საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პოლიტიკურად მოტივირებულია.
როგორც კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბიუჯეტის პროექტის მიღების პროცესის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის გამოყენება არასწორი გზა და არჩევანია.
"ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი შემცირებები, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის ინსტიტუტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს, თვითმმართველობებსა და რეგიონებს, ცალსახად მიუთითებს, რომ არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები. წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტიდან მის შემდგენელთა ხედვებიც აშკარად ჩანს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კუბლაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი მისთვის მიუღებელია.