გურამ ოდიშარიას ვერ წარმოუდგენია, რომ მეჩითოვმა "იუთუბიზე" განთავსებულ ვიდეოში განცხადებები სერიოზულად გააკეთა

გურამ ოდიშარიას ვერ წარმოუდგენია, რომ მეჩითოვმა "იუთუბიზე" განთავსებულ ვიდეოში განცხადებები სერიოზულად გააკეთა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ვერ წარმოუდგენია, რომ მისმა მოადგილემ იური მეჩითოვმა "იუთუბიზე" განთავსებულ ვიდეოში განცხადებები სერიოზულად გააკეთა.

როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გურამ ოდიშარიამ განაცხადა, მას არ უნახავს "იუთუბიზე" განთავსებული ვიდეო, სადაც მისი მოადგილე იური მეჩითოვი აცხადებს, რომ ქართველებმა რუსეთის სადღეგრძელო ყოველდღე უნდა შესვან, ხოლო აჭარა რომ საქართველოს ნაწილია, რუსეთის დამსახურებაა.

ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გურამ ოდიშარიას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მოადგილე აღნიშნულ ვიდეოში გურულებსა და მეგრელებს აუგად მოიხსენიებს.

გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ვიდეოს აუცილებლად ნახავს, ხოლო იური მეჩითოვი იუმორის გრძნობის მქონე პიროვნებაა და ვერ წარმოუდგენია, რომ მან აღნიშნული განცხადებები სერიოზულად გააკეთა.

"იური მეჩითოვი ხალასით და იუმორით აღსავსე პიროვნებაა. შეიძლება ეს სიტყვები მან ოჯახურ წრეში, იუმორით თქვა და მას ეს სერიოზულად არ უთქვამს. გარდა ამისა, მე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ იური მეჩითოვი ყველაზე ბევრ ანეკდოტს სომხებზე ჰყვება, ასევე სოსო ჯაჭვლიანი ყველაზე მეტად სვანებზე ჰყვება ანეკდოტებს. ყოველივე ეს კი, სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. რაც შეეხება, ყოველდღე რუსეთის სადღეგრძელო რომ დალიოს ქართველმა კაცმა, მე ამას არ ვეთანხმები და მიუღებელია", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

გარდა ამისა, მინისტრმა სხვა მოადგილეებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ხათუნა ხუნდაძე, ალექსანდრე მარგიშვილი, მარინე მიზანდარი და იური მეჩითოვი თავისი პროფესიული უნარ-ჩვევებითა და გამოცდილების საფუძველზე გახდნენ მისი მოადგილეები. გურამ ოდიშარიას განცხადებით, სანამ ის წარადგენდა მოადგილეებს, 20-მდე კანდიდატი არსებობდა, რომლებსაც მინისტრის მოადგილეების თანამდებობის დაკავება სურდათ.

მინისტრის განცხადებით, მისი მეგობრები ადგენდნენ სიებს და რეკომენდაციებს აძლევდნენ, რათა მოადგილეებად ესა თუ ის ადამიანი დაენიშნა. თუმცა მან ხუნდაძე, მარგიშვილი, მიზანდარი და მეჩითოვი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების საფუძველზე დანიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: რას ამბობს იური მეჩითოვი მეგრელებზე, გურულებზე და აჭარლებზე?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა