სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი რუსთავის N16 დაწესებულების დირექტორ ლევან აბურჯანიას სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს.
"დაწესებულებაში მოთავსებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დავძაბავთ სიტუაციას, თუ თავისუფლება არ გვექნებაო. დღეს მოითხოვეს, რომ დირექტორი წავიდეს, რადგან პირველ წინადადებაზე არ წავედით. ასეთ მოთხოვნას არ გავითვალისწინებთ, მაგრამ თუ რომელიმე თანამშრომელი კანონს და ვინმეს უფლებებს დაარღვევს, პირველი ვინც მის მიმართ მკაცრ ღონისძიებებებს გაატარებს, მე ვიქნები", - განუცხადა სუბარმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, "არ უნდა ავყვეთ იმ თამაშს, რომელიც კრიმინალურმა სამყარომ შეიძლება შემოგვთავაზოს".
"ციხეებში შიმშილობებიც ხდება, პირსაც იკერავენ. ზოგჯერ ამის მიზანი ის არის, რომ სხვაგან გადაიყვანონ, ზოგჯერ კი ის, რომ მინისტრი შეხვდეს. ეს არ არის ლეგიტიმური მიზანი. მინისტრი არ შეხვდება მას, ვინც მაინცდამაიანც თვალს ამოიკერავს ან ლურსმნით დაიჭედებს თავს. ვერ წავახალისებთ მსგავს ქმედებებს", - აღნიშნა სუბარმა.
აღნიშნულის კონტექსტში ის საზოგადოებას მოუწოდებს, არასწორ ინფორმაციას არ დაუჯეროს.
რუსთავის N16 დაწესებულების პატიმრები ციხის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ლევან აბურჯანია მათ "დენით წამების მეთოდებით" დაემუქრა და განუცხადა, რომ "ახალია მონაგონი იქნება".
თავად აბურჯანიამ კი, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ რუსთავის N16 დაწესებულებაში ე.წ. მაყურებლები "ქურდული" მმართველობის დამყარებას ცდილობენ.
აბურჯანიას თქმით, სწორედ ამიტომ აცხადებენ პატიმრები, თითქოს ის ემუქრებოდა. როგორც ციხის დირექტორი აცხადებს, საერთოდ არ უსაუბრია პატიმრებთან და მით უმეტეს, მუქარაზე საუბარი ზედმეტია.