საქართველოს სახელმწიფო ენას რომ საგანგებო დაცვა და ზრუნვა სჭირდება, ამას წინათ ახალი პრემიერ-მინისტრისგანაც მოვისმინეთ, მაგრამ რა გაკეთდება ამისთვის, არავის დაუკონკრეტებია; არც ის უთქვამთ, უნდა აღვადგინოთ თუ არა ქვეყანაში 2004 წელს გაუქმებული მაკონტროლებელი სამსახური - ერთ დროს "ენის პოლიციად" წოდებული საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა. რით იყო მნიშვნელოვანი ასეთი სამსახურის არსებობა და საჭიროა თუ არა ის დღეს? - ამ კითხვებით ენის სახელმწიფო პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ ლევან ღვინჯილიას მივმართეთ:
- საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, შეიქმნა პრეზიდენტის ბრძანებულებით 1997 წლის 24 იანვარს და 2004 წლის ოქტომბერში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით გააუქმეს. 2004 წლის თებერვალში იმჟამინდელმა განათლების მინისტრმა ლომაიამ შემომითვალა თავისი პირველი მოადგილის, ალექსანდრე დიდებულიძის პირით, კარგი იქნება, თანამდებობიდან თუ წახვალო. მიზეზი რომ ვერ დამისახელეს, მოადგილეს დავაბარე მინისტრთან, - უკეთესი იქნება, თუ თვითონ დაწერს განცხადებას და წავა-მეთქი. ამ დღიდან დაიწყო ჩვენ შორის "ომი". ბუნებრივია, ვიცოდი, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა დამნიშნა და ჩემი გათავისუფლებაც მხოლოდ მას ან მისი სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილ პრემიერ-მინისტრს შეეძლო. ასეც მოხდა: ჩემი გათავისუფლების ბრძანება 2005 წლის 5 იანვარს დაუწერია პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ 2005 წლის აგვისტოში შევიტყვე. ამ დროისთვის სამსახურიდან უკვე წამოსული ვიყავი და ენის სახელმწიფო პალატაც ლიკვიდირებული იყო. ის განათლების სამინისტროს შეუერთეს, მალევე სამინისტრომ სტატუსიც შეუცვალა და თავის საქვეუწყებო დაწესებულებად აქცია, შემდეგ კი 3-კაციან სამმართველოდ გადააკეთა.
- რატომ გახდა საჭირო 1997 წელს ენის სახელმწიფო პალატის შექმნა?
- ამგვარი სამსახურის შექმნა მხოლოდ იმ პერიოდსა და იმ წლებში კი არა, ყოველთვის იყო საჭირო. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ივანე ჯავახიშვილისა და სხვა ცნობილ მოღვაწეთა მეთაურობით შეიქმნა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისია, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა დასახელება და, ვიდრე სააკაშვილი გააუქმებდა, საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია ერქვა... სალიტერატურო ენის ნორმების დამკვიდრებას ქვეყანაში ოფიციალურად არავინ ადევნებდა თვალყურს, არც მისი დარღვევისთვის მოეთხოვებოდა ვინმეს პასუხი. თუ მივიჩნევდით, რომ ნორმათა დამდგენი კომისია იყო ერთგვარი "საკანონმდებელი ორგანო", შესაბამისად, "აღმასრულებელი ორგანოც" უნდა არსებულიყო და ამ თვალსაზრისით, როგორც მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე, მთავრობაში, პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში შეიქმნა ახალი სტრუქტურა. თუმცა ამგვარი სამსახურის შექმნის აუცილებლობის საკითხი მანამდე, 1995 წლის შემოდგომაზე დავაყენე. 1996 წელს დედაქალაქის მერის - ბატონი ნიკო ლეკიშვილის ინიციატივით თბილისის მერიაში შეიქმნა სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და ქალაქგაფორმების საზედამხედველო სამსახური. ერთი წლის შემდეგ მისი 5-6-კაციანი ჯგუფი ენის სახელმწიფო პალატის ბირთვი გახდა, ხოლო საქალაქო სამსახური ენის სახელმწიფო პალატის თბილისის სამმართველოდ გადაკეთდა და ანალოგიური სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა. არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვა სახელმწიფო ენის გამოყენებისას: რეკლამის სფეროში, მიმოწერებში, ოფიციალურ საქმისწარმოებაში, ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობასა და კიდევ ძალიან ბევრ სხვა სფეროში და ახალმა სამსახურმაც მიზნად დაისახა, გაეკონტროლებინა, ვინმე ხომ არ არღვევდა ამ წესებს.
- რატომ დაერქვა ენის სახელმწიფო პალატას "ენის პოლიცია"?
- კანადაში, სადაც ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული, ერთ-ერთი პროვინციის - კვებეკის სახელმწიფო ენა ფრანგული გახლავთ. იქ არის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების მაკონტროლებელი სამსახური და მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ პროდუქციაზე არ იქნება გაკეთებული ფრანგულენოვანი წარწერა, ენის სამსახურს შეუძლია, აკრძალოს მისი გაყიდვა, ორენოვანი წარწერებიდან კი ფრანგულენოვანი ზომით 10-ჯერ უნდა აღემატებოდეს ინგლისურენოვანს. ვინც ამ დადგენილ კანონს დაარღვევს, 7.000 კანადური დოლარით ჯარიმდება. კვებეკის მცხოვრებნი ამ სამსახურს არაოფიციალურად "ენის პოლიციას" ეძახიან. ჩვენც მათგან წამოვიღეთ ეს ტერმინი. საქართველოს ენის სახელმწიფო პალატამ წლების განმავლობაში უმცირესი ბიუჯეტით ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აკეთა. ბოლოს ისიც მოვახერხეთ, რომ 2003 წლის იანვრიდან ერთიანი მაკონტროლებელი სისტემა შეიქმნა საქართველოში და ადგილობრივი სამსახურები ცენტრს დაექვემდებარა, თუმცა... 2004 წელს გაგვაუქმეს!
- მიგაჩნიათ, რომ ასეთი სტრუქტურა - ენის სახელმწიფო პალატა დღესაც უნდა არსებობდეს? "ენის პოლიცია" კვლავ გვჭირდება?
- ამ კითხვას 1995 წელს გავეცი პასუხი, როდესაც ასეთი სამსახურის შექმნის საკითხი დავაყენე. საკუთარი ენისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, ჩვენ მაგალითი უნდა ავიღოთ არა ამერიკისგან, არამედ - საფრანგეთისგან, იმის გამო, რომ პრინციპულად განსხვავებული გზით შექმნილი სახელმწიფოებია. რასაც ჩვენ ეროვნულ სიამაყეს ვეძახით, ზოგ ქვეყანაში მოქალაქეობრივი სიამაყის გრძნობად არის "გადაკეთებული". მოქალაქეობა არის "მისამართი", ეროვნება კი - "ვინაობა". ეროვნულობის ერთადერთი ნიშანი არის ენა. როგორც მოუვლი ენას, ისე შეინარჩუნებ ერს. თუ გინდა, ქართველი ერი, როგორც კაცობრიობის სახეობა, მარადიული ფენომენი იყოს, სახელმწიფო ენაზე გამუდმებით უნდა იზრუნო.
თუ გინდა ქართველი იყო, ქართულ ენაში უნდა ცხოვრობდე, ამისთვის კი ქართული ენა მკვიდრად ნაგები უნდა იყოს, არც კედლები უნდა ჰქონდეს გარღვეული და არც სახურავი - ჩაქცეული. კედლების გამაგრება და სახურავის გადახურვა არის სწორედ ენაზე ზრუნვა, რომ არაფერი ვთქვათ მისი საზღვრების დაცვაზე გარეგანი შემოტევებისაგან! პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო "საქართველოს" ადგილას დღეს კაზინო (ადრე რომ საბასეულ "სამორინეს" ვეძახდით) "გრანდ საქართველო" რომ არის განთავსებული და ასევე აწერია დიდი ინგლისური ასოებით, ხოლო ქვეშ მიჭყლეტილი აქვს წიგნის სათაურისხელა ქართული წარწერა - "გრანდ საქართველო", ეს რას ნიშნავს?! გამოდის, რომ ქართული, თურმე, ინგლისურის ქვეშ მისაწერი ენა ყოფილა?! ქართულ ენას რომ ენა ჰქონდეს, ხომ გვკითხავდა: "საქართველოშიც ქვეშ ვარ მისაწერი?! მაშ, ის ადგილი სადღაა, სადაც მე უნდა ვიყო უპირველესი და უმთავრესი? აბა, სახელმწიფო ენა რატომღა მქვია?! თავზე რატომ დამასვით ინგლისური, ვითომ, ის ჩემზე უფრო დიდი რატომ არის?! იმიტომ, რომ ამერიკაშია ნამყოფი? კი არის ის შექსპირის ენა, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მე რუსთაველისა ვარ???"... ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მწარე რეალობა და ენისადმი ასეთი დამოკიდებულებაა ის, რაც ერს ანგრევს და ეროვნულ სხეულს შლის. ყველა ქართველი ჟურნალისტი ვალდებულია, ქართული ენის სადარაჯოზე იდგეს, რადგანაც ჟურნალისტის უმთავრესი იარაღი - ენაა. არც ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილს არ სთხოვა კომენტარი იმის შესახებ, რაც მან სახელმწიფო ენის დასაცავად გასატარებელ საგანგებო ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა პარლამენტის სხდომაზე. ბეჭდურ პრესას ვერ დავემდურები, მაგრამ ტელევიზიებმა არც ერთი ჩემი კოლეგა არ მიიწვიეს ამ თემაზე სასაუბროდ და კომენტარის გასაკეთებლად. ეს არის ჩვენი გულისხმიერება და ქართველობის სადარაჯოზე დგომა? გააზრებული უნდა გვქონდეს, რას ვაკეთებთ, რა დანიშნულება გვაქვს ქვეყანაზე და რისთვის უნდა ვიბრძოდეთ! ერთხელ უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა და მეცნიერმა, ღირსეულმა ადამიანმა, აწ გარდაცვლილმა ჯანრი კაშიამ კითხვაზე, რა არის დემოკრატიაო, უპასუხა: დემოკრატია არის ჟურნალისტიკის დიქტატურაო. ამიტომ ვამბობ: ჟურნალისტები თუ ჩადგნენ ერისა და ეროვნულ ღირებულებათა სამსახურში, ეს ქართველი ერის დიადი გამარჯვების საწინდარი იქნება!
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)