პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის, რატი რეხვიაშვილის დედა, მარინა ქებაძე მისი შვილის წამებაში ვლადიმერ ბედუკაძეს და ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მარინა ქებაძემ განაცხადა, მისმა შვილმა მთავარი პროკურორის სახელზე ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბრობს როგორ აწამებდნენ მას საპატიმროში ვლადიმერ ბედუკაძე და სხვა მაღალჩინოსნები.
როგორც მარინა ქებაძე აცხადებს, პატიმრობაში მყოფი მის შვილი 3 წლის მანძილზე წამებისა და შეურაცხმყოფელ პირობებში იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში მათ პირველად მიეცათ საშუალება ამ ყველაფერზე თამამად ესაუბრათ.
როგორც ქებაძე აცხადებს, წამების სხვადასხვა მეთოდებს ვლადიმერ ბედუკაძე იგონებდა, ხოლო მის შვილთან ციხეში შედიოდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომელიც ქებაძის თქმით, მის შვილს ეუბნებოდა-"სანამ ბოლომდე არ დაგძირავთ, არ მოგეშვებითო".
როგორც რატი რეხვიაშვილის დედა ამბობს, მისი შვილი 48 საათის განმავლობაში დენზეც ჰყავდათ მიერთებული. მისი თქმით, სასტიკი, მუდმივი წამების გამო მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
გარდა რატი რეხვიაშვილის განცხადებისა, მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს თავად მარინა ქებაძემაც მიმართა, სადაც მისი შვილის საქმის შესწავლას ითხოვს.
"საქმის მასალებიდან გამომდინარე, რომელსაც პროკურატურის ორგანოებს წარვუდგენთ, ცხადი ხდება, რომ ჩემს შვილს პოლიციელის მკვლელობა არ ჩაუდენია. მეორე და მთავარი გარემოება ის გახლავთ, რომ წლების მანძილზე ჩემს შვილს სადისტურად აწამებდნენ", - ნათქვამია მარინა ქებაძის განცხადებაში.
მარინა ქებაძის განცხადებას თან ახლავს რატი რეხვიაშვილის ჩვენება, რომელშიც ქებაძის თქმით, მოყოლილია თუ როგორ აწამებდა მას ციხის ზედამხედველი ვლადიმერ ბედუკაძე. "მწამებელთა შორის იყვნენ მაღალჩინოსნებიც, რომელთა ვინაობასაც რატი დაკითხვისას დაასახელებს. ჩემი მოთხოვნაა, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება რატის უდანაშაულობის დასამტკიცებლად და ასევე იმ პირთა დასასჯელად, რომლებიც წლების მანძილზე ჩემს შვილს აწამებდნენ" - აცხადებს მარინა ქებაძე.
რატი რეხვიაშვილი პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით 2009 წელს დააკავეს. მას 30 წელი აქვს მისჯილი.