მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 4,344 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც შეეხება საქართველოს მთლიან საგარეო ვალს, 2012 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ის 12 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა "ვარდისფერი" ხელისუფლებისაგან საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა მიიღო:
- საგარეო ვალში გამოარჩევენ რამდენიმე ჯგუფს: პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს ვალი, რომელიც უნდა გადაიხადოს უშუალოდ სახელმწიფომ, მაგრამ, გარდა ამისა, ვალი შეიძლება აიღოს ნებისმიერმა კერძო სტრუქტურამ და ის არ არის სახელმწიფოს გადასახდელი. რაც შეეხება ქვეყნის მთლიან საგარეო ვალს, ეს არის ჯამი სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების მიერ აღებული ვალებისა. როდესაც ვსაუბრობთ 12 მილიარდ დოლარზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სახელმწიფო ვალი კი არ არის, არამედ მთლიანად ქვეყნისაა. ეკონომიკაში მიღებულია ასეთი პარამეტრი: სახელმწიფოს ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიგა პროდუქტის 60 პროცენტს და თუ არ აღემატება, ეს ნორმალურია. ამ პარამეტრით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი სახელმწიფო ვალი მართლაც არ არის მძიმე, რადგან მთლიანი შიგა პროდუქტის 40 პროცენტს არ აღემატება, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ერთი ნიუანსი: ჩვენში სახელმწიფო ვალს ორ ნაწილად ყოფენ - სამთავრობო ვალად და ეროვნული ბანკის ვალად. აუცილებელია, რომ საგარეო ვალის საკითხს სხვა თვალითაც შევხედოთ: სახელმწიფო ვალში არ შედის, მაგრამ ვიცით, რომ რკინიგზამ ობლიგაციები გამოუშვა, "საქართველოს რკინიგზა" სახელმწიფო კომპანიაა და თუ ამ თანხას ვერ გადაიხდის, ჩვენ მას დავკარგავთ. ქვეყნის მთავრობა ამ დროს გვერდზე ხომ ვერ გადგება და თვალს ხომ ვერ დახუჭავს? თუ რკინიგზას პრობლემა შეექმნება, ეს თანხაც ბიუჯეტის გადასახდელი იქნება. ამიტომ, მარტო იმის მიხედვით კი არ უნდა ვიმსჯელოთ, როგორია სამთავრობო ან სახელმწიფო ვალი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ როგორია მთლიანი საგარეო ვალი. სამივე პარამეტრს ყურადღება უნდა მივაქციოთ: სახელმწიფოს ვალსაც, საბანკო სექტორის ვალსაც და მთლიან საგარეო ვალსაც. მარტო ერთი პარამეტრით რეალურ სიტუაციას ვერ შევაფასებთ.
- რას გვეტყოდით საბანკო სექტორის მიერ აღებულ ვალზე?
- ეს ცალკე პრობლემაა. საბანკო სექტორის ვალი საბანკო სექტორმა უნდა გადაიხადოს, რადგან ეს კერძო კომერციული ბანკების მიერ აღებული ვალია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ რომელიმე ბანკს პრობლემა შეექმნება, მაშინ მთავრობაც იძულებული იქნება, საქმეში ჩაერთოს, და ეროვნული ბანკიც. როდესაც ქვეყნის საგარეო ვალის 20 პროცენტი სწორედ საბანკო სექტორზე მოდის, გულგრილი ვერ იქნები იმიტომ, რომ თუ საბანკო სექტორის გადარჩენა გახდება საჭირო, ესეც მთავრობის და ეროვნული ბანკის თავსატეხი იქნება. დღეს ჩვენი ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, ანუ სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და კერძო სექტორის მიერ აღებული ვალი, მთლიანი შიგა პროდუქტის 75-77 პროცენტს აღწევს. ეს მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, მაგრამ არსებობს სხვა მაჩვენებლებიც, რომლებიც მართლა საგანგაშოა. კერძოდ, ეს არის საგარეო ვალი ექსპორტთან შედარებით. ჩვენ ვიცით, რომ ექსპორტი ვალუტის შემოდინების რეალური წყაროა და საკმაოდ ხშირად ეკონომისტები იყენებენ ასეთ მიდგომას: საგარეო ვალს ადარებენ ექსპორტს. მაგალითად, ჩვენი მთავრობის ვალის შეფარდება ექსპორტთან არის 176 პროცენტი, სახელმწიფო ვალის, ანუ სამთავრობო ვალს დამატებული ეროვნული ბანკის ვალის შეფარდება ექსპორტთან 214 პროცენტია, თუ კომერციული ბანკების ვალსაც გავითვალისწინებთ, შეფარდება ექსპორტთან არის 295 პროცენტი, ხოლო ჯამში, მთელი ქვეყნის საგარეო ვალს თუ შევადარებთ ექსპორტს, ეს უკვე 509 პროცენტია. თუ ამ მონაცემებს დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული სიტუაცია გვაქვს, რადგან ეს რიცხვები ერთ რამეზე მიუთითებს: ექსპორტის დონე ქვეყანაში ძალიან დაბალია, რის გამოც ჩვენს ეკონომიკას არა აქვს უნარი, საგარეო ვალებს მოემსახუროს. სწორედ ამის გამო ვალის გასტუმრების ყველაზე ქმედითი გზა საქართველოსთვის ერთია: ახალი საგარეო ვალის აღება და ამ თანხით ძველის გასტუმრება.
- ესე იგი, თითქოს ყველაფერი რიგზეა, საგარეო ვალსა და მთლიან შიგა პროდუქტს შორის ბალანსიც დაცულია, მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა?
- სინამდვილეში ძალიან მძიმე სურათი გვაქვს იმიტომ, რომ საგარეო ვალის შეფარდება ექსპორტთან კატასტროფულია. ჩვენი ეკონომიკა ამ საგარეო ვალს ვერ ემსახურება და ამის დასტურად კონკრეტულ მაგალითსაც შეგახსენებთ: 2008 წელს მთავრობამ ევროობლიგაციები გამოუშვა და ნახევარი მილიარდის ოდენობის ვალი აიღო, რომლის გადახდის ვადა 2013 წელი უნდა ყოფილიყო. 2013 წელს ჩვენ ამ ვალს ვერ გადავიხდიდით, ამიტომ 2011 წელს ახალი ევროობლიგაციები გამოუშვეს, რომლითაც დაიფარა ძველი ვალის 84 პროცენტი, ანუ, ახალი ვალით დავფარეთ ძველი, რაც სასურველი ნამდვილად არ არის. არაფერს ვამბობ იმ 4,5 მილიარდიან დახმარებაზე, რომელიც საქართველომ მიიღო აგვისტოს ომის შემდეგ, რადგან ეს იყო ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული უმნიშვნელოვანესი დახმარება. გარდა ამისა, საქართველომ მიიღო 1 მილიარდ 300 მილიონიანი კრედიტი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. ბუნებრივია, რომ ეს თანხები აკუმულირდება, როგორც ქვეყნის საგარეო ვალი, მე მხოლოდ ისეთი დაუფიქრებლად აღებული ვალები მაწუხებს, როგორიც საქართველოს მთავრობამ "აიკიდა" 2008 წელს, ევროობლიგაციების გამოშვების შედეგად. მართალია, ამ თანხის გადახდა 2021 წლამდე გადავდეთ, მაგრამ ეს ცხრა წელიც ისე მალე გაირბენს, როგორც "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე გავიდა.
- თუმცა, სააკაშვილის მთავრობა გვამშვიდებდა, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და არსებული ვალი ქვეყნისათვის საგანგაშო სულაც არ იყო.
- მთავრობას ყოველთვის აქვს სურვილი, რომ საზოგადოებაში პანიკა არ დათესოს, არც მე მინდა პანიკის გამოწვევა, რადგან საპანიკოდ საქმე არ გვაქვს, მაგრამ სიმართლეზე თვალს ვერ დავხუჭავთ: როცა მე გეუბნებით, რომ ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მთლიან შიგა პროდუქტთან შეფარდება სადღაც 77%-ია, ეს არ არის საშიში მაჩვენებელი, მაგრამ ამასთანავე, როცა გეუბნებით, რომ ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის შეფარდება ექსპორტთან 500 პროცენტია, ეს უკვე სავალალო სიტუაციაა. ვიმეორებ, პრობლემა ის კი არ არის, რომ ვალი გვაქვს, პრობლემა ის არის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ქმნის რესურსს, რომ ამ ვალებს მოემსახუროს. ვალი უნდა გადაიხადო, ვალს არავინ გაპატიებს.
- ბატონო ლადო, ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ საგარეო ვალი აქვს ყველა სახელმწიფოს, განვითარებულ ქვეყნებს ტრილიონობით დოლარის ვალი აქვთ.
- დიახ, ვალი ყველა სახელმწიფოს აქვს. მხოლოდ რამდენიმე კარჩაკეტილი ქვეყანა ახერხებს ვალის გარეშე არსებობას. გავიხსენებ კომუნისტური რუმინეთის მაგალითს; ამ ქვეყანას კომუნისტი დიქტატორი ჩაუშესკუ მართავდა. 1980-იან წლებში ჩაუშესკუმ იმდენი მოახერხა, რომ რუმინეთს საგარეო ვალი საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ქვეყანა მაინც მძიმე მდგომარეობაში იყო. ქვეყნები, რომლებსაც ვალი არა აქვთ, უმეტესად დახურული კარის პოლიტიკას ეწევიან. განვითარებულ ქვეყნებსაც აქვთ საგარეო ვალი, მაგრამ რესურსიც ჰყოფნით მისი მომსახურებისათვის და საჭიროების შემთხვევაში გასტუმრებისათვისაც. ფაქტია, რომ ახალ მთავრობას "ვარდისფერი" ხელისუფლებისაგან ამ მხრივ მძიმე მემკვიდრეობა ერგო.
- სხვათა შორის, არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა თქვა: ზოგიერთ დაპირებას საკუთარი ფინანსების იმედით ვიძლევიო.
- დიახ, მან მათლაც თქვა ასეთი ფრაზა, მაგრამ ერთია ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი და მეორე - როგორც საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. ეს ორი სხვადასხვა სტატუსია და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სააკაშვილი აქტიური პოლიტიკიდან ჯერ არ წასულა და მთავრობა რეგიონებს რეალურად ვერ აკონტროლებს. ქვეყანაში ნამდვილად არ არის მარტივი სიტუაცია. მთავრობას ესაჭიროება მეტი სიფრთხილე და მინიმალური შეცდომები, რომ სააკაშვილის რეჟიმს რევანშის შანსი არ მიეცეს. მოსახლეობის განწყობა "ვარდისფერი" რეჟიმის მიმართ მკვეთრად უარყოფითია, მაგრამ ახალმა მთავრობამ ხალხისთვის მიცემული მთავარი დაპირებები მაინც უნდა შეასრულოს. ვფიქრობ, რომ ახალი ეკონომიკური გუნდი სწორ ნაბიჯებს გადადგამს, რადგან იქ არის ხალხი, რომელსაც მთავრობაში ყოფნის საკმაო გამოცდილება აქვს - თუნდაც დავით კირვალიძე, რომელიც ადრეც იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი ან ნოდარ ხადური, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. საკმაოდ ნიჭიერი ეკონომისტები არიან გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია. ჩემი აზრით, ასეთი ძლიერი ეკონომიკური გუნდი საქართველოს მთავრობას ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არ ჰყოლია.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)