თეა წულუკიანი - ახალაიების დანაშაულთა მტკიცებას ნაკლები შრომა სჭირდება, ვიდრე ზურაბ ადეიშვილის გამოაშკარავებას

თეა წულუკიანი - ახალაიების დანაშაულთა მტკიცებას ნაკლები შრომა სჭირდება, ვიდრე ზურაბ ადეიშვილის გამოაშკარავებას

თეა წულუკიანს ინტერვიუსთვის იუსტიციის სამინისტროში 4 საათზე უნდა შევხვდე. 20 წუთით ადრე მისაღებში ვარ. სანამ დრო მაქვს, ნებართვას ვიღებ და ზურაბ ადეიშვილის ყოფილ საბრძანებელს ვათვალიერებ. ერთი ლიფტი მხოლოდ მას ემსახურებოდა, ამიტომაც კაბინა პირველი სართულიდან მეცხრემდე არსად ჩერდება. მთელი სართული ეთმობა აპარტამენტს, სადაც განთავსებულია მინისტრის კაბინეტი, მისაღები, სათათბირო და დაცვის სამსახურის ოთახები. აქვე არის უზარმაზარი მოსასვენებელი ოთახი, სააბაზანო, სამზარეულო და ძალიან ლამაზი ვერანდა. აქ, ალბათ, ზურაბ ადეიშვილი მეგობრებთან ერთად ნებივრობდა და შეიძლება აქვე წყვეტდა ადამიანების ბედს.

ვფიქრობ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებისთანავე ქვეყნიდან გაიქცა...

თეა წულუკიანს 1995 წლიდან ვიცნობ. ის ამ ხნის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა - ისეთივე მტკიცეა და მიზანსწრაფული. ინტერვიუსთვის მეშვიდე სართულზე მხვდება, ადეიშვილის მოადგილის, გიორგი ვაშაძის ყოფილ კაბინეტში.

- თეა, ადეიშვილის კაბინეტზე უარი თქვი?

- ვერ წარმომიდგენია, მეცხრე სართულზე ვიჯდე მარტო, თანაშემწესთან ერთად. ამიტომაც გადავწყვიტე, დიდი კაბინეტი ჩემი მოადგილეებისთვის გადავტიხრო და ოთახებად გადავაკეთო.

ერთი შეხედვითაც საგრძნობია ჩემი წინამორბედის მანიაკალური სწრაფვა გრანდიოზულობისა და ყველაფრის კონტროლისკენ.

მას არ აინტერესებდა, რა სჭირდებოდა ხალხს. ალბათ, ამიტომაც არ ელოდა არჩევნების ასეთ შედეგს. მაგრამ კარგი ის არის, რომ სამინისტროში დამხვდნენ ძალიან კარგი საჯარო მოხელეები, რომელთაც რაიმე ტიპის უსამართლობა ან მით უფრო - დანაშაული არ ჩაუდენიათ. ვეცდები, შევუქმნა ისეთი პირობები, რომ არასამთავრობო სექტორსა და ჟურნალისტებთან ურთიერთობას მიეჩვიონ. მინდა, მათთან ერთად გავაგრძელო ყველა დაწყებული, კარგი პროექტი და დავეხმარო არსებული ხარვეზების გამოსწორებაში. იუსტიციის სამინისტროში არ დავუშვებ განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკური შეხედულების გამო ვინმეს დისკრიმინაციას.

- ცოტა ხნის წინ თქვი, რომ ადეიშვილი კარგი იურისტი იყო...

- ის კარგი იურისტია. ამიტომაც წარმოუდგენელი იყო, მისი წასვლისთანავე სამინისტროში გვენახა რაიმე დოკუმენტი, რაც არასამართლებრივ ქმედებებს დაადასტურებს. თუმცა ეს აპარტამენტი და კონტროლის მექანიზმი მოწმობს, რომ ადეიშვილს ჰქონდა თავისი მიკროსამყარო, საიდანაც მართავდა ქვეყანას.

ვფიქრობ, ხშირად ის იყო პრემიერ-მინისტრი და ალბათ, ზოგჯერ - პრეზიდენტიც. მისი მმართველობის არეალი იყო გაცილებით ფართო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მის გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებდნენ.

გამაოგნებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, რომელიც ამ უწყებაში დამხვდა. სამინისტროში ორი წლის წინ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, "მაღალი დონის მომსახურებას უწევდა" დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, ანუ აკონტროლებდა მათ და პარლამენტსაც კი. პარლამენტის სერვერებისა და ქსელების იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარება იყო ადეიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს მანკიერება უნდა მოიშალოს. პარლამენტმა და ნებისმიერმა სხვა დაწესებულებამ თავად უნდა მართოს ქსელები და სერვერები.

- კი მაგრამ, რა ძალაუფლება ჰქონდა ამ დროს მიხეილ სააკაშვილს?

- სააკაშვილს ჰქონდა ისეთი ძალაუფლება, როგორსაც მას უქმნიდნენ მერაბიშვილი და ადეიშვილი. მათ გარეშე სააკაშვილს ძალიან გაუჭირდება, რადგან არც ერთი მთავარი საყრდენი აღარ ჰყავს, ერთი კი საერთოდ გაქცეულია.

- არსებობს თუ არა მექანიზმი გაქცეულ ჩინოსანთა დასაკავებლად?

- სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმაციამდე არ არსებობდა ასეთი მექანიზმი. თუმცა, ფაქტია, მაღალჩინოსანი არ გარბის, თუ მას რაღაც დასამალი არ აქვს. სხვა საკითხია, ჩვენ რის დამტკიცებას შევძლებთ. არ ვაპირებთ სააკაშვილისეული რევანშის გამეორებას. როდესაც ის შევარდნაძის მაღალჩინოსნებს სასტიკად დაერია, ბევრი მათგანის დანაშაულის მტკიცებულებაც არ ჰქონდა.

ბაჩო და დათა ახალაიებისა და სხვების დანაშაულთა მტკიცებას უფრო ნაკლები შრომა სჭირდება, ვიდრე ზურაბ ადეიშვილის საქმიანობის გამოაშკარავებას.

მან იცოდა, როგორ ემუშავა სუფთად, ამიტომაც ვამბობ: ის იყო კარგი იურისტი და მის დანაშაულთა გამოვლენას სჭირდება დრო და სერიოზული გამოძიება.

- რა იცავთ გაქცეულებს უცხოეთში?

- არაფერი, საზღვრების გარდა. როგორც კი საჭირო გახდება, ამოქმედდება მათი დასაბრუნებელი მექანიზმი. ხალხისთვის მთავარია, დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. მოზაიკასავით არის სამართლებრივი სურათი - ყველამ უნდა დადოს თავისი ფრაგმენტი: გენერალურმა პროკურატურამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, შსს-მ, პარლამენტმა და სხვამ - თავისი. პარლამენტს მალე წარვუდგენთ ინიციატივას პოლიტპატიმრების შესახებ. პროკურატურა იმუშავებს, რომ სხვადასხვა ტიპის ძალადობის შედეგად მიღებული სარგებელი ხალხს დაუბრუნდეს. თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიება დაიწყება. პირველ რიგში, ციხეში წამების ფაქტები უნდა გამოვიძიოთ. დეტალურად შევისწავლით, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია. კომპლექსური მიდგომით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შევძლებთ და ადამიანები იგრძნობენ, რომ იწყება სამართლიანი ქვეყნის მშენებლობა.

- ფუნქციები იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს შორის როგორ განაწილდება?

- მათი ფუნქციები გაიყოფა. იუსტიციის მინისტრს აღარ ექნება სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქცია. ასევე ვმუშაობთ სასამართლო რეფორმებზე, ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივების მთელ პაკეტს, ვქმნით რეალურ ბერკეტებს იმისთვის, რომ ამოისუნთქოს მოსამართლემ და არა მხოლოდ ხალხმა, რომელმაც 2 ოქტომბერს დილით იგრძნო შვება. მოსამართლე განწესებულია გარკვეული ვადით და არ შეიძლება, ამ ვადის გასვლამდე მას ვინმე შეეხოს - მოხსნას ან ჩაერიოს მის განსახილველ საქმეში. ეს განსაზღვრავს მოსამართლის მიუკერძოებლობას, ამიტომაც სერიოზული ფიქრი და მსჯელობა სჭირდება იმას, როგორ ვუშველოთ მოსამართლეთა კორპუსს. მე პროკურორებს თავიანთ ფუნქციებს დავუბრუნებ. პროკურორი მოსამართლის მაგივრად ვეღარ გამოიტანს განაჩენს. ეს უკვე დიდი შვება იქნება მოსამართლისთვის. მოსამართლეების 90% მართლაც კომპეტენტურია, ამიტომ თუ მათ წნეხისგან გავათავისუფლებთ, შეიძლება, დამოუკიდებელ მოსამართლეებად იქცნენ. დანარჩენ 10%-ს კი, ვინც საზოგადოებისა და ქვეყნისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილებები მიიღო, ჯერჯერობით ვურჩევ, დარჩნენ საკუთარ სინდისთან პირისპირ და თავად მიიღონ გადაწყვეტილება.

პროკურორი აღარ უნდა იყოს მართლმსაჯულების მეტრი და უნდა შეწყდეს მოსამართლეებზე ზეწოლა. პროკურორებმა უნდა შეწყვიტონ საქმეების ჭრა-კერვა. საპროცესო შეთანხმების პრინციპი და ნორმაც შეიცვლება, მას ცივილიზებული ფორმა მიეცემა. პროკურორებს, რეგიონების მიხედვით, ევალებოდათ, რომ საქმეების 95% საპროცესო შეთანხმებით დაესრულებინათ და ისინიც ვაჭრობდნენ ადამიანთა თავისუფლებით. ამის გამო ხალხი ყიდდა ქონებას და უკიდურესად მძიმდებოდა მათი მდგომარეობა.

- მათ, ვისაც უსამართლოდ მიუსაჯეს სხვადასხვა სახის სასჯელი და საპროცესო გარიგებები დაადებინეს, მოხდება თუ არა მათი რეაბილიტაცია...

- იმედი მაქვს, ამ ადამიანებს კარგად ესმით, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს მათ, ვინც ციხეში დატოვეს. გარეთ მყოფთა საქმეების გადასახედად დადგინდება წესები. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, თუ მას ჰყავდა უკანონო პატიმრები, უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია და გადაეცეთ კომპენსაციაც (თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ძალიან არ გაუჭირდება). ვაპირებ სტრასბურგის სასამართლოში ჩასვლას, რომ იუსტიციის სამინისტრომ განტვირთოს სასამართლო იქ არსებული ქართული საქმეებისგან. დავამკვიდრებთ იმის კულტურას, რომ ადამიანის უფლებები დავიცვათ ქვეყნის შიგნით. არავის მოუწევს რკინის ქალამნების ჩაცმა და შემდეგ წლობით ლოდინი, რომ შედეგს მიაღწიოს. ამით სტრასბურგის სასამართლოსაც დავეხმარებით და ჩვენს სახელმწიფოსაც. ბუნებრივია, ყველა საქმეს აქ ვერ მოვაგვარებთ, დაზარალებულს ყოველთვის ენდომება უფრო მეტი ან ჩვენ შეგვეშლება რაღაც. სტრასბურგშიც მხოლოდ ასეთი საქმეები წავა, მაგრამ ეს იქნება 20-30 საქმე და არა - 2000-ზე მეტი.

- ქალისთვის იურისტობა მძიმე პროფესია ხომ არ არის? თან უკვე მინისტრიც ხარ...

- ცოტა ხნის წინ მინისტრობის გამო ვიხუმრე: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კისერზე დიდი ტომარა დამადეს-მეთქი, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვიცი, რა მჭირდება იმისთვის, რომ საქმე კარგად წავიყვანო. როდესაც ამას შევძლებ, სისტემა აეწყობა და დაიწყება ჩვეულებრივი რუტინა კარგი გაგებით. პირველი ოქტომბრიდან ჩემს დამტკიცებამდე პარლამენტიდან ბევრი საქმე შეაჩერეს, რადგან არ იცოდნენ, ვისი მითითებების მიხედვით უნდა ემოქმედათ. ამიტომ ახლა მოდის ყველა მოთხოვნა და ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა. იურისტობა ძალიან კარგი პროფესიაა, მაგრამ თუ მხოლოდ პროფილში ჩაიკეტე, შესაძლოა, მოსაწყენი გახდე. როდესაც იურიდიულ ნორმებს ხსნი, შენი ენა გასაგები უნდა იყოს სხვა პროფესიის ადამიანებისთვის. ეს რომ გავიაზრე, მივხვდი, საჭირო იყო ლაპარაკის მანერის შეცვლა. მუდმივად რბილი და მომთმენი ვერ იქნები, მით უფრო, თუ პოლიტიკაში ხარ ჩართული. ბავშვობაში ჩემი მტკიცე ხასიათის გამო დედა მეტყოდა ხოლმე, ბიჭის ხასიათი გაქვსო.

- ბავშვობაში ჩნდება მისწრაფებები, რომლებიც მიანიშნებს პიროვნების მომავალს. ალბათ, შენც დადიოდი დედიკოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, თამაშობდი სახლობანას... იპრანჭებოდი...

- არ ვიპრანჭებოდი, მაგრამ ძალიან მიყვარდა თოჯინები. გურიაში, ბაბუასთან დავდიოდით, ზემო ნოღაში. იქ მთებია, მე კი მთები ყოველთვის მიზიდავდა. ძალიან რომანტიკული ვიყავი, მაგრამ დაახლოებით ათი წლის წინ რომანტიკა გამიქრა და პრაგმატული, თუმცა ძალიან მგრძნობიარეც გავხდი. შესაძლოა, არ მომწონდეს ადამიანის შრომის შედეგი, მაგრამ თუ ვხედავ, რომ თავდაუზოგავად გაისარჯა, არ შემიძლია ერთი ხელის მოსმით წყალში ჩავუყარო ნაშრომი.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა