როგორც გაირკვა, საქართველოს მთავარი პროკურატურა, პირველ რიგში, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ბურუსით მოცულ საქმეს შეისწავლის. როგორ აპირებს პროკურატურა საქმის გახსნას, სად არის ძაფის ბოლო, რომლის გამოწევა გამოძიების გორგალს ადვილად გახსნის? "კვირის პალიტრა" ამ თემით დაინტერესდა.
გარდაცვალების ვერსიები
პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ითქვა, რომ ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე მოკლეს, გვამი კი საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს. ისიც გავიგეთ, სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს საფერფლე ესროლა და შემთხვევით შემოაკვდაო. ახლახან მისი დახრჩობის ვერსიამაც გაიჟღერა - ჟვანიას ყოფილმა თანაგუნდელმა ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, რომ იცნობს ადამიანს, რომელსაც ქონების დათმობას აიძულებდნენ და წამების დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაემუქრა, ამ ხელებით დავახრჩვე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო? ხოფერია მზად არის, ამ პირის ვინაობა პროკურატურას დაუსახელოს. პრემიერ-მინისტრისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის გარდაცვალების ყველაზე არგუმენტირებულ ვერსიად კი მაინც რჩება მოწამვლა რკინის პენტაკარბონილით, რომლის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრას მძიმე შედეგი მოსდევს და ნახშირბადის მონოქსიდით გაგუდვისგან არაფრით განსხვავდება... გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას ტუჩთან აღენიშნებოდა ნაჭდევი, სისხლნაჟღენთი, ხოლო იუსუფოვს - ნემსის გაკეთების არაერთი კვალი.
ვის დაჰკითხავს პროკურატურა?
ზუსტად ისიც არავინ იცის, 2004 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრებმა ვისი მითითებით დაიქირავეს ბინა საბურთალოს ქუჩაზე. ფაქტია, რომ გაზეთ "სიტყვა და საქმის" 6 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა ეკა კიკიანის განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე; მას (როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს) ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი იმ დღესვე გამოეხმაურა და შეუთანხმდა კიდეც. იმავე გაზეთის 8-9 დეკემბრის ნომერში კი (სხვათა შორის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს) ისევ გამოქვეყნდა იმავე ბინის განცხადება, რომელშიც ერთი (არცთუ უმნიშვნელო) ინფორმაცია იყო ჩამატებული - ბინაში არის "ნიკალას" ფირმის გამათბობელი, არადა, 3 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას დაღუპვის დღეს, თბილგაზის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაზის გამათბობელი 2-3 დღის დამონტაჟებული იყო და ბათქაშს გაშრობაც ვერ მოესწრო, ასე რომ, როგორც ეკა კიკიანის, ასევე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის - კობა ხარშილაძის და დაცვის წევრის - მიხეილ ძაძამიას ხელახლა დაკითხვამ შესაძლოა არაერთი დეტალი გამოააშკარაოს.
საინტერესოა, გამოჩნდებიან თუ არა ახალი მოწმეები ზურაბ ჟვანიას საქმეში. აღსანიშნავია, რომ კომახიძის ფილმში "ტყვიის გარეშე", რომელიც ჟვანიას გარდაცვალებას ეხება, გამოყენებულია მაღალი თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი. ისმის ფრაზა, რომლითაც დასტურდება, რომ ოფიციალური ვერსიით უბედური შემთხვევის ადგილად დასახელებულ ბინაში რაულ იუსუფოვის ფეხსაცმელი ვერ იპოვეს. რასაკვირველია, როგორც ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის, ასევე გოგა ჟვანიასთვის ამ თანამდებობის პირთა ვინაობა ცნობილია (სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთი ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანამოაზრე ან თანაგუნდელია) და მათ, ალბათ, უახლოეს მომავალში პროკურატურა დაჰკითხავს. ასევე, დაჰკითხავენ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტსაც, რომელსაც "ზემოდან" მისცეს მითითება, რომ კონსპირაციულ ბინაში აღმოჩენილ ნივთებზე ჟვანიასა და იუსუფოვის თითის ანაბეჭდების არსებობა დაედასტურებინა, თუმცა ეს არ მოხერხდა. ამდენი ხნის განმავლობაში არც ამ ექსპერტის ვინაობა იყო ცნობილი.
იუსუფოვის ფეხსაცმელსა და თითის ანაბეჭდების არარსებობასთან დაკავშირებული კითხვები პასუხს ითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაცვის წევრების ჩვენებებში აღმოჩენილ შეუსაბამობებზე. თუმცა არ არის გამორიცხული, ისინი ახალ პროკურორებთან უფრო თამამად ალაპარაკდნენ.
ამასთან, საზოგადოება სკანდალური ვიდეომასალის გამოქვეყნებასაც ელის. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არ არის უშუალოდ მკვლელობის ამსახველი ფირი, მაგრამ ტელეფონით არის გადაღებული, როგორ შეჰყავთ საბურთალოს #53-ში ხელში აყვანილი (გათიშული ან უკვე გარდაცვლილი) რაულ იუსუფოვი. ამბობენ, რომ არსებობს მოწმეც, რომელმაც ეს დაინახა. ახლახან ზურაბ ჟვანიას ძმამ, პარლამენტის წევრმა გოგა ჟვანიამ განაცხადა: "საბურთალოს #53-ში მდებარე ე.წ. კონსპირაციულ ბინაში "სუფრის ინსცენირება" მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ბარამიძემ მოაწყვეს. ისინი იძლეოდნენ მითითებებს, სად რა უნდა განლაგებულიყო და რა უნდა მიტანილიყო. საქმის მასალების გაყალბება პირადად ზურაბ ადეიშვილს ევალებოდა. ის აძლევდა მითითებებს თანამშრომლებს, რა მიმართულებით წაეყვანათ საქმე".
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე "კვირის პალიტრასთან" იგივე განაცხადა იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმაც. ის ამბობდა, რომ საზღვარგარეთ არსებობდა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმოდა ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირთა დიალოგები.
თემურ შაშიაშვილი: "ეს დიალოგი ამაზრზენია, ჟვანია უკვე გარდაცვლილია, მიმდინარეობს "უბედური შემთხვევის" ინსცენირების დეტალების დაზუსტება. იმ პერსონათა წრეს ვერ დავაზუსტებ, რომელიც ჟვანიასთან დაკავშირებით საუბრობს. ისინი ჩემი ცალკეული გამონათქვამის გამო ისედაც გაბოროტებული არიან და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებენ. გიდასტურებთ, რომ გია ბარამიძემ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ყველაფერი იცის. მეტიც, პირველად თქვენ გეტყვით, რომ იმ პირთა წრეში, რომლებიც ჟვანიას სიკვდილის შემდეგ გამოსავალს ეძებენ და უბედური შემთხვევის ინსცენირების დეტალებს აზუსტებენ, ერთ-ერთი გია ბარამიძეა".
ამ საკითხებზე სასაუბროდ გოგა ჟვანიას დავუკავშირდით.
გოგა ჟვანია: - მთავარია, რომ პროკურატურა სიმართლის დადგენით დაინტერესებულია და პროცესი სწრაფად დაიწყება. მე დავასახელე ადამიანები, ვისი ჩვენებებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება: სააკაშვილი, ბარამიძე, ადეიშვილი, მერაბიშვილი, დაცვის წევრები. დაიკითხებიან სხვებიც, ვინც ამა თუ იმ პოსტზე ყოფნისას რაღაც ინფორმაციას ფლობდნენ. დეტალებზე საუბარს მოვერიდები, რადგან ეს გამოძიების პრეროგატივაა.