავინ მიაგნოსო, - გაუცინა "პახმელიაზე" მყოფ რომანას. - მიჩივლა ჩათლახმა ვაჟიკომო? - თავი გააქნია "ჯალათმა". - ვაჟიკომ კი არა, შოთამ გიჩივლა, შოთას თხა მოიპარე, დაკალი და ვაჟიკო რატომ გიჩივლებდაო?!. მოკლედ, ალბათ მიხვდით, რომ ვაჟიკოს თხა არაფერ შუაში იყო და შოთას "კიკინა" იპარავდა სიმინდს. რომანას თხის ფული გადაახდევინეს და ხელწერილიც დააწერინეს, რომ სხვა დროს მეზობლის თხას არ მოიპარავდა. ვაჟიკო კი ჩუმად ხითხითებდა, რადგან როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თავიდან სწორედ მისი "წვერცანცარა" გადადიოდა რომანის ყანაში, მაგრამ მერე თავისი დაუბამს და შოთას თხა სულ ძალით შეუდენია მეზობელთან, რომ მიჩვეულიყო და მერე უკვე მისი დაძალებაც აღარ დასჭირდებოდა, თხა თავისით იკვლევდა გზას და საწყალი, კიდეც შეეწირა ვაჟიკოს ეშმაკობას.