დაძაბულობაა ამ წუთებში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივები აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ.
სოფლის მოსახლეობა იმ სახლთან არიან შეკრებილი, სადაც ეკომიგრანტებმა სამლოცველო გახსნეს.
როგორც ნიგვზიანელები ამბობენ, "მათ მიწა-წყალზე მუსლიმნებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და სადაც უნდა იქ ილოცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი სისხლისღვრით იმუქრებიან".
თავად სამლოცველოს მეპატრონე არჩილ კახაძე კი ამბობს, რომ ისინი ლოცვას მაინც აღავლენენ, რადგან ამის კანონიერი უფლება აქვთ, ადგილობრივებს კი მათთვის ლოცვის აკრძალვის უფლება არ აქვთ.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. შესაძლოა, ნიგვზიანში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.