სკანდალი კულტურის სამინისტროს გარშემო გრძელდება. ჯგუფი, რომელიც ცოტა ხნის წინ შევიდა ამ უწყებაში ვითარების გასაცნობად, მინისტრობის კანდიდატმა, გურამ ოდიშარიამ, დაშალა და ახლა სხვა ადამიანებს აუნთო მწვანე. ბუნებრივია, მარინა ბერიძის მიერ "დაწუნებული" ჯგუფის წევრებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და არ აპირებენ დათმობას. აი, რას უყვება "ალიას" მწერალი მერაბ შათირიშვილი:
- როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, მან სააკაშვილს პირდაპირ უთხრა; წადი, მიშა, შენ ვერ მართავ ქვეყანასო.ახლა ვხედავთ, რომ მიშა მიდის და, ამავე დროს, უნდა წავიდნენ სამინისტროების ის პოლიტიზებული ხელმძღვანელები, რომლებიც ატარებდნენ სააკაშვილის გაუგებარ კურსს.
- მერაბ, რაც კულტურის სამინისტროში მოხდა, ეს იყო გათამაშებული პროვოკაცია?
- სამინისტროში მივედით ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული ვართ გამარჯვებასთან. აქამდე ამ თემაზე არ ვსაუბრობდი, ახლა ძალიან შეურაცხყოფილი ვარ... მე გურამ ოდიშარიას პატიოსნებაში, ერუდიციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ სულ სხვა რამეა ხელმძღვანელობა, მენეჯმენტი, მინისტრობა, თუ შენ პირველივე ნაბიჯს მარცხით იწყებ, ეს არ არის კარგი. ამ ინციდენტის გამო ეს მარცხი პირადად მას უკავშირდება, მისი ბრალია. ჩემთვის და ჯგუფის ყოფილი წევრებისთვის კი ეს ყველაფერი არის ძალიან შეურაცხმყოფელი. სამუშაო ჯგუფში ვიყავით მე, მერაბ თავაძე, ზაზა მამალაძე და თაკო ჩარკვიანი... მე პირადად არჩევნებამდე ორი თვით ადრე ფოთში გახლდით და საქმეს ვაკეთებდი ეკა ბესელიასთან ერთად. მთელმა ფოთმა იცის, რა გავაკეთეთ გამარჯვებისთვის. როგორ, ახლა ჩვენ მივედით კულტურის სამინისტროში რევანშისტული გეგმებით? ჩვენ ასევე გვახლდა გუგული მაღრაძის ქალიშვილი, საკმაოდ განათლებული ადამიანი, რომელი ვიყავით იქ დილეტანტი? კი, ბატონო, ჩვენ არავითარი პრეტენზია არ გვქონდა, უბრალოდ, დაისვა შეკითხვა აქამდე გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით და მინისტრის ერთ-ერთი მოადგილისგან ბაგრატის ტაძრის პროექტის ქება-დიდება წამოვიდა უხეში პასუხებით.
- ეგ უკვე ვიცით, შენ როგორ ფიქრობ, რასთან გვაქვს საქმე, რა ძალები ჩაებნენ ამ საქმეში?
- არავითარ თანამდებობებზე ლაპარაკი არ ყოფილა. მაგალითად, ჩემს თავს იქ უბრალო მუშაკადაც არ განვიხილავ.
- რატომ, უკვე პრინციპის ამბავია?
- არა, თანამდებობებზე ჩვენ არც გვიფიქრია. მე ველაპარაკე ბატონ გურამს, ის შეშფოთებული იყო, საყვედური მივიღეო. ჯერ ერთი, საყვედური არ უნდა მიეღო, გაეცა პასუხი, რა არის აქ საშიში? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ დიდი წვლილი გვაქვს გამარჯვებაში შეტანილი და ასე ერთი ხელის მოსმით გვერდზე გაწევა მართლა შეურაცხმყოფელია!
- გურამ ოდიშარიამ ვისგან მიიღო საყვედური, ივანიშვილისგან?
- არ ვიცი, კონკრეტულად ვისგან მიიღო საყვედური, მაგრამ თვითონ იდანაშაულებს თავს, ყველაფერი ჩემი ბრალიაო.
- ანუ ჯგუფი ვერ შევარჩიე კარგადო?
- ალბათ... სანამ ჩვენ მივიდოდით სამინისტროში, იქ მისულები იყვნენ მერაბ თავაძე და გურამ ოდიშარია. მათ თქვეს, ყველა თანამდებობის პირი მზად არის წასასვლელად და საქმის გადასაბარებლად, თავად განაცხადეს ასე, პრობლემა არ არსებობსო. არადა, ვინც ჰპირდებოდა ოდიშარიას, ასე მოვიქცევითო, სწორედ იმ ადამიანებმა მოაწყვეს პროვოკაცია, კუდი მოიქნიეს. როცა საკუთარ თავს იდანაშაულებ, როცა მარინა ბერიძისა და სხვების საქციელს ამართლებ, როცა თვითონვე ამტკიცებ, არაკომპეტენტური ჯგუფი გავუშვიო და მერე ვითომ კომპეტენტურ ჯგუფს აყალიბებ, ეს ძალიან საწყენია.
- ახალი ჯგუფის შემადგენლობა იცი?
- არა, არ ვიცი... გავიგე, რომ ოდიშარიას ერთ-ერთი მოადგილე იქნება მანანა ბერიკაშვილი. აქ უნდა გაიხსნას ფრჩხილები და რასაც ახლა ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილმაც უნდა იცოდეს: მე ვიცი, რომ გამოცოცხლდნენ ადამიანები, რომლებსაც ისედაც მიუწვდებოდათ ხელი ყველა სიკეთეზე და ისედაც უფინანსებდნენ არაერთ პროექტს. ისინი ადრე სარგებლობდნენ "ნაციონალების" კეთილგანწყობით, მაგრამ ახლა დაიწყეს მათი გინება. გუშინ სააკაშვილის უნივერსიტეტში კითხულობდნენ ლექციებს, ატარებდნენ ღონისძიებებს, ხოლო დღეს ფერი იცვალეს, არ უნდათ მდგომარეობის დაკარგვა. თურმე, მიუნხენის წიგნის ფესტივალი წარმატებული პროექტი ყოფილა და მას პროფესიონალთა ჯგუფი ხელმძღვანელობს, აცხადებს ერთი ახალგაზრდა კაცი და ასი ქართული წიგნის თარგმანსა და მის პოპულარიზაციაზე საუბრობს... წარმოიდგინეთ, ამ პროექტის ფუძემდებელნი ქართული წიგნებიდან - შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონისა და სხვა გენიოსთა მწვერვალებიდან, ეშვებიან თანამედროვე ქართული მწერლობის "ცოცხალ კალასიკოსებზე", რომელთა ნაშრომებიც რა კრიტერიუმით შეფასდა და წარმატებული გახდა, ღმერთმა უწყის. ამ ავტორების გვარები იცის მხოლოდ ქართველმა ხალხმა, თორემ მათი ნაწარმოებები დიდად არ იტაცებთ და არც რამე სახელი მოუტანია საზღვარგარეთ ქართული მწერლობისთვის... იქნებ, ამ ას რომანსა თუ პოეტურ თარგმანებში "პაემანი ჯალათთან" ან "ევა და ეშმაკის" მომრჯულებელი მომხვდარიყო, მაგრამ ამ რომანების ავტორი მერაბ შათირია და ის "ნაციონალებისგან" ყოველნაირად იგნორირებული იყო და მის ნაწარმოებს ვინღა განიხილავდა?.. ლიტერატურული კონკურსები, მიკერძოებული და პრივილიგირებული პროექტები, სადაც ჩემი თაობა, 80-იანელები, მონაწილეობასაც ვერ ღებულობდა... ანდა რობერტ სტურუას პოლიტიკური ნიშნით რომ ხსნიან და მის ადგილას მოკალათებული ახლა რომ იწყებ ქართულ თეატრში არსებულ პრობლემებზე საუბარს, რეჟისორულ განათლებასთან ერთად სინდისიც უნდა გქონდეს და იმაზე დაფიქრდე, ამხელა მაესტროს ასე უდიერად რომ ექცევიან, მის ადგილას არ უნდა წამოსკუპდე და პირიქით, პროტესტი გამოგეხატა, ასეთი კულტურული პოლიტიკისთვის მიმიფურთხებიაო.. იქნებ, ის პროექტი თუ ღონისძიება იყო გამართლებული, მსოფლიოში გამოჩენილ მწერალთა თავყრილობაზე ამერიკაში, ქართული მწერლობის სახედ ის პოეტი-პროზაიკოსი-ფილოსოფოსი-ჟურნალისტი რომ გაუშვეს, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ომში დამარცხება სააკაშვილის ხელისუფლებას გამარჯვებად "გაუპრავა" და სულ გული- გული იძახა და ლამის ჩვენც გულები დაგვიხეთქა... არსებობს კულტურისა და განათლების ზონდერები და ამ სფეროების ზონდერიზაციას თუ არ დავაღწიეთ თავი, ყველაფერი ყირაზე დაგვემხობა... მე ვნახე ახლა, სამოცი ადამიანი აწერს მიმართვას ხელს, ოდიშარიას გაუგზავნეს, ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციებსო. გურამ ოდიშარიაც მიიწვიეს და ძალიან გულშეწუხებულები არიან. ფაქტობრივად, კულტურის სამინისტროზე მეურვეობას იღებენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სარგებლობდნენ შემოქმედებითი გრანტებითა და ყოველთვის ჰქონდათ უპირატესობა, რაც დღეს ხდება, ეს არის მარაზმი. მიშას ყოფილმა მონებმა კარგად გამოიყენეს ინციდენტი, ხელოვნურად შექმნეს დაპირისპირება და ისინი ხელახლა იმკვიდრებენ პოზიციებს. გურამ ოდიშარიამ ვერ დაიცვა თავისი ჯგუფი, დაუშვა დიდი შეცდომა და ეს ყვალაფერი თითოეულ ჩვენგანს დაგვხვდება წინ. გადმოლაგებულთაგან ზოგს თავი მარკესი ჰგონია, ზოგს კიდევ ბაირონი, მაგრამ ყველამ კარგად იცის, ვინ ვინ არის!
- მერაბ, ბატონმა გურამ ოდიშარიამ დიდი კმაყოფილება გამოთქვა ამ ადამიანების მზადყოფნის გამო.
- გურამ ოდიშარიამ სისუსტე გამოიჩინა და თავი ჩაიგდო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ეტყობა, მან არ იცის, ვინ იყო განებივრებული ფესტივალებით, კონკურსებით, მოგზაურობით, პრემიებითა და გრანტებით. მე ვფიქრობ, ბატონი გურამი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება, თუ მან თავისი სიმართლე არ გაიტანა!
- ჯგუფის წევრები არ შეკრებილხართ?
- არა, იმ ინციდენტის შემდეგ არც შევკრებილვართ და არც არავის ჩავუგდივართ ღირსად, რომ გველაპარაკა. ამ ინტერვიუს მხოლოდ იმიტომ გაძლევ, რომ მინდა, ბიძინა ივანიშვილმა სიმართლე იცოდეს, არანაირი პრეტენზია არ მაქვს კულტურის სფეროში დაბრუნებისა. გურამ ოდიშარიას უკვე დამარცხებული მინისტრის იმიჯი აქვს და არც მე მინდა, მარცხით დავიწყო.
- ახლა ჯგუფის წევრები რას აპირებთ?
- მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ გავიარე 7 ნოემბერი, გავიარე 26 მაისი, გავიარე აპრილის აქციები. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ არაერთ აქციაში მივიღე მონაწილეობა. თუნდაც ის ფაქტი, რომ, მე სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე ფეხით ჩამოვედით ზამთარში ქუთაისიდან თბილისამდე, ესეც ფსიქოლოგიური გარდატეხა იყო ხალხისთვის. ამის შემდეგ არასოდეს გამჩენია სურვილი, ბიძინა ივანიშვილისთვის კარი ამეტალახებინა... თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტის წევრობას მე ვერ შევიფერებდი, ძალიან ცდება, მაგრამ ეს აზრადაც არ მომსვლია. მე ფოთში წავედი რიგით ჯარისკაცად და ახლა ვხედავ, როგორ იღებენ რევანშს საზოგადოებისთვის მიუღებელი ადამიანები. დამიჯერე, მე უკვე არ ვიცი, ჩემი ადგილი სად არის. თუ სამართალი არ იქნება, ჩემი აზრით, ათასობით ადამიანი ისევ იმ მდგომარეობაში ჩავარდება, როგორშიც აქამდე იყო. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, თუნდაც 10 წუთით შევხვდე ბიძინა ივანიშვილს, რათა ავუხსნა სხვა პრობლემების შესახებაც. თუ პასუხს ვერ მივიღებ, ჩემს გზას მოვნახავ. ამ დღეებში ჩვენ, ძველი ჯგუფის წევრები, შევიკრიბებით და საზოგადოებას გავაგებინებთ, სინამდვილეში რაც ხდება!
გელა ზედელაშვილი