"ქართული ლაპარაკის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის, ისე ვარ მონატრებული. როგორც ბოლო მოვლენებიდან ჩანს, მალე დავბრუნდები სამშობლოში. ღვთის წყალობით, მჯერა, რომ ასე იქნება", - ასე დაიწყო საუბარი ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ლევან მამალაძემ, რომელიც უკვე 9 წელია, სამშობლოში არ ყოფილა.
- მას შემდეგ, რაც ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და თავისი მინისტრები დანიშნა, შევარდნაძესა და ჟვანიას შორის სიტუაცია დაიძაბა. მე 1994 წლიდან ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად ვმუშაობდი. ყველა დაჯგუფება ცდილობდა, წინ წაწეულიყო პარლამენტსა და პარტიაში. ჟვანიასა და შევარდნაძის ინტერესები ერთმანეთს დაშორდა. ჟვანიას პრემიერმინისტრობა უნდოდა, შევარდნაძეს კი თავისი თამაშის წესები ჰქონდა. დაპირდებოდა ვინმეს თანამდებობას და არ ნიშნავდა, აკვირდებოდა პროცესებს. შევარდნაძისა და ჟვანიას დაპირისპირება ამის გამო კონფლიქტად იქცა. ჟვანიას კახა თარგამაძესა და სხვა მინისტრებთანაც გაუმწვავდა ურთიერთობა.
1995 წელს ჟვანიამ მოულოდნელად თავის გუნდში მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი, სიით პარლამენტში შეიყვანა და "მოქალაქეთა კავშირის" ფრაქციის თავმჯდომარედ დასვა. არავინ იცოდა, ვინ გაუწია სააკაშვილს ჟვანიასთან რეკომენდაცია. ამის გამო ზურას გუნდში განხეთქილება დაიწყო. ყველა კონფლიქტი სააკაშვილის მეშვეობით ღვივდებოდა. ვერავინ გაიგო, რატომ ხდებოდა სააკაშვილის აღზევება, ეს საკითხი საბჭოზეც რამდენჯერმე განიხილეს. შეიძლება ზურა ფიქრობდა, - ბიჭების წინ წამოწევას მიშას საშუალებით დავაბალანსებო. მიშას რაიმეს ეტყოდა, ის გამოვარდებოდა და ყვიროდა. ზურას გარემოცვაში სააკაშვილზე კარგს არავინ ამბობდა. ფაქტია, რომ თავის გუნდში სააკაშვილის მოყვანით ზურამ საფლავი გაითხარა. ეგონა, მიშას გამოვიყენებო და ბოლოს თვითონ აღმოჩნდა მის ხელში. გასარკვევია, ვინ შემოუგდო სააკაშვილი ჟვანიას - რუსებმა თუ ამერიკელებმა და რატომ შეუწყო მის აღზევებას ხელი შევარდნაძემ.
დღეს ვინც ტაშს უკრავს სააკაშვილს, ხან შინ მაკითხავდა და ხან სამსახურში - გვიშველეო.
- მაინც ვინ მოდიოდა?
- მიშა მაჭავარიანი, დათო ტყეშელაშვილი... არ მინდა ყველა დავასახელო. მაჭავარიანმა ერთხელ მითხრა, - ჩქარა დავჯგუფდეთ, თორემ სააკაშვილი ყველას დაგვაპირისპირებსო. მაჭავარიანი მე მოვიყვანე "მოქალაქეთა კავშირში", როდესაც ახალგაზრდულ ფრთას ჩავუდექი სათავეში. სტუდენტობის მეგობარმა გიორგი მაისურაძემ გამაცნო (დღეს ის გერმანიაშია პროფესორი) - აქტიური ბიჭია, კომკავშირში მუშაობდა და გამოგადგებათო. შემომთავაზეს, პარტიაშიც და პარლამენტშიც ჩვენი გუნდი ცალკე გამოვყოთ და ჟვანია მიხვდება, რომ ანგარიში ჩვენ უნდა გაგვიწიოსო. ჩემი ძალა სჭირდებოდათ. მაშინდელ პარლამენტში 20-კაციანი ჯგუფი მყავდა. დავიწყე გუნდის ჩამოყალიბებაზე მუშაობა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვინც ჩემთან დახმარების სათხოვნელად მოდიოდა, კურდღლებივით განზე გახტნენ და მე და ჟვანია შეგვატოვეს ერთმანეთს. ზურასთან დაძაბული საუბარი მქონდა, მაგრამ არ ჩამიშვია ისინი, ვინც დახმარებას მთხოვდა. ვუთხარი, შენი თანაგუნდელები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა სააკაშვილია, რომელიც მათ მიუქსიე-მეთქი.
პარტიაში სიღრმისეული რღვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟვანიამ გადაწყვიტა, შევარდნაძეს შეწინააღმდეგებოდა. არ ვიცი, ჟვანიამ რა მოილაპარაკა რუს ექსპერტებთან, რომლებიც არჩევნებისთვის ჰყავდა მოწვეული. შემომთავაზეს, - შევარდნაძეს ვერაფერი შევასმინეთ, ამიტომაც უნდა განვუდგეთ და ჩვენთან იყავიო. უარი ვუთხარი, რადგანაც სახელმწიფოს საწინააღმდეგო მზაკვრული გეგმა ჰქონდათ. მიპასუხეს, - აი, ნახავ, რაც მოხდება. ისეთი რამეები მოგეკერება, ვერ ჩამოიშორებ და ყველასთვის მიუღებელი გახდები. უპირველესად, შევარდნაძეს "მოქალაქეთა კავშირს" წავართმევთო. დაიწყეს გეგმის განხორციელება. მთავარი შემსრულებელი სააკაშვილი იყო. შევარდნაძე აიძულეს, გადამდგარიყო "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარეობიდან. შევარდნაძეს პირობას უყენებდნენ - თუ ამას აქ არ დანიშნავ და იმას იქ, აღარ დაგიცავთ და ქართველი ხალხი გადაწყვეტს თქვენს ბედსო. თითქმის მთელი მედია ხელში ჰქონდათ და ამას ადვილად ახერხებდნენ. ისინი უკვე ახორციელებდნენ ქართველი ხალხის ფსიქოპოლიტიკური მართვის გეგმას, რომელიც რუსეთიდან ჩამოყვანილმა პიარტექნოლოგებმა (თუ სპეცსამსახურის თანამშრომლებმა) შეუქმნეს. ამ ბრძოლაში ჩავები და ჟვანიას გუნდს სასამართლოს გზით პარტია წავართვი. ამის მერე მიშამ შექმნა "ნაციონალური მოძრაობა".
ჩემი საწინააღმდეგო ბინძური პიარი რომ დაიწყო, სააკაშვილს პეროვსკაიაზე, კაფეში, შევხვდი. ჩვეული მანერით მესაუბრა. თვალებში არ მიყურებდა, იცინოდა - შენთან პრობლემები არ მაქვს, ზურას გეგმის თანახმად ვმოქმედებთო. მიმანიშნა, რომ ჩემთან დაპირისპირება მისი ინიციატივით არ ხდებოდა.
ქართველი ხალხი ბრბოდ გადააქციეს ტელევიზიების საშუალებით. ჰქონდათ ტელევიზიების რეკლამებით დაფინანსების სქემა. მათთან დაახლოებული ჟურნალისტები და გაზეთების წამყვანი კორესპონდენტები კარგად იყვნენ, მათი ქმრები კი ინიშნებოდნენ საბაჟოზე, საგადასახადოსა თუ სხვაგან. მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი მათ სასარგებლოდ და ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა. ეს გუნდი მედიის კონტროლითა და არჩევნების გაყალბების სქემებით ემზადებოდა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ დროს ოქროს თემა წამოსწიეს.
"მადნეულში" ქართულ-ავსტრალიური კომპანია "კვარციტი" მუშაობდა. წლების განმავლობაში ეს საწარმო ბიუჯეტში მცირედს იხდიდა და წამგებიანი იყო. ჩემი ინიციატივით მოხდა ამ საწარმოს რეორგანიზაცია და იქ დირექტორად ზურაბ ლობჟანიძე დაინიშნა. ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ "კვარციტი" თანხებს ითვისებდა და ვალს ადებდა "მადნეულს", ავსტრალიურ მხარეს 10 მლნ ლარზე მეტი უნდა გადაეხადა ქართული მხარისათვის. ეს კონტროლის პალატის ოქმებშიც არის დაფიქსირებული. ავსტრალიელები სასწრაფოდ დაუკავშირდნენ სააკაშვილს, რომელსაც ჰყავდა ლობისტური ჯგუფი და ჰქონდა საადვოკატო კანტორა, მას ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. სააკაშვილი ავსტრალიელებს მოელაპარაკა, - ეს 10 მლნ სახელმწიფოს დავადოთ ვალადო. ავსტრალიელთა ერთმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ ამაში სააკაშვილი იყო დაინტერესებული და თანხის გარკვეულ ნაწილს მიიღებდა. საქმე განსახილველად სტოკჰოლმში წაიღეს, მაგრამ იქ ავსტრალიელების სარჩელი არც კი მიიღეს. მათ 10 მლნ სახელმწიფოს სასარგებლოდ ვალი დაედოთ. სააკაშვილი გაგიჟებული იყო. მთავრობის სხდომებზე შევარდნაძეზე ზეწოლას ახდენდა, როგორც იუსტიციის მინისტრი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამას ჩემს წინააღმდეგ კამპანიის გამწვავება მოჰყვა. მედიაში გამოჩნდა ჩემი ფოტოები, სადაც ოქროს ზოდები მიჭირავს ხელში. არადა, ამ ფოტოებზე ჟვანია და სააკაშვილი იდგნენ ჩემს გვერდით. საწარმოს სტუმრებს ვაჩვენებდით და ასეთ სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდით ხოლმე. ამ პერიოდში სამჯერ გავუმართე სააკაშვილს დებატები და სამჯერვე ეთერიდან გაიქცა.