2006 წლის 17 თებერვალს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების შესახებ ამცნეს. "16 იანვარს ლევან ცინცაძე დააპატიმრეს სანკტ-პეტერბურგში საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე... 10 იანვარს დავით ასათიანი დააპატიმრეს შვეიცარიაში, ასევე ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე. 17 თებერვალს მერაბ ამისულაშვილი იქნა დაპატიმრებული ქართული პოლიციის მიერ საქართველოში, იმ დღესვე დაპატიმრებულ იქნა თემურ გაგნიძე საფრანგეთში. ყველა ეს პირი ეჭვმიტანილია 2001 წლის 23 მაისს ფულის გამოძალვის მიზნით ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში" - განაცხადა მერაბიშვილმა. სასამართლომ მერაბ ამისულაშვილს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, 5 წლით, თემურ გაგნიძეს (მანაც ითანამშრომლა) - 15-ით, ხოლო დავით ასათიანსა და ლევან ცინცაძეს, რომლებმაც თავი დამნაშავედ არ ცნეს, 25-25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც საქმეში ჩახედულები ვარაუდობენ, გატაცება-მკვლელობის საქმე არც გახსნილია და არც გამოძიებული. გთავაზობთ ინტერვიუს ლევან კალაძის გატაცება-მკვლელობისთვის გასამართლებულ ლევან ცინცაძესთან:
- 2006 წლის 16 იანვარს ინტერპოლის თანამშრომლებმა სანკტ-პეტერბურგში დამაკავეს და განმიმარტეს, რომ საქართველოში ჩადენილ ყაჩაღურ თავდასხმებში მონაწილეობის გამო ვიძებნებოდი. ერთი თვის შემდეგ შემატყობინეს, რომ ამ დანაშაულების გარდა ბრალი მედებოდა ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში. 2007 წლის 3 აპრილს ჩამომიყვანეს საქართველოში და წამიყენეს ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებები. ვინაიდან ის დანაშაულები არ ჩამიდენია და არც რამე ინფორმაცია მქონდა, გამოძიების პროცესში გამოვიყენე დუმილის უფლება. შემომთავაზეს საპროცესო შეთანხმება სხვადასხვა შეღავათით, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. მოსამართლემ მომიხსნა ბრალდება ყაჩაღობის ორ ეპიზოდში, ხოლო კალაძის გატაცება-თანხის გამოძალვა-განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ მცნო და 25 წლით აღმიკვეთეს თავისუფლება. განაჩენი გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ - უზენაესში, სადაც ის ძალაში დატოვეს. ამჟამად საქმე სტრასბურშია გაგზავნილი.
- თუ გატაცება-მკვლელობის საქმეში არ მონაწილეობდით, რატომ დაგასახელათ თანამონაწილედ ამისულაშვილმა?
- ჩემი დანაშაული კალაძის გატაცება-მკვლელობაში სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მერაბ ამისულაშვილის, კარლო, კახი და რუსუდან კალაძეების, თემურ გაგნიძისა და ექსპერტების ჩვენებების მიხედვით. თუმცა არ გაიზიარეს ჩემი მოწმეების ჩვენებები. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა დაარღვია ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფცია - მას თავის დასკვნაში დამნაშავედ ვყავარ წარმოდგენილი ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთში ვიმყოფებოდი. როდესაც დავით ასათიანი გაასამართლეს, ჩემ მიმართ გამოძიება არც კი იყო დაწყებული.. არადა, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რა ამოძრავებდა ამისულაშვილს, რა ვითარებაში იძლეოდა ის ჩვენებებს და ემთხვევა თუ არა მისი ჩვენება სხვა პირთა ჩვენებებს.
- ამბობენ, რომ მერაბ ამისულაშვილი ერთი თვის განმავლობაში შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის, ლევან გვაზავას ერთ-ერთ ბინაში ჰყავდათ და "ამუშავებდნენ", რის შემდეგაც "გაიხსნა" კიდეც საქმე...
- ამისულაშვილი 2006 წლის 17 თებერვალს დააკავეს სადახლოში, როგორც ყალბი პასპორტით საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეჭვმიტანილი, რაც არც ისე მძიმე დანაშაულია. მიუხედავად ამისა, ის გადმოიყვანეს თბილისში და დაჰკითხეს. კითხვაზე - სხვა რაიმე დანაშაული ხომ არ გაქვს ჩადენილი, მერაბი პასუხობს "არა" და ყალბი პასპორტის დამზადებას იმით ხსნის, რომ მონაწილეობდა ლევან კალაძის გატაცებაში და ასახელებს თანამონაწილეებს. აშკარაა, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთა ჰგავს დადგმულ სცენარს, სადაც დამრღვევი და დამკავებელი უკვე მოლაპარაკებულნი არიან, როგორი ჩვენება უნდა დაიდოს. როგორც ჩანს, მას სასურველი ჩვენების მიცემისთვის გარკვეულ შეღავათებს შეჰპირდნენ, რადგან, მიუხედავად ასეთი მძიმე დანაშაულისა, 5 წელი აკმარეს. ასევე უკრიტიკოდ არის გაზიარებული გაგნიძის ჩვენებაც, რომელიც თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდა, შემდეგ კი, მასთან ჯერ კიდევ საფრანგეთში, შემდეგ საქართველოში ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, ბრალიც აღიარა და სხვების მონაწილეობაც დაადასტურა, მათ შორის - ჩემიც. თუმცა გაგნიძემ სახელმწიფო ბრალდებას იმედი გაუცრუა - მან ერთი მხრივ, შეასრულა მთავარი დავალება, დამასახელა მე, მეორე მხრივ კი, ვერ შეძლო წინასწარ მომზადებული ცრუ ჩვენების ჩამოყალიბება - ჩვენებებს შორის არის განსხვავება - მან გარემოებები სხვაგვარად აღწერა.
- მათი ჩვენებების გარდა, საქმეში თუ არის თქვენი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები?
- მე ვიყავი წინასწარ დადგმულ სცენარში წინასწარ ჩასმული პერსონაჟი. გაგნიძის და ამისულაშვილის ჩვენებები არ დაემთხვა ერთმანეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ცრუობდნენ. ნათელია, რომ სამართალდამცველ ორგანოებს დაუსახეს მიზანი, ნებისმიერი მეთოდით გაეხსნათ საქმე და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისი თავისუფლება შეეწირებოდა ამას - დამნაშავის თუ უდანაშაულოსი. ამას ადასტურებს საქმეში არსებული მასალები აფრასიძეების ცნობილ საქმეზე. სამართალდამცველები ცდილობდნენ, მათთვის გადაებრალებინათ კალაძის გატაცება-მკვლელობა და ამ მიზნის განსახორციელებლად აირჩიეს მათთან მცხოვრები მურავიოვი, მასზე ზემოქმედებდნენ, რათა ეთქვა, რომ მათ სახლში ნახა ლევან კალაძე, სამარხიც მიათითებინეს და საქმეც "გახსნეს", თუმცა მურავიოვმა შემდეგ სიმართლე ილაპარაკა და ეს საქმე კვლავ გაუხსნელი დარჩა. ის, რაც სამართალდამცველებმა ვერ ათქმევინეს მურავიოვს, ათქმევინეს ამისულაშვილსა და გაგნიძეს. ფაქტია, რომ თუ აფრასიძეების ვარიანტი გაუვიდოდათ, მაშინ ლევანის გვამი სვანეთში აღმოჩნდებოდა, თუ არა - თბილისში, რაზეც მიუთითეს ამისულაშვილმა და გაგნიძემ. ოღონდ მსუბუქად გამოსულიყვნენ საქმიდან და მათ ყველაფერზე მოაწერეს ხელი. მათი წყალობით სრულიად უკანონოდ გამასამართლეს, თუმცა ვერ დამითანხმეს საპროცესო გარიგებაზე და შემიფარდეს სასჯელის მაქსიმალური ზომა.
- ლევან, რა ურთიერთობა გქონდათ ამისულაშვილთან, გაგნიძესა და ასათიანთან?
- იმ პერიოდში ურთიერთობა მქონდა ასათიანთან და გაგნიძესთან, რაც კარგად იცოდა ამისულაშვილმა, რომელიც რამდენჯერმე მყავდა ნანახი. ჩემი გვარის დასახელებით მან ორი კურდღელი დაიჭირა - საქმეს ჩამოაშორა ისეთი პირი, რომლის იქ გამოჩენაც ხელს არ აძლევდათ და მიიღო მინიმალური სასჯელი. გაგნიძემ კი ჩემი დასახელებით სასჯელი შეიმსუბუქა. ასათიანი და ამისულაშვილი მიშა სააკაშვილის კლასელები იყვნენ. ამისულაშვილის და გაგნიძის ჩვენებიდან გამოდის, რომ მე ერთი თვის გაცნობილ ადამიანებთან ერთად დავგეგმე გატაცება-მკვლელობა. რა თავზე ხელაღებული უნდა ვყოფილიყავი, რომ ჯერ ლევან კალაძე გამეტაცა, მერე, დღისით-მზისით, ძალით ჩამესვა მანქანაში, ვერაზე მდებარე ასათიანის ბინიდან ვაზისუბანში გადამეყვანა და ბოლოს ხევში მომეკლა! ამისულაშვილს მაინც ემუქრებოდა პატიმრობა და ამიტომაც დაიბრალა ეს დანაშაული. ამასთანავე, მას მისცეს გარანტიები, რომ იქნებოდა კარგ პირობებში. ასეც მოხდა - პატიმარი ისეთ პირობებში იყო, თავისუფლებაში მყოფ ადამიანს შეშურდებოდა. ანალოგიური ინტერესი ამოძრავებდა გაგნიძესაც. სასამართლომ თითქოს დაადგინა, რომ გატაცებაში მონაწილეობდა სამი პირი, შემდეგ კი მოვლენები ისე განვითარდა, რომ აუცილებელი იყო, სულ ცოტა, ოთხკაციანი ჯგუფი, მეტზე გასვლა არ ისურვეს, ან ვეღარ შეძლეს. საქმეში დარჩა ისეთი კითხვის ნიშნები, როგორიცაა, კარლო კალაძის მიერ დასახელებული "მეგრელი", რომლის ვინაობით არავინ დაინტერესებულა, მათი მიზანი იყო მხოლოდ რეზონანსული დანაშაულის გახსნა. ჩემი კანდიდატურა იყო ყველაზე მისაღები, ვინაიდან მეტ-ნაკლებად ვიყავი დაახლოებული დანარჩენებთან. ამისულაშვილი-გაგნიძისთვის ვინმეს ჩემ ნაცვლად სხვა გვარი რომ ეკარნახა, ის იქნებოდა მსჯავრდებულის სკამზე. პროკურორმა კახა ცნობილაძემ პირდაპირ მითხრა, მე ფოსტალიონი ვარ, არაფერს ვწყვეტო. მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ დამნაშავე არ ვიყავი.
- დაიკითხა რკინიგზის საავადმყოფოს დარაჯი ყარამან ნაბახტეველი, რომელმაც თქვა, რომ გატაცების დღეს კალაძეს "ნივით" მიაკითხეს და გამტაცებელთა შორის ერთ-ერთი პოლიციის ფორმით იყო.
- ამისულაშვილის ჩვენებით, როგორც კი კალაძე ტაქსიდან გადმოვიდა, მანქანიდან გადახტნენ ცინცაძე და ასათიანი, მათ კალაძე წინააღმდეგობის გარეშე ჩასვეს უკანა სალონში. მოწმე ყარამან ნაბახტეველის ჩვენების მიხედვით კი, 35-40 წლის მამაკაცმა ლევანს საავადმყოფოს ეზოში საბუთები მოსთხოვა, შემდეგ კი სხვა ახალგაზრდის დახმარებით ძალით ჩასვა ავტომანქანაში. მე კი იმ დროს 26 წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დარაჯი ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოსადგენ პირთა სიაშიც ჰყავდა შეყვანილი, პროცესზე არ დაიბარეს. როდესაც მისი დაკითხვა მოვითხოვეთ, გვითხრეს, გარდაიცვალაო. როცა შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ იგი, სრულიად ჯანმრთელი, იმავე საავადმყოფოს დარაჯად მუშაობდა. გამტაცებელი რომ არ ვარ, ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ საქმეში არის პროკურატურის წერილი, რომლითაც ის მიმართავს შსს-ს - ლევან კალაძე ეზოში შესვლისას გააჩერა შუახნის მამაკაცმა და მოსთხოვა საბუთებიო. დაზარალებულმა კარლო კალაძემ წინასწარ გამოძიებაშიც და სასამართლოზეც თქვა, რომ პირი, რომელიც მას ურეკავდა და ფულს თხოვდა, იყო მეგრელი. არც ერთი ჩვენგანი მეგრელი არ არის, ამისულაშვილის ჩვენებით კი, კარლო კალაძესთან მე და ასათიანი ვრეკავდით. ლევანის მამაც და ბრალდებაც ადასტურებდნენ, რომ ამ საქმეში ოთხეულის გარდა, სხვა პირებიც იყვნენ ჩართულნი. რატომ არავინ ინტერესდება იმ პირებით? თუმცა, ამათ ოღონდ საქმე გაეხსნათ და რა მნიშვნელობა ჰქონდა, დამნაშავეს დასჯიდნენ თუ უდანაშაულოს? მე არ უარვყოფ იმ პერიოდში გაგნიძესთან, ასათიანთან და ამისულაშვილთან ურთიერთობას, მაგრამ ბრალდება, რომ მე ადამიანი გავიტაცე, ფული გამოვძალე და მოვკალი, არის აბსურდი. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დანაშაული მოხდა, მქონდა სახელმწიფო გამოცდები (სამედიცინო ინსტიტუტში), თან ვმკურნალობდი და 23 მაისს ვიმყოფებოდი დეიდაჩემის სახლში, რაც არ გაიზიარეს სასამართლო ინსტანციებმა.
- პროკურატურის მტკიცებით, ლევან კალაძე 14 ივნისს მოკლეს და მისი ცხედარი ვაზისუბნის ტერიტორიაზე მდებარე ხევში მიატოვეს.
- კალაძის გვამის ექსჰუმაცია 2006 წლის 8 იანვარს მოხდა, მაგრამ ამისულაშვილი დაკავებული და დაკითხულია 17 თებერვალს. აშკარაა, რომ სამარხი ამისულაშვილის ჩვენებით არ დადგენილა და მას წინასწარ უთხრეს, რა ადგილი უნდა მიეთითებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელ სამართალდამცველს უნდა დასიზმრებოდა, რომ სწორედ ლევანის იყო ის ამოუცნობი გვამი, რომელიც დაიმარხა მუხათგვერდის სასაფლაოზე 2001 წლის აგვისტოში, სხვა ამოუცნობ ათეულობით გვამთან ერთად?! ან როგორ დაადგინეს ეს ყველაფერი მონაცემების არარსებობის პირობებში 2006 წელს და ვერ დაადგინეს 2001 წელს, როცა ქვეყნის ყველა შესაბამისი სამსახური გადართული იყო სწორედ ლევან კალაძის საქმეზე?! სასამართლოზე გაგნიძემ არათუ დაადასტურა, არამედ გამორიცხა ჩემი მონაწილეობა მკვლელობაში. მისი ჩვენების თანახმად, ლევან კალაძის მკვლელობის შესახებ არანაირი წინასწარი შეთანხმება არ არსებობდა და მასში მონაწილეობა არ მიმიღია. მან თქვა, რომ ასათიანმა კალაძეს კისერი მოსტეხა. ამასთანავე, დაიკითხა მუხათგვერდის სასაფლაოს დირექტორი ნოდარ გოგიჩაიშვილი, რომელმაც გაამყარა ჩვენი ეჭვები ექსჰუმაციაზე, გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ იგი გვაზავასთან წაიყვანეს, გადათხარეს მთელი მუხათგვერდი და ბოლოს, ვინც ამოთხარეს, ერთი წლის გარდაცვლილი თუ იქნებოდაო.
- საინტერესოა, რატომ ცხოვრობდით რუსეთში პეტროვის გვარით, ვის ან რას ემალებოდით?
- ჩემი ცოლი იყო პეტროვა. ევროპიდან, სადაც ხშირად დავდიოდი, ე.წ. დეპორტით გამომიშვეს და რუსეთში შუბითიძის გვარით ჩავედი. ბავშვისთვის გვარი უნდა მიმეცა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ცოლის გვარზე გადავსულიყავი, ბავშვისთვისაც მისი გვარი მიგვეცა და როცა საქართველოში ჩამოვიდოდით, ჩემს გვარზე მერე გადავიყვანდი.
- როგორც შევიტყვეთ, ვიდრე საქართველოში თქვენი ექსტრადირება მოხდებოდა, პროკურატურა თქვენი ოჯახის საპროცესო შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო. რით ხსნით პროკურატურის დაინტერესებას საპროცესო გარიგებით?
- რადგან რეზონანსული საქმე იყო, უნდოდათ, მალე გამოცხადებულიყო გახსნილად, თორემ, ვისაც ელემენტარული იურიდიული განათლება აქვს, ვინც ჩაიხედავს საქმეში, მიხვდება, რომ ის თავიდან ბოლომდე "შეკერილია", მე ვიღაცის გამო ვარ დაპატიმრებული. ამისულაშვილისთვის სულერთი იყო, ვის გაწირავდა, ოღონდ თვითონ დაეძვრინა თავი.
- არ არის გამორიცხული, ამ საქმის ხელახალი გამოძიებით პროკურატურა დაინტერესდეს. თუ აპირებთ მიმართოთ განცხადებით გენერალურ პროკურორს და რას ელით, რისი იმედი გაქვთ?
- იმედი მაქვს, ეს საქმე, ობიექტურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული. დადგინდება ჭეშმარიტება, რაც აღადგენს სამართლიანობას. სამართლიანობა კი იქნება ჩემი გათავისუფლების საფუძველი. უსამართლო გადაწყვეტილების გამო, უკვე 7 წელია ვიხდი სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია.
ინტერვიუ: "შვიდი წელია ვიხდი სასჯელს დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია"
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)