უკვე 5 წელია, რაც ნიკა წერედიანმა ბედი საყვარელ ქალს - მაია ლოლაშვილს დაუკავშირა. წყვილს პატარა დათუნაც ეზრდება, რომელიც მშობლების ნებიერაა. ნიკასა და მაიას სიყვარულის ამბავი კი ასე დაიწყო...
ნიკა:
- მაიკო ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში გავიცანი. ის პიარ-მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. მისით დანახვისთანავე მოვიხიბლე და გრძნობაც გაჩნდა. დროთა განმავლობაში ეს გრძნობა ლამაზ სიყვარულში გადაიზარდა.
მაია:
- დანახვისთანავე ვიგრძენი, რომ რაღაც გრძნობა გაჩნდა, მაგრამ ეს სიყვარული კი არა, უბრალოდ, მოწონება გახლდათ. ერთი წლის განმავლობაში ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, მერე ერთმანეთს "სკაიპში" ვეკონტაქტებოდით, რასაც შეხვედრები მოჰყვა.
- მომავალმა მეუღლემ ყველაზე მეტად, რით მოგხიბლათ?
- მისი შინაგანი კულტურითა და ზრდილობით მოვიხიბლე. ნიკა ჩემთან არ თამაშობდა, ძალიან ბუნებრივი იყო. არც მას და არც მე თამაში, ერთმანეთისთვის თავის მოწონება არ დაგვჭირვებია.
ნიკა:
- პირველ რიგში, მისი გარეგნობა, სითამამე, უშუალობა და რაც მთავარია, ჭკვიანი თვალები მომეწონა. საერთოდ, ქალში ყოველთვის შინაგან სილამაზესა და ინტელექტს ვაფასებ. ძალიან კარგია, როდესაც მანდილოსანი თავის შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს, მაგრამ ამან მას ნამდვილი სახე არ უნდა დააკარგვინოს, არ უნდა გააუხეშოს. ქალებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ სინაზე უხდებათ.
- როდის გააცნობიერეთ, რომ ერთმანეთი გიყვარდათ?
- ყველაფერი თავისთავად მოხდა. იმ პერიოდში ძალიან დაკავებული ვიყავი, სპექტაკლები მქონდა. მაიკო თავის მეგობრებთან ერთად, თეატრში მოდიოდა ხოლმე. ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა აეწყო... ერთხელ მანქანაში ვისხედით. მაიკო თავის ძმისშვილზე რაღაც სასაცილო ამბავს მიყვებოდა. მას რომ ვუყურებდი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება გამიჭირდებოდა.
- სიყვარული როგორ აუხსენით?
- ასეთ შემთხვევაში თვალები ყოველთვის "გყიდის". სიტყვებით სიყვარული არ ამიხსნია. მახსოვს, ბიჭები მეგობარს დავეხმარეთ და მის შეყვარებულს სანთლებით ხელში, სერენადა ვუმღერეთ. მაიკოსთვის ასეთი რამ არ გამიკეთებია.
მაია:
- ჩვენი პირველი შეხვედრა გიორგობის დღესასწაულზე მოხდა. როდესაც ნიკამ შეხვედრა შემომთავაზა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა.
- შეყვარებულის ხელის სათხოვნელად მის ოჯახში მარტო მიხვედით?
ნიკა:
- კი, მაგრამ მანამდე, როცა მაიას ამ თემაზე დაველაპარაკე, ცოტა შეშინდა და დრო გაწელა. თუმცა, მისი მესმის: ძნელია შეცვალო შენი ცხოვრების წესი და სხვა რაღაცებში გადაერთო.
მაია:
- რატომღაც არ მინდოდა, ტრადიციების გათვალისწინებით, ჩემს სახლში მოსულიყო და მშობლებისთვის ქალიშვილის ხელი ეთხოვა; არც ქორწილის გადახდა მინდოდა, ასეთ რაღაცებზე ბავშვობიდანვე მქონდა გართულება. ყველა გოგონა თეთრ კაბაზე ოცნებობს, მე კი პირიქით, მთელი ბავშვობა იმას ვამბობდი, - ქორწილი და თეთრი კაბა არ მინდა-მეთქი. თუმცა, ქორწილი მაინც გვქონდა და მე კრემისფერი იტალიური კაბა მეცვა.
- გაპარვა რატომ გადაიფიქრეთ?
- იმ პერიოდში მამას გულის პრობლემები ჰქონდა და ჩემი ბავშვობის მეგობრის, თამუნა მელიას (ექიმ ანზორ მელიას ქალიშვილი) კლინიკაში იწვა. როდესაც თამუნამ გაიგო, რომ გაპარვას ვაპირებდით, დამირეკა და მითხრა, შენი ეს ნაბიჯი შეიძლება, მამაშენმა ვერ გადაიტანოსო. ჰოდა, ცხადია, ამის შემდეგ გაპარვა გადავიფიქრეთ... მერე გადავწყვიტეთ, რომ ნიკა ჩემს მშობლებს დალაპარაკებოდა და იმ საღამოსვე წავეყვანე. ნიკამ დაიგვიანა, მე კი გამოპრანჭული, შუაღამემდე ველოდებოდი.
ნიკა:
- მათთან სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ღამის 12 საათზე მეგობრის მანქანით, მარტო ავედი, ყვავილები და ერთი ბოთლი შავი ღვინო ავიტანე.
მაია:
- ნიკამ რომ დაიგვიანა, მშობლები გადაირივნენ, მაგრამ მათ სიტუაცია ავუხსენი და მამამ გამიგო.
ნიკა:
- მაიას ოჯახმა ძალიან კარგად მიმიღო.
მაია:
- ბოლოს, მამამ უთხრა, რომ ოჯახში მოილაპარაკებდნენ და ნიკას მშობლებსაც შეხვდებოდნენ. სიტუაციას ისეთი პირი უჩანდა, რომ არც ნიკა აპირებდა ჩემს წაყვანას და არც მშობლები აპირებდნენ ჩემს გაშვებას. არადა, როდესაც მამას ვუთხარი, რომ ნიკა ჩემი ხელის სათხოვნელად უნდა მოსულიყო, იქვე ისიც დავძინე, რომ იმ საღამოსვე უნდა გავყოლოდი; იმაშიც გამოვუტყდი, რომ გაპარვას ვაპირებდით და მის გამო გადავიფიქრეთ... ნიკა საბრალო თვალებით მიყურებდა, რადგან აშკარა იყო, მამა აღარ ატანდა ჩემს თავს. ბოლოს ისევ მე ვუშველე - ჯიუტი ბავშვივით ვიმეორებდი: ხომ გითხარით, რომ ამაღამ უნდა გავყოლოდი-მეთქი?! გაბრაზებულმა ჩექმების ჩაცმა დავიწყე. დედა მამშვიდებდა: მოიცადე, სად მიდიხარო?!. ბოლოს, ნიკამაც ხმა ამოიღო. მამამ დედას უთხრა, - ამ ბიჭისგან რა გვინდა?! შეხედე, შენი შვილი რას აკეთებს, ჩაცმული დგას კარშიო...
- სად წახვედით?
ნიკა:
- მეგობარმა სახლი დაგვითმო და ერთი თვე იქ მარტო ვცხოვრობდით, მერე კი ჯვარი დავიწერეთ და ქორწილიც გადავიხადეთ. ჩემი აზრით, ძალიან კარგია, როცა წყვილი გარკვეული პერიოდი მარტო ცხოვრობს; ვიდრე ურთიერთობას დააკანონებ, საშუალება გეძლევა, მომავალი მეუღლე კარგად გაიცნო.
- შეუღლების შემდეგ, პირველი წელი თქვენთვის რთული არ იყო?
- არა, რადგან მალევე დავფეხმძიმდი და მთელი ყურადღება ბავშვზე გადავიტანეთ. ორივეს გოგონა გვინდოდა. ექიმმა ექოსკოპიაზე რომ გვითხრა, - ბიჭიაო, მე და ნიკამ ვთხოვეთ: კარგად დაათვალიერეთ, იქნებ გოგოა და გეშლებათ-თქო.
ნიკა:
- უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ მამა უნდა გავმხდარიყავი. მაშინ მატერიალურად უზრუნველყოფილი არ გახლდით, მაგრამ მომავლის იმედი ჩამესახა.
მაია:
- ნიკა ყურადღებას არ მაკლებდა, მთელი წელი ჩემს მოვლაში გაატარა. ტოქსიკური ფეხმძიმობა მქონდა და სულ მანებივრებდა; რასაც მოვისურვებდი, ყველაფერს ყიდულობდა. ერთხელ ზამთარში, შუაღამისას, ვარდისფერი პომიდორი მომინდა. ძალიან შეწუხდა, სურვილი რომ ვერ შემისრულა...
ნიკა:
- ერთ ამბავს მოგიყვებით: დეიდაჩემმა ვორონცოვზე თავისი ბინა დაგვითმო და გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობდით. ერთ-ერთი სპექტაკლის ბოლოს რუსუდან ბოლქვაძეს დიდი თაიგული მიართვეს. ქალბატონმა რუსუდანმა დაოჯახება მომილოცა და ეს უზარმაზარი ყვავილების თაიგული მაკოსთან გამომატანა. გახარებული წამოვედი სახლში, მაგრამ ჩემმა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა: მაიას ამ ყვავილების სუნზე ისეთი საშინელი რეაქცია ჰქონდა, რომ თაიგულის გადაგდება მომიხდა.
მაია:
- თავიდან, როცა თაიგული დავინახე, გავგიჟდი, ისე მომეწონა, მაგრამ ახლოს რომ მომიტანა, ცუდად გავხდი.
- მშობიარობას დაესწარით?
ნიკა:
- არა. შესვლა შემეძლო, მაგრამ არ შევედი, უფრო სწორად - ვერ შევედი.
მაია:
- შემოუშვეს, მაგრამ არ დარჩა. სიმართლე გითხრათ, არც მე მინდოდა, რომ დარჩენილიყო.
- ბავშვის მოვლაში ნიკა თუ გეხმარებათ?
- კი. ჩემი მეგობარი ფსიქოლოგია და გვირჩია, 3-5 წლამდე ბავშვისთვის მამის ყურადღება აუცილებელიაო.
ნიკა:
- დათუნა 2 თვის რომ გახდა, მაიკო სამსახურში გავიდა. როცა დრო მქონდა, ბავშვს მეც ვიტოვებდი, მისი მოვლა არ მიჭირდა.
- მეუღლეზე არ ეჭვიანობთ?
მაია:
- მართალია, ნიკა მეუბნება, ეჭვიანი ხარო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი არ ვარ. თუ მის მიმართ ვინმე ზედმეტ ყურადღებას გამოიჩენს, თავადვე გრძნობს დისკომფორტს.
ნიკა:
- ორივენი მეტ-ნაკლებად ვართ ეჭვიანები. თუმცა, ერთმანეთისთვის ამის საბაბი არ მიგვიცია. უბრალოდ, ხუმრობის დონეზე შეიძლება "გადაგკრას", გაგკენწლოს, ოღონდ - ტაქტიანად.
- დღეს როგორ შეაფასებთ თქვენს თანაცხოვრებას?
- რთული ეტაპი გავიარეთ, უკვე შვილი გვყავს, ჩვენი ოჯახი შედგა და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად უნდა გავმრავლდეთ.
მაია:
- წლებმა ისე გაირბინა, ვერც კი გავიგეთ. ერთმანეთს ყველაფერს ვუთმობთ. არ გვინდა, ერთურთს ჩხუბით გული ვატკინოთ.
ლია ოსაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)