"გია ბარამიძემ ზურა ჟვანიას ოჯახს მოუხადოს ბოდიში და ხალხს სიმართლე უთხრას. თქვას, როგორ აიძულეს იმის დადასტურება, რომ მისი მეგობარი ვითომ არატრადიციული ორიენტაციის იყო", - განაცხადა ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ლევან მამალაძემ, რომელმაც გვიამბო გია ბარამიძესა და ზურაბ ჟვანიას შორის არსებულ კონფლიქტზე და იმაზე, რა ხდებოდა პოლიტიკურ კულუარებში "ვარდების რევოლუციის" წინ:
- ზურაბ ჟვანია, გია ბარამიძე და მე მეგობრები ვიყავით, ოჯახებითაც ვახლობლობდით. 1992 წელს პარლამენტში რომ შევედით, გიამ ზურას დაუკითხავად გადაწყვიტა გერმანიაში წასვლა რამდენიმეთვიან სამხედრო სწავლების კურსებზე. ზურა წინააღმდეგი იყო. ისეთი დაძაბული ვითარება იყო ქვეყანაში, ერთი კაცის გამოკლებასაც კი ჟვანია მტკივნეულად აღიქვამდა. გერმანიაში სამხედრო კურსებზე რომ წასულიყო, გიას შევარდნაძის ხელმოწერა სჭირდებოდა. არ უწერდა ხელს, მახსოვს, გაბრაზებულმა შევარდნაძემ იმელის შენობის კორიდორში მოუწერა ხელი. ეს რომ ზურამ გაიგო, ძალიან გაბრაზდა. ამის შემდეგ ზურასა და გიას ურთიერთობა გაცივდა. 1995 წელს გიამ ამერიკაში მოინდომა სასწავლებლად წასვლა.
ზურა ისევ წინააღმდეგი იყო. მაშინ გია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარის (შევარდნაძის) მოადგილე იყო. ზურა სთხოვდა, დარჩი და რამე თანამდებობას მოგცემთო, ამის გამო მეგობრებს შორის ისევ კონფლიქტი მოხდა. ჟვანია ისე გაბრაზდა, თქვა, მაგას პოლიტიკაში არ გავახარებო. გია ამერიკიდან რომ დაბრუნდა, რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან კოჯორში, მომეხმარე, რომ ზურასთან ურთიერთობა აღვადგინოო. გოგორიშვილს დაველაპარაკე, ზურასაც და რთული მდგომარეობა გავანეიტრალე. სანამ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები გაიყოფოდა, ზურაბ ჟვანიას ყველაზე ახლო მეგობრები მე და გია ვიყავით.