"ეი-ეს თელასის" კომერციული ექსპერტის, კომპანიის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი დაკავებამდე და დაკავების შემდეგ სკანდალურ დეტალებზე საუბრობს. რით უკავშირდება მის საქმეს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის დაკავება? რას თხოვდნენ მას ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ და ვინ დაგეგმა გია გვიჩიანის პირველი და მეორე დაკავება, ამაზე N6 სასჯელარსრულების დაწესებულებაში მყოფი გვიჩიანი ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრს, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ესაუბრა.
როგორც გვიჩიანი ყვება, თავდაპირველად ლომინაძის მკვლელობის შემდეგ, 2003 წელს "თელასისთვის" ზიანის მიყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო დაკავება "ენერგომაფიასთან" დაახლოებულმა ავთანდილ ჯორბენაძემ დაგეგმა.
"სულ "თელასში" 8 წლის განმავლობაში ვიმუშავე, საიდანაც 5 წელი მომიწია, დავპირისპირებოდი ქართულ ენერგომაფიას. მის შემადგენლობას არ ვასახელებ, რადგან ვაპირებ, რომ აქედან გამოსვლის შემდეგ მათ სასამართლოში ვუჩივლო. "თელასს" მაშინ ამერიკელი ხელმძღვანელობა ჰყავდა და ქართველებიდან ერთადერთი მე ვიყავი, ვისაც ამ მაფიასთან შეხვედრა შეეძლო. მასში, რა თქმა უნდა, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები იყვნენ, რომლებიც დღესაც აკონტროლებენ ქართულ ენერგეტიკას, თითქმის სრულად.
როდესაც ამერიკელებმა წასვლა გადაწყვიტეს, მაფიის წევრები გამწარებული მყავდა რამდენჯერმე. კერძოდ მათი გამოწვეული იყო უშუქობა საქართველოში მაშინ, როდესაც თურქეთში იყიდებოდა ელექტროენერგია. ანკარაში მე თვითონ შევესწარი, თუ როგორ აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ამ ფაქტს ჩემთან ერთად "თელასის" ერთ-ერთი უცხოელი მენეჯერიც შეესწრო. სწორედ ამის საფუძველზე შეუკვეთეს ჩემი თავდაპირველი დაპატიმრება, რომელიც მოხდა 2003 წელს 3 დღით. ბრალად წამიყენეს, თითქოს მე "თელასს" ზიანი მივაყენე 2,5 მილიონი ლარით.
სხვადასხვა სატელევიზიო არხებმა გააკეთეს სიუჟეტები, რომ მე შეიძლება კავშირი მქონოდა ლომინაძესთან. ისინი სვამდნენ კითხვას - ჩემი დაპატიმრებით ლომინაძის საქმე ხომ არ გაიხსნებოდა? ეს შეიძლებოდა პროკურატურიდან ყოფილიყო მიწოდებული. ეს კადრები ნანახი ჰქონდა მთლს საქართველოს, მათ შორის - ნოდარ გვიჩიანს, რომელიც ჩემი მხოლოდ მოგვარეა და ათას საშინელებას აკეთებინებდნენ მას. "თელასის" მფლობელმა ამერიკელებმა სასამართლოს მიმართეს, რომ მე მათთვის არანაირი ზიანი არ მიმიყენებია და შესაბამისად სასამართლომ გამათავისუფლა. პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლო 2003 წლის 19 ივლისს ჩაინიშნა. 17 ივლისს კი მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ ჩაატარა მთავრობის სხდომა, სადაც განიხილებოდა ერთადერთი საკითხი - ჩემი ხელახალი დაპატიმრება. აქედან ვასკვნი, რომ ჩემს დაპატიმრებას ავთანდილ ჯორბენაძემ გაუწია ორგანიზება. ეს ინფორმაცია მთავრობის ერთ-ერთი წევრმა მომიყვა, რომ ჯორბენაძემ პირდაპირ დაავალა გენპროკურორსა და შს მინისტრს, რომ ამ დაპატიმრებას აქვს უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და მოსამართლისთვის უნდა დაერეკათ და მე ხელახლა დავეპატიმრებინე. ავთანდილ ჯორბენაძე პირადად იყო ახლო ურთიერთობაში ენერგომაფიასთან. ვასკვნი, რომ ის მათ დაკვეთას ასრულებდა, თორემ სად გინახავთ მთავრობა იკრიბებოდეს კერძო თანამშრომლის დასაპატიმრებლად", - ამბობს გვიჩიანი.
კითხვაზე, თუ რა კავშირი აქვს სულხან მოლაშვილის დაკავებას გვიჩიანის საქმესთან, გია გვიჩიანი პასუხობს:
"ჩემი პირველი დაკავებისას, პროკურატურამ "თელასიდან" მთელი ფინანსური დოკუმენტაცია წაიღო. "თელასს" მაშინ ურთიერთობა 300 კერძო კომპანიასთან ჰქონდა. ყველა დაიბარეს პროკურატურაში და ფინანსურმა პოლიციამ შეისწავლა კომპანიების საქმიანობა. ამას უკავშირდება სულხან მოლაშვილის დაპატიმრებაც. კერძოდ, დოკუმენტების წაღების შემდეგ ყველა კომპანია შეამოწმა ფინანსურმა პოლიციამ. ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო საბითუმო ბაზარი და აღმოჩენილი დარღვევების გამო, დააკავეს მისი დირექტორის მოადგილე ნატროშვილი. ეს საბითუმო ბაზარი მანამდე შემოწმებული ჰქონდა კონტროლის პალატას. წავიდნენ კონტროლის პალატაში და დააკავეს სულხან მოლაშვილი, მისი მოადგილე და კიდევ სხვა თანამშრომლები. მთავარი არის ის, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობიდან წავიდა და მკვლელობის ნაცვლად სულ სხვა საკითხებით დაკავდა პროკურატურა", - ამბობს გვიჩიანი.