ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქართველოში დაბრუნების სამ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა არეშიძემ განუცხადა, პირველი ვერსია არის ის, რომ მისთვის რთული იქნება, ნებისმიერ ქვეყანას თავი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეაფაროს, რადგან "მას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს". არეშიძის განმარტებით, ბაჩო ახალაიას მტრები ჰყავს და ესენი არიან როგორც კონკრეტული ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოდან გაიქცნენ, ასევე კრიმინალური სამყარო, "რომელიც მან ძალიან გაამწარა". არეშიძის თქმით, ახალაიას ასევე მტრები ჰყავს ლოპოტას სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც, ექსპერტის განცხადებით, სწორედ ახალაიამ ჩაატარა. "თუმცა, ეს ვერსია ყველაზე სუსტი მგონია", - განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება მეორე ვერსიას, არის ის, რომ დაბრუნებით ახალაიამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგა ნაბიჯი. "ამით ის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. ახალაიამ ეს ნაბიჯი გადადგა სავარაუდოდ იმიტომ, რომ არ არის კმაყოფილი იმ მდგომარეობით, იმ როლით, რაც მას სააკაშვილმა დააკისრა, რომელმაც რაღაც მომენტში გაწირა კიდევ ახალაია", - განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება მესამე ვერსიას, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს ყოფილი ხელისუფლების ერთგვარი თამაში, გათვლილი იმაზე, რომ ბაჩო ახალაია დაბრუნებულიყო საქართველოში და იმ შემთხვევაში, თუ მას დააპატიმრებენ, "პოლიტიკური დევნილის მანტია მოესხა".
"მე მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს უამრავი ინფორმაცია აქვთ ახალაიას წინააღმდეგ, ამ ინფორმაციას სჭირდება გამყარება იურიდიული თვალსაზრისით. დღევანდელი ხელისუფლება ვერ მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა ძველი ხელისუფლება, როდესაც რაღაც "გონივრული ეჭვის" საფუძველზე შეეძლო ადამიანები დაეკავებინათ. იმ შემთხვევაში, თუ ასე მოუმზადებელად დააკავებენ ახალაიას, მაშინ ნებისმიერი სასამართლო, რომელიც დღეს ისევ კუბლაშვილების ხელშია, გაამართლებს მას და მერე რთული იქნება მდგომარების შემოტრიალება", - დასძინა არეშიძემ.