პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ირწმუნება, რომ 2 ოქტომბრის მონაცემებით , სახელმწიფო ანგარიშებზე არსებული თანხების მოცულობა 2 მლრდ ლარზე მეტს შეადგენს.
ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სიცრუეა, როდესაც ამბობენ, რომ ხაზინა ცარიელია.
ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს კონკრეტული მონაცემებიც წარუდგინა, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არის 920 მლნ ლარი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ანგარიშებზე - 200 მლნ ლარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე - 320 მლნ ლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების დეპოზიტებზე - 587 მლნ ლარი.
"მესმის, 2 მლრდ ლარი არ არის საკმარისი, რომ თუნდაც ნაწილობრივ დაფინანსდეს ის, რასაც მომავალი მთავრობა ხალხს დაჰპირდა, მაგრამ იმის თქმა, რომ ხაზინაში ფული არ არის, არის სიცრუე. თუ ზოგიერთი ჩვენი კოლეგა მომავალი მთავრობიდან მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კომპანიის ან ორგანიზაციის ანგარიშზე არსებული თანხები არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც საბიუჯეტო თანხა, შევახსენებ, რომ საკმარისია ახალი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და ყველა ეს თანხა ზუსტად ნახევარ საათში მოხვდება ხაზინის ანგარიშებზე", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.