ახალი ვარ და დიდი ამბიცია არ მაქვს, რომ ჩემს ამბავს გამოაქვეყნებ, მაგრამ მაინც გწერ. 2 წლის წინ ახალგაზრდა ბიძა გარდამეცვალა. მაშინ ვიგრძენი პირველად ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ფსიქოლოგთანაც კი მივედი, რომ ეს განცდები დამეძლია, მაგრამ არაფერმა მიშველა. სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი, გაკვეთილზე უეცრად წამოვხტებოდი და უაზროდ ვტიროდი. ზუსტად მახსოვს, შაბათი იყო. დილით ავდექი, ბიძაჩემის სურათს შევხედე და გადაწყვეტილება მივიღე.
10 წუთი უაზროდ ვიყურებოდი სარკეში და ჩემს თავს მივშტერებოდი. მერე წერილი დავწერე, სადაც დედას, მამას და ჩემს დას ვემშვიდობებოდი და ვეუბნებოდი, რომ ძალიან მიყვარდნენ. ბოლოს, უფალს ჩემი ცოდვების მიტევება ვთხოვე და გავუდექი სახურავის გზას. თან ტელეფონი წავიღე და ჩემს დაქალს ვუმესიჯებდი (ჩემს ქვემოთ ცხოვრობს). მივწერე, ძალიან მიყვარხარ-მეთქი და ჩემი განზრახვაც გავუმხილე. მერე ტელეფონი გავთიშე და გავიქეცი. თან ბიძაჩემის სურათს ვიხუტებდი გულში. ერთი... ორი... სამი... უკვე მზად ვიყავი, ნახტომი გამეკეთებინა, რომ ჩემი დაქალის ხმა გავიგონე. ამან გამაჩერა. მომიახლოვდა, ერთმანეთს გადავეხვიეთ და ავტირდით.
თან მეუბნებოდა, შენ თუ გადახტები, მეც მოგყვებიო. მივხვდი, რომ დიდ სისულელეს ვაკეთებდი და ამით პრობლემისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. ხელი ჩამჭიდა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ არასოდეს გამიშვებდა. მოკლედ, ასე გადამარჩინა დიდი სისულელის ჩადენას ჩემმა გიჟმა მეგობარმა. ძალიან მიყვარხართ ყველა.
AUDERY.