შემოსავლების სამსახური შპს ტელეკომპანია "პიკში" შემოწმებას ახორციელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "პიკის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა პროდიუსერმა ხათუნა საღინაძემ განუცხადა , შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები "პიკში" შემოწმებას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პარალელურად ახორციელებენ.
მისივე თქმით, ისინი პირველ ეტაპზე ტელეკომპანიის მიერ 2010-დან ერთი წლის განმავლობაში საბიუჯეტო თანხების ხარჯვის პროცესს შეამოწმებენ. საღინაძემ აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ტელეკომპანიას ბრიტანული კომპანია K1 მართავდა. ერთი წლის შემდეგ კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა III არხის მართვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს "ტელეკომპანია ალანიამ" გაიმარჯვა. მოგვიანებით, ტელევიზიას სახელი შეეცვალა და შპს "ტელეკომპანია "პიკ"-ი გახდა. მიმდინარე წლის 12 ნოემბრის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით კი მაუწყებელმა "პიკთან" ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.
საინფორმაციოს ყოფილი პროდიუსერის თქმით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა სახელწოდებით და რა ფორმით გააგრძელებს "პიკი" მაუწყებლობას. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის 60%-იანი წილის მფლობელი კომპანია "შვიესა" გახდა, რომლის მფლობელი, ლიტვური მედიის ცნობით, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მრჩეველი დარიუს იურგელავიჩუსია.