ახალგაზრდა მუსიკოსი, არაერთი კონკურსის ლაურეატი და ბერა ივანიშვილის "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" წევრი ია ორჯონიკიძე აპირებს ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძესა და კომპოზიტორ გიგა კუხიანიძეს სასამართლოში უჩივლოს. საქმე საავტორო უფლებების დარღვევას ეხება: ნინო სურგულაძემ ჯგუფ "შინის" ყოფილ წევრ დავით შანიძესთან ერთად 2011 წლის 22 აგვისტოს ანაკლიის გახსნაზე ია ორჯონიკიძის სიმღერა ახლებურად შეასრულა.
- როგორც იცით, მე 2007 და 2008 წლებში ვმონაწილეობდი საბავშვო "ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსში. კონკურსის წესების თანახმად, 2007 წელს ნებისმიერი სტუდიის ბავშვს ჰქონდა მასში მონაწილეობის უფლება, მაგრამ 2008 წლიდან "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ამის უფლება მხოლოდ გიგა კუხიანიძის სტუდიას მისცა. მას შემდეგ სწორედ გიგას აქვს მონოპოლია და სხვა სტუდიაში ჩაწერილი სიმღერა კონკურსზე ვერ მოხვდება, ცუდი შედეგებიც არ აქვს, თუ გავიხსენებთ "ბზიკებისა" და "ქენდის" წარმატებას ამ კონკურსზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ გიგას დამსახურება არ არის. საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია და ყველას უნდა ჰქონდეს კონკურსში მონაწილეობის უფლება. სიმღერას, რომლის ახლებური ინტერპრეტაციაც 2011 წლის 22 აგვისტოს ანაკლიის გახსნაზე შეასრულეს ნინო სურგულაძემ და დავით შანიძემ, ჰქვია "ჰარალე" და ის სწორედ "ევროვიზიისთვის" შეიქმნა გიგა კუხიანიძესთან ერთად. კონკურსის პირობების მიხედვით, სიმღერას პროფესიონალი მუსიკოსის დახმარებით ქმნიან ბავშვები და ასე შეიქმნა "ჰარალეც". მასზე საავტორო უფლებები აქვს შემსრულებელ ბავშვს და "საზოგადოებრივ მაუწყებელს". ეს ჩემი სიმღერაა და ნინო სურგულაძემ და გიგა კუხიანიძემ, დავით შანიძესთან ერთად, დაარღვიეს საავტორო უფლებები.
- აქამდე რატომ არ უჩივლეთ ნინო სურგულაძეს?
- როდესაც მან პირველად შეასრულა ეს სიმღერა, მაშინვე მივმართე რამდენიმე ჟურნალისტს და კომპეტენტურ პირს. თავდაპირველად ყველა ინტერესდებოდა, მაგრამ ბოლოს რატომღაც ყველა გაჩუმდა. მივხვდი, რომ მაშინ აზრიც არ ჰქონდა ჩემს ჩივილს, დღეს კი ეს შესაძლებელია. ნინო სურგულაძეს უდიდეს პატივს ვცემ, მას შეეძლო ერთხელ მაინც დაერეკა და აეღო ჩემგან ამ სიმღერის შესრულების ნებართვა, მაგრამ ნინო სურგულაძემ და გიგა კუხიანიძემ დაარღვიეს საავტორო უფლებები, უფრო მეტიც - სიმღერას ჩემი და ბუკა პაჭკორიას ბექ-ვოკალი ედო, სიმღერის არანჟირებისთვის გიგა კუხიანიძეს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ერთხელ უკვე გადაუხადა თანხა, ეს იყო პირადად ჩემთვის შექმნილი კომპოზიცია და ტექსტი, თუმცა შეცვალეს. უკვე ვესაუბრე ადვოკატებს და უახლოეს დღეებში შევიტან სარჩელს სასამართლოში. საავტორო უფლებების დარღვევის უფლება არავის აქვს.
"ყველა სიახლე" მუსიკოს გიგა კუხიანიძეს დაუკავშირდა, სწორედ მან მისცა ნინო სურგულაძეს და დავით შანიძეს სიმღერის ახლებური ვარიანტის შესრულების უფლება:
- არც მსმენია, რომ ამის გამო ია ორჯონიკიძე აპირებს სასამართლოში გვიჩივლოს. სიმღერა "ჰარალე" ხალხურ მოტივებზე შევქმენით და ვინც მინდა, ის იმღერებს. სხვას ვერაფერს გეტყვით.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)