ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი აზია-წყნარი ოკეანის 2012 წლის კინოდაჯილდოების ჟიურის წევრია. იგი ჟიურიში ევროპულ კინოაკადემიას წარმოადგენს. გიორგი ოვაშვილმა თავისი ნამუშევრებით ბევრჯერ გაუთქვა სახელი საქართველოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მისი ფილმი "გაღმა ნაპირი" 80 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინეს და 50-მდე საერთაშორისო პრიზის მფლობელია. რამდენიმე დღის წინ ბატონი გიორგი ავსტრალიაში დამიკავშირდა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება შემომთავაზა. მისი რეკომენდაციით, ღონისძიების ორგანიზატორებმა ავსტრალიის ქუინსლენდის შტატის დედაქალაქ ბრიზბენში მიმიწვიეს, როგორც ქართული გაზეთის, "ყველა სიახლის" კორესპონდენტი 2012 წლის აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების გასაშუქებლად. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. ბრიზბენში 20 ნოემბერს მივემგზავრები და ფესტივალიდან ექსკლუზიურ რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ, მანამდე კი რამდენიმე შეკითხვით კინორეჟისორ გიორგი ოვაშვილს მივმართე.
- რომ ქართველი რეჟისორი აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების ჟიურის წევრია. როგორ მოხვდით ჟიურის შემადგენლობაში?
- ეს კინოდაჯილდოება მეექვსედ ტარდება. წელს ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი ავსტრალიელი პროდიუსერი იან ჩეპმენი. ჟიური 6 წევრისგან შედგება. როგორც წესი, ერთ წევრს იწვევენ ევროპული კინოაკადემიიდან და ამჯერად ეს პატივი მე მხვდა წილად. სექტემბერში ალმა-ატაში, ყაზახეთში, საერთაშორისო კინოფესტივალ "ევრაზიაზე", სადაც საერთაშორისო ჟიურის წევრი ვიყავი, შევხვდი აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების შემოქმედებით დირექტორს მაქსინე უილიამსონს და თანამშრომლობის შემდეგ შემომთავაზა, როგორც ევროპული კინოაკადემიის წევრი, აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე წლევანდელი ჟიურის მუშაობაში დავხმარებოდი. რა თქმა უნდა, ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და დიდი პატივია, ასეთი დონის ღონისძიებაზე წარმოვადგენდე ევროპულ კინოაკადემიას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს.
- რამდენი ფილმი მონაწილეობს დაჯილდოებაზე?
- ღონისძიებაში ყოველწლიურად 70 ქვეყანა მონაწილეობს. ფილმებიდან საორგანიზაციო კომიტეტი ირჩევს ნომინანტებს, გამარჯვებულს კი საერთაშორისო ჟიური ავლენს. წელს 19 ფილმია წარდგენილი შემდეგ ნომინაციებზე: "საუკეთესო ფილმი", "საუკეთესო რეჟისორი", "საუკეთესო მსახიობი ქალი", "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი", "საუკეთესო ოპერატორი", "საუკეთესო სცენარი".
- რთულია ჟიურის წევრობა?
- ჟიურის წევრობა ყოველთვის რთულია და უაღრესად საპასუხისმგებლო. ფაქტობრივად, შენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება შეცვალოს ფილმისა და რეჟისორის ბედი. სამწუხაროა, რომ ჟიურის გადაწყვეტილება ყოველთვის სუბიექტურია, რადგან ჟიურიში ადამიანები არიან და მათ ამა თუ იმ ფილმზე საკუთარი, სუბიექტური აზრი აქვთ, რომელიც რეალურად შეიძლება შორს იყოს ობიექტურობისგან.
- რა მდგომარეობაა დღეს ქართულ კინოინდუსტრიაში?
- ქართული კინოინდუსტრია სავალალო მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 ფილმი მაინც კეთდება ყოველწლიურად, პროფესიონალიზმის დიდი დეფიციტია, რაც, სამწუხაროდ, შექმნილ პროდუქტსაც ხშირად ეტყობა. ასევე, ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა და დახმარებაა საჭირო, რადგან ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, კინო დამოუკიდებლად ვერ იარსებებს.
- ახლა რაზე მუშაობთ?
- ამჟამად ვმუშაობ მომდევნო ფილმზე სახელწოდებით "სიმინდის კუნძული". გადაღებები 2013 წლის აპრილში იწყება, ფილმი კი 2014 წლის მარტში დასრულდება.
- ავსტრალიაში როდისმე ყოფილხართ?
- არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ბავშვობიდან ვოცნებობდი მწვანე კონტინენტის მონახულებაზე. მიხარია, რომ ეს ოცნება გვიან, მაგრამ მაინც ამიხდება.
სპეციალურად "ყველა სიახლისთვის", სიდნეიდან თათული ბართაია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)