თუ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ამ ტემპით განაგრძო მთავრობაში ექსპერტების მიწვევა, თქვენი მონა-მორჩილი მალე რესპონდენტების გარეშე დარჩება. ხუმრობა იქით იყოს და, "კვირის თემის" რესპონდენტ ექსპერტთა უმეტესობა არ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და ნეიტრალური პოზიციიდან შეუძლია მოვლენების შეფასება. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძისთვის გამონაკლისი დავუშვით - მას არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთთან გაყინული ურთიერთობების მკვდარი წერტილიდან დაძვრა დაევალა. ოთხი წლის განმავლობაში თბილისსა და მოსკოვს შორის "ცივი ომი" გრძელდება და ზოგჯერ "ცხელ" დაპირისპირებაში გადაზრდის საშიშროებაც იქმნება.
ამ მტრობას საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებები შიდა მოხმარებისთვისაც კარგად იყენებდნენ - ძველი ხელისუფლება ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში "რუსულ კვალს" ეძებდა, რუსეთში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში კი საქართველო "მტრების" რეიტინგში ხშირად უსწრებს "ტრადიციულ" აშშ-სა თუ ნატოს. საქართველოს ახალმა პრემიერმა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ამ ქვეყანაში საქართველოს ყოფილი ელჩი, პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე დანიშნა. როგორც ახალი სპეცწარმომადგენელი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის ურყევი პოზიცია იყო, რომ ყველაფერი ყოფილიყო გამჭვირვალე, ღია და კულუარული მოძრაობების გარეშე.
- ჩვენ რუსეთისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შემოიღო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა. ამის შესახებ მოსკოვში უკვე იციან და დიპლომატიური არხებით შეტყობინება, ალბათ, უკვე გაიგზავნა. ამჯერად მათი მხრიდან უნდა გადაიდგას საპასუხო ნაბიჯი და მოსკოვში შემხვედრი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
- რა საპასუხო ნაბიჯი შეიძლება რუსეთმა გადადგას? ოფიციალური მოსკოვის განცხადებით ის იქით ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს.
- როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და ეს კომუნიკაციის ახალი არხია. როდესაც კომუნიკაციის ახალ არხზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ ჟენევის ფორმატი არსებობს და ეს უნდა შენარჩუნდეს. ჟენევის ფორმატზე განსახილველი თემების გარდა, უამრავი საკითხი საჭიროებს მოგვარებას და სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტას მოემსახურება ეს ახალი არხი. ამაზე რუსულმა მხარემ თავისი აზრი უნდა გამოთქვას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი დიდი სურვილია, რომ კომუნიკაციის ეს ახალი არხი ამოქმედდეს.
- ამ არხის ამოქმედების შემთხვევაში რაიმე წინა პირობა ექნება ქართულ მხარეს?
- არანაირი წინა პირობა არ უნდა იყოს. სხვათა შორის, ძველი ხელისუფლება აცხადებდა, რომ მზად იყო, რუსეთთან დაეწყო დიალოგი წინა პირობების გარეშე "ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას", თუმცა ამას მაშინ მოსკოვიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.
- საინტერესოა, თუ აქვს განსაზღვრული ქართულ მხარეს საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც რუსეთთან პირველ რიგში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები?
- თემებს პირველ და მეორე რიგის საკითხებად არ ვყოფთ. რა თქმა უნდა, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში უმთავრესი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებია, რომელთან დაკავშირებითაც პროცესები ჩიხშია მოქცეული. სხვა უამრავი საკითხი შედარებით იოლად მოსაგვარებელია და განსაკუთრებულ ძალისხმევას, ფანტაზიას თუ ენერგიას არ საჭიროებს. ასეთ თემებს განეკუთვნება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა და ხელშეწყობა. თუ დაიწყება დიალოგი, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით უფრო იოლად შეიძლება.
- რუსმა ექსპერტებმა ოფიციალური თბილისის მიერ სპეცწარმომადგენლის თანამდებობის შემოღება და ამ პოსტზე თქვენი დანიშვნა დადებითად შეაფასეს. თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო უფრო მეტად არის დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობების აღდგენით, ვიდრე მოსკოვი. ზოგიერთმა ექსპერტმა პირდაპირ განაცხადა რუსეთს საქართველო არაფერში სჭირდებაო.
- ამ ექსპერტს ყოველგვარი ღრმა ანალიზის გარეშე ვეტყოდი, რომ რუსეთს საქართველო სჭირდება - მას სჭირდება სამხრეთ კავკასიაში საიმედო პარტნიორი. ჩვენ ერთნაირი პრობლემებიც გვაქვს. ურთულესი რეგიონია - უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების გარდა არსებობს იარაღით ვაჭრობასთან, ნარკოტიკებთან, ტრეფიკინგთან დაკავშირებული პრობლემები. კიდევ უამრავი საკითხის ჩამოთვლა შემიძლია და არა მგონია, განსაზღვრება, რომ რუსეთს საქართველო არ სჭირდება, ზუსტი იყოს. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრესტიჟიც. საერთაშორისო არენაზე რუსეთი საქართველოსთან მუდმივად წაგებული რჩება - გამოდის ოკუპანტის როლში და ეს ტერმინი დაფიქსირდა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში. საქართველოს ოკუპაციის თემა სადაც კი წამოიჭრება, რუსეთი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი ხდება. ამიტომ მოსკოვი ნამდვილად ვერ გვეტყვის - თქვენი ამბავი სულ არ მაინტერესებსო.