განვაგრძობთ საქართველოს მთავრობის წევრების ასტროლოგიური პარამეტრების გაანალიზებას - ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების ასტროლოგიური კოსმოგრამების მიხედვით ვისაუბრებთ მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე, მოსალოდნელ წარმატებასა თუ პრობლემებზე. დღეს შემოგთავაზებთ იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის ასტროლოგიურ პორტრეტს.
თეა წულუკიანი დაბადებულია 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საგარეო საქმეთა დიპლომატიის აკადემია, სახელმწიფო მართვის სკოლა საფრანგეთში.
თეა წულუკიანის კოსმოგრამაში მზე მერწყულის ზოდიაქოს პირველ გრადუსშია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თავისუფლების მოყვარე პიროვნება იქნება - ძნელად აიტანს თავის საქმეში სხვის ჩარევას და მითითებების მიცემას. იქნება რეფორმების მომხრე და ცვლილებებს შეიტანს იუსტიციის სამინისტროს მუშაობაში. წულუკიანის კოსმოგრამაში არსებული მზე-პლუტონის სასიკეთო კავშირი ძლიერ ნებისყოფაზე, ადამიანების მართვისა და მათზე გავლენის მოპოვების უნარზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ მზე-პლუტონის ნებისმიერი ასპექტი (კავშირი) ადამიანის რკინისებურ ნებისყოფაზე მიუთითებს. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "რკინის ლედი" მარგარეტ ტეტჩერი, რომელსაც პირად ჰოროსკოპში მზისა და პლუტონის კვადრატი ჰქონდა.
თეა წულუკიანის კოსმოგრამაში მთვარე კუროს ზოდიაქოშია. ასეთი ასტროლოგიური პარამეტრის მქონე ადამიანი ემოციურად თავშეკავებულია, რაც ურთიერთობების სწორად წარმართვაში ეხმარება.
იუსტიციის ახალი მინისტრის კოსმოგრამაში დადებითად არის განთავსებული პლანეტა მარსიც, რომელიც ასტროლოგიაში ძალისა და ინიციატივის გამოვლენასა და ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს. თეა წულუკიანის პირად კოსმოგრამაში მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოშია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობის დაცვა, ის ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისა და დაცვისთვის. აღსანიშნავია, რომ მას სამართლიანობის დაცვის გზაზე სერიოზული წინაღობები არ შეექმნება, პირიქით - ცვლილებები, რომლებსაც ის განახორციელებს, ადამიანებს სამართლიანობის განცდას განუმტკიცებს.
თეა წულუკიანის კოსმოგრამაში გამარჯვების, საქმიანობისა და გავლენის გაფართოების პლანეტა იუპიტერს თევზების ზოდიაქოში საკმაოდ სასიკეთო მდებარეობა უკავია. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანი იოლად ავლენს თავის ღირსებებს, ამასთანავე, ეს ასპექტი ადამიანების დაცვისა და მათზე მზრუნველობის უნარზეც მიანიშნებს, რაც ასე მნიშვნელოვანია იუსტიციის მინისტრისთვის.
საყურადღებოა "პრობლემებისა და წინაღობების" მმართველი პლანეტის - სატურნის მდებარეობა. სატურნი თეა წულუკიანის კოსმოგრამაში კირჩხიბის ზოდიაქოშია, რაც დადებით განლაგებად არ მიიჩნევა. ასეთი ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა და ფაქიზი დამოკიდებულება აქვს ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, წარმოშობასთან, მშობლებთან.
თეა წულუკიანის კოსმოგრამაში ე.წ. მთვარის ჩრდილოეთი კვანძი - მშვილდოსნის, სამხრეთი კვანძი კი ტყუპის ზოდიაქოშია. ეს მიანიშნებს, რომ იუსტიციის ახალი მინისტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უცხოეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, აგრეთვე - კავშირები უცხოელ კოლეგებთან, რადგან თავისი მისიის შესასრულებლად ხშირად მოუწევს უცხოელებთან ურთიერთობა.
ქალბატონ თეას ყურადღების გამოჩენა მართებს 2012 წლის დეკემბერში, 2013 წლის მარტის ბოლოსა და აპრილში, აგრეთვე, 20-29 ივნისის შუალედში, რადგან ამ პერიოდებში მოიმატებს კრიზისული ვითარების შექმნისა და შეცდომების დაშვების ალბათობა.
თეა წულუკიანისთვის შედარებით დადებითი იქნება 2012 წლის ნოემბერი, 2013 წლის თებერვალი და მაისი, ამ პერიოდებში მის საქმიან და პირად ცხოვრებაში მოიმატებს წარმატების ალბათობა.
რამაზ გიგაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)