გუშინ მთელი დღის განმავლობაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ პროკურატურამ 2008 წლის ომის გმირი გიორგი კალანდაძე დააკავა და ეს ქვეყნის იმიჯისთვის საზიანოა. სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი საპასუხოდ ამბობს, რომ კალანდაძის მეოთხე ბრიგადამ ომის დროს ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა და მარტო ამიტომაც კი უხერხულია მას გმირი ეწოდოს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სამხედრო მოსამსახურეები წლებია, ვინაობის გამხელის გარეშე კალანდაძეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში სდებდნენ ბრალს.
ვინ არის გიორგი კალანდაძე?
2008 წლის აგვისტოს ომში 28 წლის კალანდაძე მეოთხე ბრიგადას მეთაურობდა. სამხედრო ექსპერტების თქმით, ამ ბრიგადას ომში ყველაზე მეტი ადამიანი დაეღუპა, დაკარგა 26-ვე ტანკი, 9 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და მთელი არტილერია.
მიუხედავად ასეთი დიდი დანაკარგისა, 2008-დან 2012 წლის ჩათვლით, სულ რაღაც 4 წელიწადში, მან შეძლო გაევლო წოდებრივი საფეხურები: კაპიტანი, მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი და ბრიგადის გენერალი და საკმაოდ ახალგაზრდას, 32 წლის ასაკში მიღებული აქვს თითქმის ყველა სამხედრო ჯილდო.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი სისწრაფით წინსვლა ნორმალური ქვეყნის არმიაში წარმოუდგენელია. რამდენიმე კვირის წინ კი, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანია დაასახელა, პრეზიდენტმა გენერალური შტაბის უფროსად სწორედ ახალაიას ნდობით აღჭურვილი პირი, 32 წლის გიორგი კალანდაძე დანიშნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო, თუმცა ექსპერტების მტკიცებით, გაერთიანებულ შტაბს მანამდეც რეალურად სწორედ შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ახალგამომცხვარი ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ბაჩო ახალაიას ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
"აგვისტოს ომის გმირი დაკავებულია ისეთ ვითარებაში, რომელიც შეიარაღებული ძალების პატივისცემას არ შეესაბამებოდა", - ოფიცრების ცემის გამო გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავების გამო საგანგებო განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნების დაკავება არ შეესაბამებოდა არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას.
"წინასაარჩევნოდ გვესმოდა დადანაშაულება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გააჩაღა ომი, სამწუხაროდ, ეს მოვისმინეთ არჩევნების შემდეგაც. დღეს დილით კი მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი სხვა პირებთან ერთად დაკავებულია ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას, არც შეიარაღებული ძალების როლს ჩვენს საზოგადოებაში", - შეშფოთებას გამოთქვამს სააკაშვილი.
ქვეყნისთვის საგანგაშო მოვლენა უწოდა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებას.
"სახეზეა პროკურატურის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყველა ნიშანი. გიორგი კალანდაძის შემთხვევაში სახეზე გვქონდა გაცხადებული ამოცანა, რომ ის უნდა ჩანაცვლებულიყო კაპანაძით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ამაზე როდესაც უარი მიიღეს, ვნახეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნით მოხდა 2008 წლის ომის გმირის ჩამოცილება და დაკავება", - ამბობს ბოკერია.
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ კალანდაძე ომის გმირი არ არის და თუკი ობიექტური გამოძიება ჩატარდება, შესაძლოა, უფრო უარესი რამ გამოჩნდეს.
ირაკლი ალადაშვილი:
"2008 წლის ომში კალანდაძის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა მე-4 ბრიგადამ პირად შემადგენლობაში ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა. ამ ბრიგადამ ომში დაკარგა ყველა, 26-ვე ტანკი, მთელი არტილერია და ასევე ქვეითთა ყველა საბრძოლო მანქანა. ერეკლე ყრუაშვილიც იქ დაიღუპა, ყველაზე მეტი მეოთხე ბრიგადიდან დაიღუპა და მიმაჩნია, რომ ეს სპეციალური ჯგუფის გამოსაძიებელია. საპარლამენტო საგამოძიებო ჯგუფმა ეს თემა ობიექტურად არ გამოიძია. გამოძიების შემდეგ გამოჩნდება, ვინ არის გმირი და ვინ - არა.
პირადად მე მიმაჩნია, რომ კალანდაძე ომის გმირი არ არის და თუკი ობიექტური გამოძიება ჩატარდება, შესაძლოა, უფრო უარესი რამ გამოჩნდეს. მე მას გმირს ვერაფრით ვერ ვუწოდებ!
აგვისტოს ომიდან დაწყებული და შემდგომ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის პოსტზე მისი საქმიანობა უნდა გადაიხედოს. ასეთი ადამიანი აქამდე ხელმძღვანელობდა ქართულ არმიას, ნამდვილად მებრძოლი ოფიცრები კი, მათ შორის თუნდაც ტანკისტი მამუკა გორგიაშვილი და არტილერისტი მამუკა ფარეშიშვილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა პროფესიონალი სამხედრო, დღემდე ციხეში სხედან..."
ალადაშვილი ამბობს, რომ ბაჩო ახალაიასთან ერთად თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას კალანდაძე ახორციელებდა და მას ამის შესახებ სტატია "არსენალშიც" დაუწერია.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ომის მონაწილე იყო მზვერავი როინ შავაძე და როცა ის დააკავეს, აწამეს და მოკლეს, მაშინ ახლანდელი უმცირესობის წარმომადგენლებისგან არ ყოფილა შეშფოთება გამოთქმული და არ დასმულა კითხვა, აგვისტოს ომის მონაწილეს რატომ მოექცნენ ასე.
"ასევე ძალიან ბევრი სამხედრო პირი, 2008 წლის მონაწილე დაკავებულია და არც ერთ შემთხვევაში არ მახსოვს, მსგავსი შეკითხვა დასმულიყო", - ამბობს აქუბარდია.
სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაურის თქმით, გმირობის დეფინიცია ცოცხალი ადამიანის მიმართ საერთოდ არასწორად მიაჩნია.
"თუ გახსოვთ ომის დროს მეოთხე ბრიგადასთან კავშირი ორი დღის განმავლობაში საერთოდ არ არსებობდა და ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. იყო საუბარი, რომ ბრიგადა მთლიანად დაიღუპა. კალანდაძის, როგორც ბრიგადის მეთაურის შეფასება არ შემიძლია, რადგან ომში ამ ბრიგადის ქმედებაზე ჩვენ რეალურად დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები არ გაგვაჩნია. ეს თემა, რა თქმა უნდა, აქტუალურია. ამიტომაც ამ თემაზე ყოველმხრივი მოკვლევა უნდა ჩატარდეს და საბოლოოდ უნდა გაირკვეს, როგორ მოქმედებდა არა მარტო მეოთხე ბრიგადა, რატომ იყო, რომ ჩვენი ჯავშანტექნიკის 70% დაუზიანებელი დავუტოვეთ რუსებს და ა.შ. როცა ინფორმაცია არ გვაქვს, კალანდაძის გმირობა- არაგმირობაზე საუბარი არასერიოზულია", - ამბობს მელითაური.
ეკა ბასილაია