მსახიობს, რეჟისორსა და თუმანიშვილის თეატრის მმართველ ზურა გეწაძეს კარგი მახსოვრობა აქვს. პროფესიიდან გამომდინარე, დღესდღეობით უმეტესად პიესების კითხვა უწევს და ამ ჟანრში გამორჩეული მისთვის შექსპირია. ბავშვობაში მისი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაზე ოჯახის თითქმის ყველა წევრი ზრუნავდა. ამბობს, რომ კითხვას არასოდეს აძალებდნენ, არ სჭირდებოდა, დედ-მამა ამა თუ იმ ნაწარმოების გაცნობას მხოლოდ ურჩევდა ხოლმე. თან იმავდროულად მცირე ინტრიგასაც აგდებდნენ, შენს ასაკში შენს ძმას ეს წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდაო. ეს მეთოდი ამართლებდა, სტიმულს აძლევდა და ამ ფრაზების მოსმენის შემდეგ ცდილობდა, მითითებული ლიტერატურა დროულად წაეკითხა...
- ბატონო ზურა, ვინ გიკითხავდათ წიგნებს, სანამ კითხვას თავად ისწავლიდით?
- ძირითადად მამა და ბებია, ასევე დედა და მამიდა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ზღაპრები და სათავგადასავლო ლიტერატურა. მერე, ეტყობა, ჩემი მშობლები კითხვით დაიღალნენ და მიყიდეს ფირფიტები, რომლებზეც მსოფლიო ხალხთა ზღაპრები იყო ჩაწერილი. მათ ვუსმენდი თამაშის დროს და ძილის წინ. მახსოვს, ზღაპრების აუდიოვერსიებს კითხულობდნენ გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა და სხვა ცნობილი მსახიობები.
- წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე იცოდით?
- უფროსი ძმა მყავს და როცა ის მეცადინეობდა, ვუყურებდი და ვცდილობდი, მისთვის მიმებაძა, მეც მესწავლა და პირველ კლასში უკვე ვწერდი და ვკითხულობდი.
- დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნი გახსოვთ?
- სიმართლე გითხრათ - არა. თავდაპირველად ზღაპრებს, ნოველებსა და მოთხრობებს ვკითხულობდი. ოჯახში საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა და წიგნებით მამიდა გვამარაგებდა, რომელიც დღემდე გამომცემლობა "ენციკლოპედიაში" მუშაობს. მამასაც ძალიან უყვარს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა და წიგნებს ისიც ხშირად იძენდა.
- მშობლები რა პროფესიის არიან?
- დედამ კონსერვატორია დაამთავრა და ამჟამად ხელოვნების სკოლაში ფორტეპიანოს პედაგოგია, მამა ინჟინერ-მშენებელია. მას ხელოვნებასთან დიდი კავშირი არ აქვს, მაგრამ ამ სფეროს დიდი მოყვარულია.
- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რომელმა წიგნმა მოახდინა?
- "სამი მუშკეტერი" იყო ის წიგნი, რომელმაც ჩემზე იმ პერიოდში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. რა თქმა უნდა, ბავშვობაში სათავგადასავლო ლიტერატურა მიტაცებდა და ამ ნაწარმოების კითხვისას, შეიძლება ითქვას, მეც საფრანგეთის მეფის კარზე ვიყავი.
- განსაკუთრებით რომელი მუშკეტერი მოგწონდათ?
- იმ პერიოდში ჩემი ფავორიტი პერსონაჟი დ'არტანიანი იყო, თუმცა ათოსიც მხიბლავდა თავისი სიდინჯითა და გონებამახვილობით. ბავშვობაში, ვინც ამ ნაწარმოებს კითხულობს, ალბათ ყველა დარტანიანობს და მახსოვს, მეც ასე ვიყავი. დედას შევაკერვინე მოსასხამი, მეფარა შლაპა, მეკეთა ქამარი, სათამაშო დაშნა მიყიდეს და ვდარტანიანობდი (იღიმის).
- სათავგადასავლო ლიტერატურას რომანები ენაცვლება ხოლმე...
- დიახ, ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო. თან, რაკი მე თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი, გამოცდებამდე აუცილებელი იყო, წაკითხული გქონოდა სავალდებულო ლიტერატურა და ეს იყო საკმაოდ დიდი სია. ვფიქრობ, ის თაობა, რომელიც მაშინ ვაბარებდით, ამ თვალსაზრისით უფრო სწრაფად წავედით წინ და დიდძალ ლიტერატურას დავეწაფეთ. მართალია, იმ ასაკში ნაწარმოებებს სიღრმისეულად ვერ აღვიქვამდით, მაგრამ ამას მაინც ჰქონდა თავისი დადებითი მხარე. რასაკვირველია, რთულია 16 წლის ასაკში შექსპირის პიესების: "მეფე ლირის", "ჰამლეტის", "რიჩარდ მესამის" ან სხვა დანარჩენების აღქმა. "ჰამლეტი" დღემდე ამოუცნობი პერსონაჟია და ამ პიესის კვლევა დღემდე გრძელდება. მიმაჩნია, რომ ეს პიესა დრამატურგიის ერთ-ერთი გვირგვინია და იმ ასაკში, როცა ის პირველად წავიკითხე, "ჰამლეტი" ჩემთვის მხოლოდ შურისმაძიებელი პრინცის ამბავი იყო და პიესის სიღრმეებს ვერ ჩავწვდი. მას დღესაც პერიოდულად ვუბრუნდები და გადავფურცლავ ხოლმე, ან ვკითხულობ ლიტერატურას, რომელიც "ჰამლეტს" უკავშირდება და ახლაც ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ.
- დღესდღეობით ალბათ უმეტესად პიესების კითხვა გიწევთ. რას უბრუნდებით პერიოდულად და ყველაზე ხშირად?
- ძირითადად კლასიკად ქცეულ პიესებს ვკითხულობ: მოლიერის, ჩეხოვის, შექსპირის პიესებს. ასევე ქართულ კლასიკას - კლდიაშვილს. ვფიქრობ, არის რამდენიმე ისეთი დრამატურგი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია სცენაზე.
- სტუდენტობის დროს თუ არსებობდა პიესა, რომლის თეატრში დადგმაზეც ფიქრობდით?
- სამსახიობო ფაკულტეტზე რომ ვსწავლობდი, უფრო მეტად იმაზე ვფიქრობდი, ესა თუ ის პერსონაჟი მეთამაშა, ვიდრე სცენაზე თავად დამედგა. ერთი კონკრეტული პერსონაჟი ამოჩემებული არ მყოლია, პირიქით. მაშინ დამჩემდა და ეს თვისება დღემდე მომყვება, რომ როცა პიესას ვკითხულობ, ერთ პერსონაჟს გამოვარჩევ და ვფიქრობ, პიესის დადგმის შემთხვევაში იმ როლს როგორ შევასრულებდი. მოგვიანებით, მაშინ ჯერ კიდევ არ ვსწავლობდი სარეჟისოროზე, ირლანდიელი დრამატურგის ჯონ სინგის პიესა "გმირი" წავიკითხე და ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ის სცენაზე დადგმულიყო. ვფიქრობდი, ვის შეიძლებოდა, ეს პიესა დაედგა. რეჟისორების ხელწერიდან გამომდინარე, ჩემს წარმოსახვაში ამ პიესის არც ერთი ვერსია არ მომეწონა, უბრალოდ, ისე არ დადგამდნენ, როგორიც მე მინდოდა გამოსულიყო, ამიტომ გარისკვა მოვისურვე. გადავწყვიტე, გადამედგა ნაბიჯი რეჟისურისკენ და პიესა თავად დამედგა. თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მაშინ გოგი მარგველაშვილი იყო და ამ იდეით მასთან მივედი. ძალიან შემართული ვიყავი და იმ მომენტში ჩემი გაჩერება ძნელი იყო. საერთოდ, ასე ვარ, როცა რაიმე მიზანს დავისახავ, გამორიცხულია, ის არ განვახორციელო. მან მომცა საშუალება, პიესაზე მუშაობა დამეწყო. მსახიობები შევკრიბე და რეპეტიციები დავიწყეთ. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, რთული იყო, ჩემი კოლეგებისთვის დამემტკიცებინა, რომ რეჟისორი ვარ. ეს შევძელი. დავდგი სპექტაკლი და მას სხვებიც მოჰყვა. კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მახსენდება. 1991-1992 წლები, როცა "მხედრიონი" დარბოდა, ქუჩებში "ბეტეერები" დადიოდნენ და ხალხი დაზაფრული იყო, ჩემთან მოვიდა დათო საყვარელიძე და მომიტანა ეჟენ იონესკოს პიესა - "მელოტი მომღერალი ქალი". ზამთარი იყო, ვისხედით და ხმამაღლა ვკითხულობდით, სიცილისგან ცუდად ვხდებოდით. იმ მძიმე მდგომარეობაში, დაძაბულ ფონზე ასეთი არაადეკვატური რეაქციები გვქონდა. მაშინაც მომინდა, რომ ეს პიესა დადგმულიყო და რამდენიმე წლის მერე განვახორციელე.
- და სპექტაკლი "მელოტი მომღერალი ქალი" დღეს თუმანიშვილის თეატრის რეპერტუარშია...
- დიახ, რეპერტუარშია და ძალიან მიყვარს. საერთოდ, აბსურდის ჟანრი მომწონს. ქართულ თეატრს ეს პერიოდი არ გაუვლია, რადგან საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო. აბსურდს რომ "გავეცანით", ამ ჟანრში მუშაობა ჩემთვის საინტერესო იყო.
- თავად თუ გიცდიათ წერა? ქართველები ხშირად ვწერთ ლექსებს, მოთხრობებს...
- რა თქმა უნდა. ლექსები ყველას დაწერილი გვაქვს და მათ შორის მეც. ბავშვობაში გმირულ-ჰეროიკულ ლექსებს ვწერდი, სამშობლოზე, სიყვარულზე... ბოლო პერიოდში ლექსი არ დამიწერია, თუმცა რაღაც ჩანაწერებს ვაკეთებ ხოლმე. ვთქვათ, რაღაც ამბის ფაბულას ჩავინიშნავ. შეიძლება, შემდეგ დრამატურგს დაელაპარაკო და მის მიხედვით დაიწეროს პიესა ან სცენარი.
- წიგნის ჩუქების ტრადიცია ჩვენში ძალიან აქტუალური იყო. თუ გახსოვთ, ბოლოს ვის რა წიგნი აჩუქეთ?
- წიგნებს ძირითადად ჩემს პატარა ნუცას ვჩუქნი. ის წიგნების დიდი მოყვარული აღმოჩნდა. სამი წლისაა და კარგია, რომ მისი ასაკის შესაბამისი საინტერესო ლიტერატურა არსებობს. ზოგ წიგნს კარგი ფაქტურა აქვს, ფერები, მუსიკალური გაფორმება ახლავს და ნუცას მოსწონს.
- მეუღლეს (ნანუკა ლითანიშვილი - ავტ.) ბოლოს რა წიგნი აჩუქეთ?
- "ალი და ნინო". მახსოვს, წარწერა გავუკეთე და ისე ვაჩუქე.
- ვინ ზრუნავს თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე?
- ძირითადად მე ვყიდულობ, ან წიგნებს გამომცემლები და მთარგმნელები თავად გვჩუქნიან და ამგვარად საკმაოდ ბევრი წიგნი შემიგროვდა.
- ბატონი მიშა თუმანიშვილისგან რა წიგნი გაქვთ სახსოვრად?
- ბატონი მიშასგან საჩუქრად მაქვს ბროშურა - "მსახიობის ხელოვნება". აქვე გეტყვით, რომ ახლა გამოიცა და ჩვენთან თეატრში 31 ოქტომბერს შედგება პრეზენტაცია თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილის წიგნისა "მიხეილ თუმანიშვილის რეპეტიცია, "ზაფხულის ღამის სიზმარი". წიგნს თან ერთვის რეპეტიციის აუდიოვერსია, რომელზეც ჩაწერილია ბატონი მიშას სარეპეტიციო პროცესი, მსახიობებთან მუშაობა და საუბარი.
- დაბოლოს, თეატრზე გკითხავთ. სეზონი გახსნილია, სპექტაკლები მიმდინარეობს, გაგრძელდება თუ არა შეხვედრები მსახიობებთან, რომელიც ზაფხულში წამოიწყეთ?
- პროექტი "შეხვედრები თუმანიშვილის თეატრში" გაგრძელდება. სეზონი იხურებოდა, როცა პირველი შეხვედრა ზურა ყიფშიძესთან შედგა. ჩვენს ერთგულ მაყურებლებს შორის ვაწარმოებთ გამოკითხვას და ვეკითხებით აზრს, თუ ვისთან ისურვებდნენ ისინი შეხვედრას. პირველი მათი არჩევანის მიხედვით ზურა ყიფშიძე იყო, ნოემბერში კი ასეთი საღამო გოგა პიპინაშვილთან შედგება. იმავე შეხვედრაზე ჩატარდება გამოკითხვა, ვისთან სურს მაყურებელს მომავალში შეხვედრა. ასეთი საღამოები თვეში ერთხელ გაიმართება. პირველ ნაწილში წამყვანი ესაუბრება მსახიობს და წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს უსვამს, ხოლო მეორე ეტაპზე თავად მაყურებელი სვამს იმ შეკითხვას, რომელიც აინტერესებს და ძირითადად ეს მსახიობის პროფესიას უკავშირდება.
ანა კალანდაძე
(გამოდის ორშაბათობით)