დედაქალაქის მერი, გიგი უგულავა თბილისელებს ბოდიშს უხდის იმ პრობლემების გამო, რომელიც ავტობუსების მძღოლების გაფიცვის გამო შეექმნათ.
როგორც გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, იმის გამო, რომ ავტობუსები არ მუშაობდა, გადატვირთული იყო როგორც მეტროპოლიტენი, ასევე სამარშრუტო ტაქსები.
"ჩვენ ბუნებრივია ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მინიმუმზე დაგვეყვანა ეს დიკომფორტი. გამოყვანილი იყოს მეტროს დამატებითი ვაგონები და დამატებითი სამარშრუტო ტაქსები", -განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება მძღოლების გაფიცვის ფაქტს, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ამ საკითხს უფრო გლობალურ კონტექსტში განიხილავს.
"რამდენიმე კვირაა არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ვხედავთ მუდმივ გამოსვლებს, გაფიცვებს, საპროტესტო აქციებს. ეს ადამიანის თვითგამოხატვის თავისუფლებაა და ამას ვერავინ და არავინ შეზღუდავს. მძღოლებთან ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი. მთავარი და პრინციპული საკითხი არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ერთი კოლექტივი, გასაყოფი არაფერი არ გვაქვს და რაც კი შესაძლობა იქნება, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად კარგი პირობები შევუქმნათ მათ",-განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, 3 თვის წინ მძღოლებს 20%-ით გაეზარდათ ხელფასი, ხოლო კომპანიის ხარჯზე მიიღეს დაზღვევა.
"ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხელფასია. წლევანდელი წლის ბიუჯეტიდან ეს შეუძლებელია, რადგან 2 თვეა დარჩენილი. რაც შეეხება 2013 წლის ბიუჯეტს, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა და პარლამენტი რამდენად გაითვალისწინებს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც სჭირდება ქალაქს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ საკრებულოში და თითოეული კაპიკი იქნება გადანაწილებული", -აღნიშნა უიგულავამ.
ამასთან, მერმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალიდან ავტობუსების მოძრაობა აღდგება.