ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის თავმჯდომარე ჯოზეფ დულთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა , - ამის შესახებ "ფეისბუქ"-ზე პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
სააკაშვილმა იმ პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველომ არჩევნებისა და ხელისუფლების გადაბარების პროცესში დემოკრატიის თვალსაზრისით მიაღწია.
პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედერის შემდეგ, სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ახალი მთავრობის ინტერესებსაც უნდა შეესაბამებოდეს, რადგან ეს წარმატება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას დააჩქარებს.
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის დელეგაციის წევრები, რომლებიც ასევე იმყოფებიან ბრიუსელში, შეხვედრებისას, საქართველოში ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესსაც შეეხებოდნენ.
ქვეყნის პირველმა პირმა ყველას მოუწოდა, შესაბამისად გამოიყენონ მთავრობის გადაბარების დემოკრატიული პროცესი, რადგან ამით ევროპას დამატებითი სტიმული მიეცა, რაც აუცილებლად უნდა აისახოს ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს სასარგებლოდ. პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ყველას ინტერესია და ახლა, როგორც არასდროს, ინტენსიური მუშაობაა საჭირო.