"ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია. ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია. თუ კეთილად მოეპყრობი, მისი მართვა ადვილია, მაგრამ საკმარისია, რაიმე აიძულო, ადგილიდან არ დაიძვრება. მას შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოს შენახვა, მაგრამ მის ბუნებაში შეღწევა რთულია. არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი დიზაინერ ანუკი არეშიძის ზოდიაქოს ნიშანია. როცა მას დავურეკე და ინტერვიუსთვის შეხვედრა ვთხოვე, იუარა, - ქვეყანაში ისეთი ამბები ხდება, რომ ამ თემაზე ლაპარაკის განწყობა არ მაქვსო. თუმცა, ჩვენი შეხვედრა მოგვიანებით მაინც შედგა.
- ასტროლოგიით ბავშვობაში უფრო მეტად ვიყავი დაინტერესებული და პროგნოზსაც ხშირად ვეცნობოდი. მახსოვს, მშობლებმა ასტროლოგს ჩემი პირადი ჰოროსკოპიც შეადგენინეს, მაგრამ არ მისარგებლია.
- "მისი სულიერი მდგომარეობა ხშირად, მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. ამიტომაცაა, რომ ხასიათი ხშირად ეცვლება".
- ხასიათი მართლაც, ხშირად მეცვლება. ახალმთვარეობას ვარ დაბადებული. კარგი ინტუიცია მაქვს და ზოგჯერ, საოცარ სიზმრებს ვნახულობ. ისიც ვიცი: ნანახზე თუ არ ვილაპარაკებ, ყველაფერი ამიხდება, თუ ვიტყვი - არა. ზოგჯერ რაღაც რომ მოხდება, მერე ვამხელ: ეს სიზმარში ნანახი მქონდა-მეთქი.
- "ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".
- ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები, მელანქოლიკი ნამდვილად არ ვარ.
- "მისი წყენინება ადვილია, მაგრამ რთულია უგუნებობის მიზეზის გარკვევა".
- ზოგჯერ უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვიღვიძებ და ასეთ დროს ვინმემ უგუნებობის მიზეზი რომ მკითხოს, პასუხს ვერ გავცემ. ყოველთვის ვცდილობ, ცუდი ხასიათით სხვებს დისკომფორტი არ შევუქმნა.
- "კირჩხიბს შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოს შენახვა, მაგრამ არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".
- საიდუმლო მტერსაც შემიძლია, შევუნახო. რაც შეეხება გრძნობების გადმოცემას, - ეს ძალიან კარგად გამომდის შვილებთან, მეუღლესთან, ოჯახის სხვა წევრებთან, მეგობრებთან. საერთოდ, წერით უფრო მიადვილდება იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ, ვიდრე - ლაპარაკით.
- "ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე - გონებით".
- ასეა! ჩემი ინტუიცია თითქმის ყოველთვის მართლდება.
- არჩევნებთან დაკავშირებით შენი ინტუიცია რას "გეუბნება"?
- თავის დროზე, როცა კახიმ მითხრა, რომ მას ფეხბურთისთვის თავის დანებება და პოლიტიკაში წასვლა უნდოდა, დავეთანხმე. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვიცი, რისი გაკეთება უნდა და ამიტომაც, მაქსიმალურად შევუწყვე ხელი. მის შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ვეცდებოდი და ბევრს "ვიმუშავებდი" საიმისოდ, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა.
- დღეს ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად რას ამბობს?
- არ ნანობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელევიზიიდან დაურეკეს და სთხოვეს, - იმ თამაშების ფირები მოგვეცით, რომელშიც მონაწილეობდითო. კახიმ ფირების შერჩევისას ის ვიდეოები ნახა, სადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. უყურა იმ გამარჯვებას და თვალზე ცრემლი მოადგა. ეს ბუნებრივია - როგორ შეიძლება არ მოგენატროს საქმე, რომელსაც წლების მანძილზე აკეთებდი, ძალიან გიყვარდა და რომელიც შენი ცხოვრების ნაწილი იყო?! კახის ხალხი უყვარს და სიამოვნებს, როცა ვინმეს ეხმარება, ეს კი პოლიტიკაში მყოფი ადამიანისთვის აუცილებელი თვისებაა.
- პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, კახი ამ ნაბიჯს მაინც გადადგამდა?
- აუცილებლად! უბრალოდ, ეს პროცესი ბატონი ბიძინას გამოჩენამ დააჩქარა.
- "თუ კეთილად ეპყრობიან, მათი მართვა ადვილია, მაგრამ საკმარისია, რაიმე აიძულო, ადგილიდან არც კი დაიძვრება".
- ტკბილი სიტყვით ყველაფერს გამაკეთებინებ, მაგრამ იმასაც გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ.
- "ძალიან მოსიყვარულე ნიშანია. შეუძლია ადამიანები ბოლომდე შეიყვაროს ან სასტიკი მტერიც იყოს".
- ყველა ადამიანთან ბოლომდე ვიხარჯები, ყველას ამოვუდგები მხარში, მაგრამ საკმარისია ვინმეს ისეთი რაღაც შეეშალოს, რასაც საკუთარ თავსაც არ ვაპატიებდი, მერე ის ადამიანი ჩემ გვერდით ვეღარ იქნება. ბავშვობაში ბევრმა გული ცუდად მატკინა. ახლა ჩემთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ, მაგრამ მათთან მეგობრობის სურვილი ნაკლებად მაქვს.
- ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პოლიტიკური ნიშნით რომელიმე მეგობარს ხომ არ დაშორებიხარ?
- არა. ახლო მეგობრები ერთ აზრზე ვართ. თუმცა, ჩემს შეხედულებას რომც არ იზიარებდნენ, ამისთვის არავის დავკარგავ. მთავარია, პიროვნულად არ ჩაიჭრან.
- "თუ მას არასწორად მოექცევი, არასდროს გაპატიებს. ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".
- ასტროლოგებს ნაწილობრივ ვეთანხმები. შურისძიებაზე რამდენჯერმე წავსულვარ და მიზნისთვისაც მიმიღწევია.
- "რეალურად, კირჩხიბის ძალიან ცოტა ადამიანს თუ ესმის".
- იმის განცდა, რომ ადამიანები ვერ მიგებენ, ნამდვილად არ მაქვს.
- "უყვარს ფულის შეგროვება".
- მფლანგველი არასდროს ვყოფილვარ. ბავშვობიდან ფულს ვაგროვებ, მაგრამ ძუნწი არ ვარ. შემიძლია დაგროვილი თანხა სხვას მივცე და მერე არც მოვთხოვო.
- "კირჩხიბს თუ რამე სურს (საყვარელი ადამიანიდან დაწყებული, უბრალო საგნამდე დამთავრებული), მთელი ძალით "ჩააფრინდება" და მას ხელიდან ვერავინ გააგდებინებს".
- (იცინის) რაც ჩემია, ჩემი უნდა იყოს! არც ნივთების განათხოვრება მიყვარს. მესაკუთრე ვარ.
- შეყვარებულობის პერიოდში კახიზე ასეთი "ჩაფრენილი" იყავი?
- არა, ეს ქორწილის მერე დამემართა - ანუ მაშინ, როცა გავითავისე, რომ ის მართლა ჩემი იყო. კახიც მესაკუთრეა.
- "პარტნიორის არჩევის დროს ის ბევრ თვისებას დეტალურად აფასებს".
- მართალია. კახი ჩემ მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო და დღესაც ასეა. მას ბევრი კარგი თვისება აქვს.
- "უსაფუძვლო შიშები ახასიათებს".
- ახლობელი ადამიანების დაკარგვის მეშინია, სხვა - არაფრის.
- "მისი სახე სარკეა, რომელზეც შინაგანი განწყობაა ასახული".
- ვინც კარგად მიცნობს, ადვილად გამოიცნობს, როგორ ხასიათზე ვარ. ზოგჯერ თავის ხელში აყვანასაც ვცდილობ, მაგრამ ესეც მეტყობა. ემოციური ვარ.
- შორსმჭვრეტელი ხარ?
- კი.
- რისკიანი?
- ვერ ვიტყვი, რომ რისკზე ხშირად მივდივარ. მამა ბავშვობიდანვე მარიგებდა: სანამ რამეს იტყვი ან გააკეთებ, ათამდე დაითვალეო. ჰოდა, ყოველთვის ასე ვიქცევი. რისკი ნაკლებად მიზიდავს.
- გველის წელში დაბადებული ადამიანები 5 ნიშნად იყოფიან. პირადად შენ, "მიწის გველის" კატეგორიას განეკუთვნები. ასტროლოგები სხვებისგან მშვიდი ხასიათით გამოგარჩევენ.
- მშვიდი შვილის გაჩენის შემდეგ გავხდი, მანამდე მეტად მხიარული და ხალისიანი ვიყავი.
- "როცა საქმე სახლის დეკორაციას ეხება, გველი არჩევანს მშვიდ ტონებზე აკეთებს. ურჩევნია, ერთი ძვირად ღირებული ნივთი ჰქონდეს, ვიდრე 10 და უხარისხო".
- სახლის დალაგება, მორთვა, ინტერიერის განახლება ძალიან მიყვარს. საოჯახო საქმეების კეთებაში, სახლის დაწკრიალებაში ტოლს არავის დავუდებ; თუ ეს ფიზიკურად არ შემიძლია ან სხვა საქმით ვარ დაკავებული, დამხმარე მომყავს. თუმცა, სახლს უმეტესად მე ვალაგებ.
- "ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს, რადგან ნაკლებად გახსნილი ნატურაა".
- ძალიან ბევრი ნაცნობი და ახლობელი მყავს, მაგრამ მხოლოდ 2-3 ადამიანთან ვარ ბოლომდე გახსნილი, მათ შორის - ერთ-ერთი დედაჩემია.
- სოციალურ ქსელში შენს ფოტოებს ვათვალიერებდი და როგორც მივხვდი, ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან ახლობლობ. ქალბატონ ეკაზე რას გვეტყვი?
- ერთმანეთს ბევრჯერ შევხვედრივართ. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ის პატარასთან პატარაა, დიდთან - დიდი. არაჩვეულებრივი დედა და კარგი მეუღლეა. ის არის ადამიანი, ვისგანაც შეიძლება ბევრი რამ ისწავლო. მინდა სულ ილაპარაკოს, მე კი ვუსმინო.
- ბერა შენი შვილის - ლევანიკოს ნათლიაა. კახი და ბერა ერთმანეთს როგორ დაუმეგობრდნენ?
- მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პირველი განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. მერე ბერას ბუბუკა მოვანათვლინეთ და დავნათესავდით კიდეც. ბერა ყურადღებიანი ნათლიაა, ბუბუკა მასზე გიჟდება - მის სიმღერებს გვართვევინებს და უსმენს. არა მგონია, ღვიძლ ძმებს ბერაზე და კახიზე უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი. ის კარგად აღზრდილი ადამიანია.
- "საზოგადოებას უჭირს გველთან ურთიერთობა, რადგან ის საიდუმლოებებით მოცული პიროვნებაა".
- ტყუილია! საიდუმლოებებით მოცული ნამდვილად არ ვარ.
- "მთვარიანი იდუმალი ღამე უყვარს. მთვარის შუქი მის ცვალებად ხასიათს მშვენივრად ერწყმის".
- მთვარიან ღამეში სეირნობა მიყვარს და ამაზე არც კახი ამბობს უარს.
- "ურთიერთობაში ხშირად ეჭვიანი და ეგოისტი ხდება. პარტნიორისგან შეუძლებელსაც კი ითხოვს".
- ყოფილა შემთხვევა კახისგან შეუძლებელი მომითხოვია, რაღაც უაზრობა მითქვამს, მერე კი დავფიქრებულვარ და ჩემს ნათქვამზე გამცინებია. კიდევ კარგი, კახის ჩემი ესმის.
- "დასახულ მიზანს პირდაპირ არასდროს მიუახლოვდება, მის გარშემო იტრიალებს და ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს სულ სხვა საქმით არის გართული..."
- ეს თვისებაც მაქვს. ასე ძირითადად მაშინ ხდება, როცა არ მინდა, საზოგადოების ყურადღება მივიქციო.
- სენტიმენტალური ხარ?
- კი. შეიძლება ფილმში ვნახო, როგორ სჯიან ძაღლს და ამაზე ვიტირო.
- "გულის სწორისთვის ყოველგვარ მსხვერპლს გაიღებს".
- კახის გამო ყველაზე ძვირფასი რამ დავთმე, რაც იმ დროისთვის მქონდა - ეს იყო ჩემი კარიერა, რომელზეც 5 წლის ასაკიდან ვოცნებობდი. მიზნისთვის რომ მიმეღწია, ბევრი ვიშრომე. ჩემი თაობის გოგონებმა კარგად იციან, რომ თბილისში არც ერთ კასტინგზე არ მირჩევდნენ, ყველასგან დაწუნებული ვიყავი, მაგრამ დედამ შთამაგონა, რომ შემეძლო წარმატებული მოდელი გავმხდარიყავი და ვარჯიში დავიწყე. ბევრი დამცინოდა, - პარიზში რომ წახვალ, წინ დაჯექი და უფრო მალე ჩახვალო. მართლა წინ დავჯექი, ჩავედი და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. თუმცა, მერე ეს ყველაფერი დავთმე.
- ასეთი მსხვერპლის გაღება კახიმ გთხოვა?
- არა, ეს სიტუაციამ მოითხოვა, მერე კი მეც მოვეშვი, მუშაობა აღარ მოვინდომე... არაფერს ვნანობ.
- იმ შემთხვევაში, თუ კახი პარლამენტარი გახდება, ხომ არ აპირებ საკუთარი ძალები მოდის გარდა, სხვა სფეროში, თუნდაც - საქველმოქმედო საქმიანობაშიც მოსინჯო?
- მეუღლეს გვერდით მაქსიმალურად დავუდგები... ძალიან განვიცდი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა მდგომარეობას. ეს პატარები ჩინოვნიკებს მხოლოდ ახალ წელს ან შობას ახსენდებათ და მაშინაც, მათთან სტუმრობას საკუთარი პიარისთვის იყენებენ. უნდა შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც მათ განრიგს გაწერს - ეს იქნება ექსკურსიაზე წასვლა, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება და ა.შ. ამ პატარებმა უნდა მიიღონ განათლება და უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ 18 წლის შემდეგ საკუთარ მომავალს თავად უზრუნველყოფენ. ძალას და ენერგიას არ დავიშურებ იმისთვის, რომ ეს ჩანაფიქრი განვახორციელო. ერთი ადამიანის ცხოვრების გალამაზებას მაინც თუ შევძლებ, ბედნიერი ვიქნები. საინტერესოა, ახლა ის ბავშვები რატომ არავის ახსოვს?
- ალბათ იმიტომ, რომ ისინი არასრულწლოვნები არიან და ხმის მიცემის უფლება არა აქვთ. შენს ამ ჩანაფიქრზე კახისთან გილაპარაკია?
- არა, ამაზე კახისთან ჯერ არ მილაპარაკია. ჩემი ჩანაფიქრი პირველად თქვენ გაგანდეთ.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)