კალიფორნიის სასამართლომ სკანდალურ ფილმ "ისლამის უცოდველობის" პროდუსერს ნაკულა ბესლი ნაკულას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელი მან ვადაზე ადრე გათავისუფლების წესების დარღვევისთვის მიიღო.
ნაკულა ბესლი ნაკულას, რომლის ნამდვილი სახელი მარკ ბესლი იუსუფია, 2011 წელს თაღლითობისთვის 21 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2012 წლის ივნისში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების ერთ-ერთი პირობა იყო ინტერნეტის და პოლიციის განსაკუთრებული ნებართვის გარეშე ფსევდონიმის არგამოყენება.
კალიფორნიაში მცხოვრები ეგვიპტელი კოპტი მარკ ბესლი იუსუფი 2012 წლის 27 სექტემბერს ვადაზე ადრე გათავისუფლების წესების დარღვევის გამო დააპატიმრეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ფსევდონიმის გამოყენების აკრძალვა არაერთხელ დაარღვია, მათ შორის სკანდალურ ფილმზე მუშაობისას. მარკ ბესლი იუსუფს ბრალდება რვა პუნქტით წაუყენეს. დანაშაული მან მხოლოდ ოთხი პუნქტით აღიარა.
2012 წლის სექტემბერში ფილმ "ისლამის უცოდველობის" ინტერნეტში განთავსებულმა ფრაგმენტებმა მუსლიმანურ ქვეყნებში საპროტესტო ტალღა და სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობაზე შეტევა განაპირობა. ფილმი წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას ჰყვება და მუსულმანების დაცინვას შეიცავს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.