ნინო იოსელიანი წლებია ბარსელონაში ცხოვრობს. ქართული მოდის ინდუსტრიის აქტიური წევრი იქ გათხოვების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად. მისი მეუღლე, გიორგი ქისტაური, 12 წელია ესპანეთის მკვიდრია და იქ სამშენებლო ბიზნესი აქვს. ნინოსა და გიორგის ორი ვაჟი ჰყავთ, ალექსანდრე და ლუკა, რომლებიც ხასიათით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ნინო ბარსელონაშიც ისეთივე აქტიურია, როგორიც თბილისში გახლდათ. მას თავისი ლაუნჯ-რესტორანი "ჰორტენზია" აქვს და მისი გაპიარებით არის დაკავებული. მიუხედავად საქმეებისა, ახერხებს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალი აქტიურად ადევნოს. საუბარი სწორედ ბოლო დროის აქტუალური თემებით დავიწყეთ...
- ნინო, რამდენად ხარ ჩართული ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებში?
- ვადევნებ თვალყურს და არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი სამეგობრო წრე, ვინც ბარსელონაში გახლავთ. ჩემი ქმარი იყო საარჩევნო სიებში, მე კი რატომღაც არა. აღწერილი ვარ, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები. მოკლედ, ხმა ვერ მივეცი. ჩემ გარშემო საკმაოდ ბევრ ქართველს შეექმნა პრობლემები. არალეგალურად ვინც არის აქ, მათაც არ მისცეს მონაწილეობის საშუალება, რაც ასევე გაუგებარია. როცა ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, რატომ არ აძლევ ხმის მიცემის საშუალება? ჩემს ესპანელ მეგობრებს ეს ძალიან გაუკვირდათ.
ქართველი ვარ და სრულიად საქართველო იყო და არის ჩართული პოლიტიკურ მოვლენებში. ის კადრებიც ვნახე, რაც გავრცელდა არჩევნების წინ. როცა დრო მაქვს, მუდმივად ვუყურებ ქართულ არხებს. რასაკვირველია, ყველას მსგავსად, დიდი პროტესტი გამიჩნდა და ძალიან გავბრაზდი. ყოველთვის მესმოდა, რომ პატიმრებს სცემდნენ, მაგრამ რეალურად ამას ვერ წარმოვიდგენდი. იმანაც ძალიან გამაბრაზა, როცა ამბობდნენ, უცხოურ ციხეებშიც ასე ხდებაო. 16 წლიდან საზღვარგარეთ ვცხოვრობ და არსად ასეთი რამ არ მომისმენია და არც მინახავს. გავსაუბრებივარ ისეთ ადამიანებს, ხელისუფლების ამ ქმედებებს რომ ამართლებდნენ, და მათ უთქვამთ, სხვანაირად პატიმრების პატივისცემას ვერ შეინარჩუნებდნენო, მაგრამ მგონია, რომ ასეთი მენტალიტეტი 21-ე საუკუნეში მიუღებელია. ქვის ხანა დასრულდა და ხალხის ცემა-ტყეპით დამორჩილების დროც წავიდა. ასეთი რაღაცები, მაგალითად, ირანში ხდება და თუ გვინდა, ირანს დავემსგავსოთ, მაშინ სხვა საქმეა. თუკი ევროპისკენ მივდივართ და ნატოში გაწევრება გვსურს, სასაცილოა, როცა ასეთ რამეს ამართლებენ. საქართველო ესპანეთში დემოკრატიული ქვეყანა ეგონათ და როცა ადგილობრივ ტელევიზიებში ის კადრები გავიდა, გაოგნებულები დარჩნენ. გარედან საქართველო ჩანდა, როგორც ერთ-ერთი მზარდი დემოკრატიის ქვეყანა, რომელიც შენდება და ვითარდება.
- შენთვისაც ასე ჩანდა?
- ბევრი რამ გაკეთდა და განვითარდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველა ხელისუფლების მოვალეობაა. გზა რომ დააგონ და შუქი რომ იყოს, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ცოტა მიკვირს, როცა ამბობენ, ახლა ძველ დროში დავბრუნდებითო. სალაპარაკო არ უნდა გახადო ის, რასაც თანამდებობაზე ყოფნისას აკეთებ. საქართველოში ბევრი პრობლემაა. ვფიქრობ, ჩვენს ძველ ხელისუფლებას პროფესიონალიზმი აკლდა. ბევრ სფეროს ჰყავდა ისეთი მეთაური, რომელიც არ იყო საკუთარი საქმის პროფესიონალი. დემოკრატიის დეკორაცია გაკეთდა, მაგრამ ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემები მოუგვარებელი დარჩა. ქურდული მენტალიტეტი ჩემთვის, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ყოველთვის მიუღებელი იყო, მაგრამ მაინცდამაინც ძალადობით დაიწყეს მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ასაკიდან და გამოუცდელობიდან გამომდინარე, ასეთი მეთოდები არ გამკვირვებია.
- რამდენჯერმე ჩამოხვედი საქართველოში და გინდოდა ბიზნესის აწყობა, მაგრამ არაფერი გაგიკეთებია. მახსოვს, კოდუების დედასთან, ლაურა ღაჭავასთან ერთად აპირებდი ტანსაცმლის სერიული წარმოების ამუშავებას...
- მინდოდა ქართული ბრენდის გაკეთება, რომელიც სამოსის სერიულ წარმოებაზე იმუშავებდა. აქ იყო ქარხანა, სადაც იდგა დანადგარები, თუმცა არ იყო და არც ახლა არის შესაბამისი მუშახელი. ლაურა ღაჭავას ახლა აღარ აქვს ის ფაბრიკა, მაგრამ როცა ჰქონდა, არ ჰყავდა კვალიფიციური თანამშრომლები. იმედი მაქვს, მაინც გავაკეთებ იმას, რაც დიდი ხანია ჩაფიქრებული მაქვს. დღეს მსოფლიოში ის ბრენდი მუშაობს, რომელსაც აქვს ხარისხი და იაფი ფასი. ქართულ ფაბრიკაში კი ეს არ გამოვიდოდა... არის ქარხნები, რომლებიც განუწყვეტლივ იმარჯვებენ ტენდერებში და სამთავრობო შეკვეთებზე მუშაობენ, თუმცა ეს ფაბრიკები ისეთი ხალხის ხელშია, ვისაც საერთოდ არ ესმის ის იდეა, რაზეც მე ვმუშაობ (იღიმის). მათ "ცეხავიკებს" ვეძახი, ძველი მენტალიტეტით...
- აქ რაიმე ბიზნესი გაქვს დარჩენილი თუ ბარსელონაში გახსნილ რესტორან "ჰორტენზიაზე" გადაერთე?
- უკვე ხუთი თვეა ბარსელონაში გავხსენი საკუთარი რესტორანი "ჰორტენზია". ეს არ არის მხოლოდ ლაუნჯ-რესტორანი ან კაფე, ის პირდაპირ უკავშირდება მოდას. აქ იმართება კოლექციების ჩვენებები და გამოფენები, ასევე წარმოებს ამ სამოსის გაყიდვაც. სექტემბრიდან დავიწყეთ ჩვენებების მოწყობა. ჯორდი კვესტასის ჩვენება მოეწყო პირველად. ძალიან ორიგინალური გამოვიდა. მამაკაცის პერანგები გოგონებს ჩააცვა. ბარსელონაში ამ სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და წარმატების მიღწევაც რთულია. ცნობილი ხალხის მოსაზიდად ბევრი მუშაობაა საჭირო. გვსტუმრობენ აქაური ცნობილი დიზაინერები, მსახიობები... ფაბრეგასის და გვსტუმრობდა. დღეს გვაქვს ერთ-ერთი ივენთი, რომელსაც დიზაინერი კუსტო დაესწრება. მალე გვექნება ღონისძიება, რომელზეც "ბარსას" ფეხბურთელებს დავპატიჟებთ. გვაქვს სხვადასხვა დღეები - მოდის, ფლამენკოს, ჯაზისა და სოულის, ასევე დიჯეის დღეები. ეს დღეები "შარდენ-ბარის" კონცეფციას უახლოვდება.
- ის ბარი, რამდენადაც ვიცი, დახურე.
- უკვე სამი წელია დავხურეთ იმის გამო, რომ ბარსელონაში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემი და ფეხმძიმედ იყო, შვილი რომ გაუჩნდა, ვეღარ ახერხებდა ბიზნესის მიხედვას. თანაც, შარდენზე უამრავი კაფე-ბარი გაიხსნა, ყველგან გაურკვეველი მუსიკა იყო ჩართული და არც ატმოსფერო მომწონდა. თავიდან, როცა ჩემი ბარი გავხსენი, ბევრად ექსკლუზიური ქუჩა იყო, ახლა სტილი დაირღვა.
- ბარის დახურვა გირგვლიანის საქმის სკანდალს ხომ არ უკავშირდებოდა?
- არანაირად. იმ ამბის მერე სამი წელი ჩვეულებრივად ვმუშაობდით. "შარდენ-ბარში" რეალურად არც შელაპარაკება მომხდარა და არც სხვა რამ. ჩემი მიმტანები სასამართლოზეც იყვნენ ჩვენების მისაცემად. დაცვა გვყავდა და ისინი შეამჩნევდნენ, რაიმე რომ მომხდარიყო. როდესაც გირგვლიანი მეგობართან ერთად ბარიდან გავიდა, მათ მერე აედევნენ...
- სხვა თემაზე გადავინაცვლოთ. ბარსელონაში შენი ცხოვრება კვლავინდებურად საქმიანია, შვილების მოსავლელად დრო თუ გრჩება?
- ჩემი შვილები სკოლაში დადიან. მყავს ძიძა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან საღამოობით თითქმის სულ გასული ვარ რესტორანში. ბავშვებისთვის, რასაკვირველია, ვიცლი, რადგან დედა ვარ, თუმცა ბევრი საქმეა გასაკეთებელი და საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. უცხო ქალაქში არ არის ადვილი ბიზნესის კეთება. ყოველკვირა ახალი ივენთის მომზადება შრომატევადია. ხუთი თვე რესტორნისთვის ძალიან მცირე დროა, ამიტომ ჯერ კიდევ კადრების ძიების სტადიაში ვარ. ეს აქაც, საქართველოს მსგავსად, დიდი პრობლემაა. შესაძლოა, ოფიციანტმა ერთ დღეს დაიხუროს ქუდი, წავიდეს და სახელმწიფო გადაუხდის გარკვეულ თანხას. ერთმა მითხრა, მუშაობით დავიღალე და ახლა სამი თვე დავისვენებო (იცინის).
- შვილები რამხელები არიან?
- უფროსი, ალექსანდრე, 7 წლისაა, ლუკა - 6-ის.
- მეუღლე, გიორგი ქისტაური, თუ ერევა შენი რესტორნის საქმეებში?
- მას აქ სამშენებლო ბიზნესი აქვს, მაგრამ ძალიან მეხმარება და აქტიურად არის ჩართული რესტორნის საქმეებში. გიორგი 12 წელია ესპანეთში ცხოვრობს. კიდევ კარგი, გვერდზე მიდგას და მეხმარება, თორემ გავგიჟდებოდი.
- ერთად დროის გატარებას ახერხებთ?
- ბარსელონაში ძალიან გრძელი უიკენდებია, დასვენების დღეები. სანამ სწავლა დაიწყებოდა, წავედით ესპანეთის ბასკურ მხარეში, სან-სებასტიანში, შემდეგ საფრანგეთის ბასკურ ნაწილსაც ვსტუმრობდით. იქ არ ვიყავი ნამყოფი. ძალიან მომეწონა, ულამაზესი მხარეებია. გრძელ უიკენდებზე დავდივართ ქალაქგარეთ, მაგალითად, კოსტა-ბრავაზე. ისე, სასაცილოა ბარსელონიდან გასვლა და დასვენება, რადგან აქეთ ჩამოდიან ტურისტები დასასვენებლად. ზაფხულის განმავლობაში სულ ზღვაზე ვარ. დავდივარ ბარსელონის პლაჟზე. სანაპიროზე არის ერთი სასტუმრო, რომელსაც ულამაზესი პლაჟი აქვს. იქ შაკირას ერთი კლიპიც არის გადაღებული. იქ დავდივართ ხოლმე ხშირად. თან ბავშვებიც მიგვყავს. კვირაობით სულ პატარებთან ერთად ვართ.
- შენ გგვანან?
- გარეგნულად უფროსი მამას, პატარა მე. ხასიათით ორივე განსხვავებულია. რაც სკოლაში დადიან, ძალიან დაჭკვიანდნენ. პატარები რომ იყვნენ, სახლში საგიჟეთი გვქონდა (იცინის).
- აპირებ მესამის გაჩენას?
- ჯერჯერობით არ ვაპირებ, რადგან ბევრი საქმე მაქვს დასალაგებელი. ძალიან მინდა, გოგონა მყავდეს. შესაძლოა, თუკი ძალიან მომინდება, რამდენიმე წელიწადში გავაჩინო კიდეც (იღიმის).
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)