ქეთი მატაბელი ირაკლი ფარჯიანთან მეგობრობას დღესაც აგრძელებს...

ქეთი მატაბელი ირაკლი ფარჯიანთან მეგობრობას დღესაც აგრძელებს...

ბავშვობაში თითქმის ყველა ხატავს. მას არ უხატია. ქეთი მატაბელი 12-13 წლის იყო, ხატვა რომ დაიწყო და ამის მიზეზი სიყვარული გახდა. ხშირად სიყვარული ადამიანს რადიკალურად ცვლის და მის შემთხვევაშიც ასე მოხდა, ინტერესები შეეცვალა, ახალი გატაცება გაუჩნდა. განუწყვეტლივ ხატავდა და ძირითადი თემა პორტრეტები იყო. ახსოვს, დახატა ანგელოზის სახე, გალაკტიონის მერი, ორი ქალბატონი ცისფერ ტონებში, რომელსაც ასე დაარქვა - "იწამოს, თუ არა?!" ნახატზე ჯვარი იყო გამოხატული და ეს იმ პერიოდში, როცა ჯვრის ტარება იკრძალებოდა და ხალხი ეკლესიაში კანტიკუნტად დადიოდა... ბავშვები სკოლიდან იპარებოდნენ და ეკლესიაში დადიოდნენ. ამის გამო ხშირად ისმენდნენ საყვედურს. ახსოვს სტუდენტობის პირველ კურსზე ყოველ შაბათ საღამოს მეგობართან ერთად რუსთაველის გავლით სიონის ტაძარში რომ მიდიოდა და გალობას ისმენდა. დღემდე ესმის ყურში ის საოცარი ხმები, რომლებიც თითქმის ცარიელ ეკლესიაში ისმოდა...

დედა კარგად ხატავდა, მაგრამ დაოჯახების გამო სამხატვრო აკადემიაში სწავლა ვერ შეძლო. მამის მხრიდან კი თითქმის ოჯახის ყველა წევრი ექიმი გახლდათ, თუმცა თავად ექიმობაზე არასოდეს უფიქრია. ხატვით გატაცებული ბავშვი ხიტა ქუთათელაძესთან მიიყვანეს, მან ნატიურმორტი დაახატვინა და მოუწონა, ფერებს კარგად აღიქვამო. მოკლედ, დაიწყო მომზადება სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად და ჩაირიცხა კიდევ...

80-იან წლებში გრაფიკაში ხატავდა, წიგნებს აფორმებდა, მოგვიანებით თეატრის მხატვრადაც იმუშავა. მაშინ აბსტრაქციის ხატვა აკრძალული იყო, ცისფერ გალერეაში ნახატების გამოფენა კი - შორეული ოცნება. თუმცა ნელ-ნელა "კლიშეები" მოიხსნა და გამოფენებს ერთად აკეთებდნენ ის, ირაკლი ფარჯიანი, ლევან ჭოღოშვილი და სხვა ახალგაზრდა მხატვრები.

1981 წლიდან მოყოლებული დღემდე "ვეფხისტყაოსნის" უამრავი ილუსტრაცია აქვს შექმნილი. როგორც მხატვარმა, ეს პოემა მას შემდეგ გაიაზრა, რაც 1979 წელს ვიქტორ ნოზაძისა და ზვიად გამსახურდიას შრომებს გაეცნო. ამ თემამ ისე გაიტაცა, პოემიდან პატარ-პატარა ჩანახატების კეთება დაიწყო. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების სხვადახვა ვერსიას სახელოსნოში, კოლაჟების ფონზე ვათვალიერებთ. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს კოლაჟები ქეთი მატაბელის სავიზიტო ბარათია.

მის ფოლიანტებში ერთი შეხედვით სრულიად დაუკავშირებელი და სხვადასხვა ფაქტურის ნივთები ერთადაა თავმოყრილი და სიძველის ელფერი დაჰკრავს. ეს ფოლიანტები თითქმის მთელ მსოფლიოშია გაფანტული. მათი მფლობელები არიან როგორც კერძო კოლექციონერები, ისე ბანკები, გალერეები, მუზეუმები. მის მიერ შექმნილი ფოლიანტები სხვადასხვა გზით და დროს მოხვდა პრეზიდენტ ბუშის რეზიდენციაში, ვატიკანში რომის პაპთან და მსოფლიო პატრიარქთანაც კი...

ამბობს, რომ ძველი ნივთებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბავშვობაში შინ აღმოაჩინეს საგვარეულო ზარდახშა, რომელშიც ვერცხლისა და მომინანქრებული ნივთები, XIX საუკუნის ლოცვანი და სხვა ოჯახური რელიკვია ეწყო. ლამაზი გვარი აქვს და ასეთივე ლამაზი სახლი ჰქონდათ კახეთში, რომელსაც მისი ბავშვობის საუკეთესო მოგონებები უკავშირდება...

- კახეთში ულამაზესი სახლი გვქონდა, რომლის აივნიდან მთელი კავკასიონი ჩანდა. ჩვენს მეზობლად სანდრო შანშიაშვილი ცხოვრობდა. მასთან ჩამოდიოდნენ პოეტები და მწერლები რუსეთიდან. ასევე დიდი სტუმრიანობა იყო პაპაჩემის სახლში. ის ძალიან შეძლებული კაცი გახლდათ. ცნობილი ექიმი, რომელმაც კახეთში მალარიის გავრცელების დროს, მის მოსასპობად დიდი შრომა გასწია. მახსოვს კიბეზე ავადმყოფების რიგი, რომელიც მასთან ვიზიტის დროს დგებოდა. დიდედა გარსევანიშვილის ქალი გახლდათ, პროფესიით - ისიც ექიმი და ისინი ერთმანეთს გორში მიწისძვრის დროს შეხვდნენ. სტუდენტები იყვნენ და მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი. პაპას კარგი სამეგობრო ჰყავდა. მახსოვს, მეუბნებოდა ხოლმე, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ რომ ხეებია, ჩემი დარგულიაო. პაპაჩემის შემდეგ ასეთივე სტუმრიანობა გაგრძელდა მამაჩემთანაც. ჩვენი ხშირი სტუმრები გახლდნენ თემიკო ჩირგაძე, ზურა კაპანაძე, მიშა ქვლივიძე - ის პირველად ჩვენთან კითხულობდა თავის ლექსებს. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მეგობრობას მაინც ვახერხებდით. განსაკუთრებით - ბატონ მიშასთან, ხოლო თემიკო ჩირგაძე ჩემი ნათლია იყო.

სახლს ერთი დიდი კედელი ჰქონდა, რომელზეც პოეტები ხატავდნენ, ხელს აწერდნენ, ლექსებს წერდნენ. ერთხელ მათ გვერდით მეც დავდექი, დავხატე თამარ მეფის პორტრეტი და მივაწერე: "თამარს ვაქებდი მეფესა". ისტორიული კედელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ის სახლი აღარ არსებობს, დაინგრა, ვერ მივაქციეთ ყურადღება და შესაბამისად, ვერც ის წარწერა-ნახატები შევინარჩუნეთ. ახლა იმ წლებს რომ გადავხედავ ხოლმე და ვიხსენებ, მიხარია, რომ იმ არაჩვეულებრივ ხალხთან მქონდა ურთიერთობა. საერთოდ, ასე ხდება. ბევრ რამეს მოგვიანებით უკვირდები და სხვაგვარად აღიქვამ. იგივე ხდება გვერდით მყოფებთან დამოკიდებულების დროსაც. იმ პერიოდში ჩვენთვის ლადო ასათიანი და ტერენტი გრანელი მითური ადამიანები იყვნენ, მათზე და მათ ცხოვრებაზე ბევრს ვფიქრობდით და ვმსჯელობდით. მაშინ ჩვენ გვერდით იყო ირაკლი ფარჯიანი. კი, ის ჩვენს წრეში მაშინ უკვე იყო აღიარებული, მაგრამ მოგვიანებით ყველასთვის, ასე ვთქვათ, ლეგენდად იქცა. ჩვენი მეგობრობა ძალიან საინტერესო იყო, რომელიც, თუ დაიჯერებთ, ახლაც გრძელდება. ეს ცოტა მისტიკას ჰგავს (იღიმის).

- დიახ, ნამდვილად...

- ასეა... ზოგჯერ დამესიზმრება ხოლმე, მას მუშაობის დროსაც ვგრძნობ. მე და ირაკლის ერთადაც გვიმუშავია. ნამუშევარი პალერმოში შევასრულეთ და სამწუხაროდ, გავაჩუქეთ და იქვე დარჩა.

- ქალბატონო ქეთი, თქვენ და მხატვარი გია გუგუშვილი მეუღლეები ხართ. როგორ ფიქრობთ, თანაცხოვრებისას ერთნაირი ინტერესები აუცილებელია, თუ შესაძლოა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა შესანიშნავად გაუგონ ერთმანეთს?

- ეს ისეთი შეკითხვაა, გგონია, რომ მას შეიძლება, მარტივად უპასუხო, მაგრამ ბოლო დროს ამ თემას ჩავუღრმავდი. მაინტერესებს, რა ხდება ცოლ-ქმარს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა მართლაც საიდუმლოა, ამოუცნობი საიდუმლო. ორი ადამიანი ერთიანდება ფიზიკურად და სულიერად. შენ მას შვილებს უჩენ და უზრდი... ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და მრავალი წელია, ერთად "მოვდივართ". მინდა გითხრათ, რომ დიდი სიყვარული გვქონდა, ძალიან, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ერთად გავიარეთ დიდი განცდისა და გამოცდის პერიოდი. ეს, რასაც ახლა გეტყვით, აქამდე არ მითქვამს და პირველად ვამბობ. მინდა, ჩემი დაკვირვების შესახებ მოგითხროთ. მაქვს ხოლმე პერიოდი, როცა, ვთქვათ, მხოლოდ ლურჯ ფერზე ვფიქრობ, მაგრამ ამაში მხოლოდ ხატვა არ იგულისხმება, არამედ ვყიდულობ იმ­ავე ფერის ჭიქას, ლარნაკს, ფანქარს, ყვავილებს. მოკლედ, სულ ლურჯ ფერს ვეძებ. ასევე ვიცი სხვა ფერების ამოჩემება და რასაკვირველია, ამის შესახებ არავის ვესაუბრები. თითქოს ამას ყურადღებას არც ვაქცევ, მაგრამ უცებ, მეძახის გია, რომ მივიდე და მისი ნამუშევარი ვნახო. მივდივარ და ვხედავ, რომ ისიც იმავე ფერში ხატავს, რომელზეც იმ პერიოდში მე ვფიქრობ.

- ასეთი დამთხვევა ხშირად მომხდარა?

- დიახ. ეს ორჯერ და სამჯერ რომ მომხდარიყო, შეიძლება, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ასეთი თანხვედრა მრავალჯერ მოხდა და იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ერთგვარი საიდუმლოა, რომელსაც ახსნა ვერ ვუპოვე. ადამიანების ურთიერთობისას წლების განმავლობაში აზრი, ინტუიცია და განწყობა ერთმანეთზე გადადის, მისი ჩემთან მოდის და ჩემი მასთან. როცა ჩვენს შვილებს ვუყურებ და მათში ჩემს თავსა და გიას ვხედავ, ისეთივე შეგრძნება მაქვს გიას ნამუშევრების მიმართაც. ვფიქრობ, რომ მის სურათებში ორთავე ვართ.

- რამდენ წელს ითვლის თქვენი ოჯახი?

- 1983 წელს დავოჯახდით. პირველი შვილი, გიორგი, პირველი მეუღლისგან მყავს და ახლა შვილიშვილს ველოდებით, ხოლო მე და გიას გვყავს ორი შვილი - მარიამი და ლუკა. ერთხელ გიამ თქვა და ვეთანხმები, ჩვენი შეხვედრა "მაღლა" იყო დაწერილიო. და, ბედნიერი ვარ კიდევ იმით, რომ ორივენი მხატვრები ვართ. გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ როცა გია თავის საქმეში წინ მიდის, იმ დროს მეძლევა მეტის კეთების სტიმული და დარწმუნებული ვარ, გიაც ასეა - ჩემი წინსვლის დროს მასაც უჩნდება სურვილი, კიდევ უფრო მეტი აკეთოს.

- გქონიათ პერიოდი, როცა ხატვის სურვილი საერთოდ არ გქონიათ?

- საერთოდ, ასეთი პერიოდები არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ასე მოხდა. თუმცა ამან ძალიან ცოტა ხანს გასტანა და ახლა ისევ ძველებურ რეჟიმში ვარ. ეტყობა, ეს იყო ერთი თემიდან მეორეზე გადასვლის შუალედი და მხოლოდ ეს გახლდათ პაუზის მიზეზი.

- თუ შეიძლება, სწრაფად და დაუფიქრებლად მიპასუხეთ - თქვენი ცხოვრების სამი ბედნიერი დღე რას უკავშირდება?

- სამი დღე?! სამი შვილი მყავს და (იღიმის).

- ანუ სამი შვილის დაბადების დღე. ახლა ამ თემასა და კითხვას პროფესიული თვალსაზრისით რომ მივუდგეთ, რას მიპასუხებთ?

- ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც 2009 წელს "ვეფხისტყაოსნის" მეასე საიუბილეო გამოცემა დაიბეჭდა. მინიატურული "ვეფხისტყაოსნის" 600 წიგნი ხელნაკეთია და თითოეული წიგნის ყდაზე სხვადასხვა სიუჟეტია. არც ერთ მათგანში ილუსტრაციები არ მეორდება. ისეთი ლამაზი იყო, ამ წიგნებთან ერთად მეძინა (იღიმის). მეორე ბედნიერი პერიოდი უკავშირდება გამოცემას "ჩვენ და "ვეფხისტყაოსანი". ეს არის ხუთტომეული, რომლის გამოცემის იდეის ავტორი მანანა კარტოზიაა. ასე რომ, "ვეფხისტყაოსანი" მთელ ცხოვრებას გასდევს. იწყებოდა, მთავრდებოდა, მერე ისევ ხელახლა იწყებოდა და დღემდე ასეა... როგორც რუსთველოლოგები ვერ ასრულებენ რუსთაველის კვლევას და ეს პროცესი დღემდე გრძელდება, ჩემთან, როგორც მხატვართან, ეს თემა პერიოდულად მოდის. ეს პოემა ჩემთვის შთაგონების წყაროა. ეს არის პოემა ქრისტიანულ სიმბოლო წმინდა გრაალზე. პოემაში მზიური გმირები ეძებენ წმინდა გრაალს. ნესტან-დარეჯანი ღვთაებრივი სიბრძნეა, რომელიც ადამ და ევას დროს დავკარგეთ. ტარიელი თავიდან ბოლომდე გრძნობაა, ავთანდილი - გონება და ორივე ერთად დაეძებს დაკარგულ სიბრძნეს, ანუ ნესტან-დარეჯანს. ისინი ნესტან-დარეჯანს ქაჯეთის ციხიდან იხსნიან, ანუ კაცობრიობას გადაარჩენენ... და ისევ თქვენს შეკითხვას რომ მივუბრუნდეთ, გეტყვით, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი ახლახან, როცა გიას გამოფენა გაიმართა. მას 60 წელი შეუსრულდა და საგამოფენოდ ერთი წელი ემზადებოდა.

- და ალბათ კიდევ ერთი ბედნიერი დღე თქვენი პირველი გამოფენა იქნებოდა...

- კი, ნამდვილად კარგი დღე იყო. "ლიტერატურული სახეები მხატვრობაში" - ასე ერქვა გამოფენას და ძალიან კარგი დამთვალიერებელი ჰყავდა. მას იმ პერიოდის თბილისის ინტელიგენციის დიდი ნაწილი დაესწრო. მაშინ "ვეფხისტყაოსანზე" პირველ ილუსტრაციებს ვაკეთებდი და მახსოვს, ცნობილმა ფილოლოგმა გიორგი ნატროშვილმა ისინი დადებითად შეაფასა...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება