თელავში, სავაჭრო ცენტრ "ბაზრის" ადმინისტრაცია და მოვაჭრეები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საპატრულო პოლიციას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. ბაზრის დირექტორის მოადგილის, ალბერტ სახიაშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეები მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ არიან და ამაზე რეაგირებას საპატრულო პოლიცია არ ახდენს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ გარემოვაჭრეები მუშაობენ, ბაზარში აღარავინ შედის.
ბრალდებებზე საპატრულო პოლიციაში კომენტარი არ გააკეთეს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე კი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარება სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივაა და არა საკრებულოსი.
სავაჭრო ცენტრ "ბაზარში" დასაქმებულები ამბობენ, რომ გარემოვაჭრეები შენობაში თავისუფალი ადგილების არარსებობას იმიზეზებენ, რაც სიცრუეა. გარემოვაჭრეები კი სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დიდი გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ.