ლევან გაჩეჩილაძის შვილი, გიორგი გაჩეჩილაძე პატიმრობიდან გირაოს სახით დაკისრებული თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, გიორგი გაჩეჩილაძეს პირობით გათავისუფლების სანაცვლოდ 5 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეეფარდა. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე. თუმცა მას შემდგომ რაც თანხა დაიფარება, გაჩეჩილაძეს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ. ამასთან როგორც დაცვის მხარე აცხადებს, გირაოს გადახდა მოხდება დღესვე.
რაც შეეხება საქმის განხილვას, მოსამართლის გადაწყვეტილებით შემდგომი სხდომა 24 დეკემბერს არის ჩანიშნული, რა დროსაც მტკიცებულების დეტალური განხილვა მოხდება. როგორც დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, სრულად წარმოდგენილი არ იყო ყველა მტკიცებულება, რომლებიც საბოლოო განაჩენის სამართლიანად გამოტანისთვის არის საჭირო. კერძოდ კი, დაზუსტებული არ არის ექსპერტიზის შედეგები, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს.
ამასთან, მოსამართლემ ჟურნალისტებს პროცესის ვიდეოგადაღების უფლება მისცა და ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა.
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი გიორგი გაჩეჩილაძე ძველი თბილისის რაიონულმა სასამართლომ 27 ოქტომბერს დააკავა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას ჩადენილი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. საქმე ეხება გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. დღეს ბრალდების მხარე ითხოვდა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას, რაც მოიცავს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას, თუმცა დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი გაჩეჩილაძის ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება. ამასთან თავს უდანაშაულოდ ცნობს თავად გიორგი გაჩეჩილაძე.