ორი კვირის წინ გაზეთ "ყველა სიახლის" 44-ე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ 2010 წლის 24 ნოემბერს ყაჩაღობის ბრალდებით დაპატიმრებულ ჟურნალისტ არმაზ ხარძიანის მამასთან, ზევსი ხარძიანთან და ადვოკატ ირაკლი გაბრიჭიძესთან, რომლებსაც ხელისუფლების შეცვლამ იმედი ჩაუსახა, რომ ახალ პარლამენტში შექმნილი კომისია არმაზ ხარძიანს პოლიტპატიმრად აღიარებს და ამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყება. ახლახან კი არმაზი საპყრობილეში მასზე ზემოქმედების გარემოებებზე ალაპარაკდა - როგორ ცდილობდნენ, მის გამოყენებას "პალიტრამედიის" და ზოგიერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. გვესაუბრება ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე:
- ჟურნალისტ არმაზ ხარძიანის საქმე ხელახლაა გამოსაძიებელი, რადგან მიმაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარია. თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ: 2010 წლის 24 ნოემბერს, როდესაც არმაზის მამამ, ბატონმა ზევსი ხარძიანმა დამირეკა და მითხრა, არმაზი დააკავესო, გავოგნდი. მეორე დღეს თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი იგეგმებოდა და არმაზს, როგორც "კონსერვატიული პარტიის" წევრს, მონაწილეობა უნდა მიეღო ამ აქციაში. ამიტომ ვიფიქრე, მის დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული უდევს და იარაღს ან ნარკოტიკს ჩაუდებდნენ-მეთქი. თუმცა, ჩემდა გასაოცრად, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ლომბარდის დაყაჩაღებაში დასდეს ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, არმაზ ხარძიანი შევიდა ლომბარდში და მოითხოვა ფული. თანამშრომელმა ქალმა დააპირა, გადაეცა თანხა, თუმცა შემდეგ მოახერხა ოთახიდან გამოსვლა, გარედან კარის ჩეკეტვა და ხარძიანის გამომწყვდევა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი პატრულის გამოძახება. აი, ასე "ოპერატიულად" დააკავეს ხარძიანი ყაჩაღობის ფაქტზე. არმაზს სამ ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. გამოძიების ვერსიით, იგივე ლომბარდი არმაზს ადრეც დაუყაჩაღებია, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. აგრეთვე, თითქოს საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაუყაჩაღებია მწვანილის გამყიდველი ქალბატონი, რომლისთვისაც 50 ლარი წაურთმევია. ამ ქალბატონმა "დაუბრკოლებლად" ამოიცნო არმაზ ხარძიანი. აღსანიშნავია, რომ ამოცნობისას, რომელიც საგარეჯოს დროებით მოთავსების იზოლატორში გაიმართა, საინტერესო ფაქტი მოხდა, გამომძიებელი შემთხვევით არმაზის უფროს ძმასთან მივიდა და ამოცნობის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. როცა არმაზის ძმამ განუცხადა, დაზარალებულმა მე რომ დამადოს ხელი, მერე როგორ მოვიქცეო, უპასუხა, ნუ გეშინია, მან იცის, ხელი ვისაც უნდა დაადოსო...
არჩევნების შემდეგ, როდესაც საპყრობილეებში პატიმრების მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდა, არმაზი მომიყვა, თუ რა ზემოქმედება ხორციელდებოდა მასზე, როგორ მოხდა მისი დაკავება და ა. შ. არმაზი ამბობს, რომ როდესაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, პოლიციის იმჟამინდელ უფროს გოდერძი ნატროშვილს ვუთხარი, შეგეძლოთ ნარკოტიკები ან იარაღი ჩაგედოთ და ისე დაგეჭირეთო, პოლიციის უფროსს უპასუხია, ჟურნალისტი ხარ, იარაღისა და წამლის ჩადება ბანალური ამბავია, ბევრი არ ირწმუნებდა. ამიტომ, რადგან სვანი ხარ, ყაჩაღობას უფრო იოლად დაიჯერებენო.
- ყაჩაღობის ინსცენირება ადვილი არ არის...
- ყაჩაღობის ინსცენირება არც ისე რთული საქმეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სფეროში დახელოვნებულნი არიან. ჩემი აზრით, არმაზი დაიბარეს დათქმულ ადგილას და მოუწყვეს ეს სპექტაკლი. ძნელი დასაჯერებელია, დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში საყაჩაღოდ წასული ადამიანი ლომბარდის თანამშრომელმა ქალმა ოთახში რომ გამოამწყვდია, თუმცა ამის ინსცენირება ადვილად შეიძლება. არმაზი მომხდარზე დაწვრილებით ლაპარაკს ციხიდან გამოსვლის შემდეგ აპირებს. ამჟამად მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყაჩაღობაში მისი დადანაშაულება ცილისწამებაა. მე არმაზის დაპატიმრებას მის ჟურნალისტურ და პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ. პოლიტიკურ სარჩულზე მიუთითებს გარდაბანში მცხოვრები არმაზის მამისადმი მუქარა - შენმა შვილმა ხელისუფლებისადმი კრიტიკული წერილების წერა შეწყვიტოსო. გარდა ამისა, არმაზ ხარძიანი გახლდათ "კონსერვატიული პარტიის" წევრი და ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. პარალელურად ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას მედიასახლ "პალიტრის" გამოცემებში - წერდა სააკაშვილის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სტატიებს. ის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდა და საყაჩაღო არაფერი სჭირდა...