თორნიკე მოლაშვილის ოჯახის წევრებმა მის დაპატიმრებამდე ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაავრცელეს

თორნიკე მოლაშვილის ოჯახის წევრებმა მის დაპატიმრებამდე ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაავრცელეს

თორნიკე მოლაშვილის ოჯახის წევრებმა და "უფლებადამცველთა გაერთიანებამ" თორნიკე მოლაშვილის დაპატიმრებამდე ჩაწერილი მისი ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

69-წამიანი მასალა მოლაშვილის დაპატიმრებამდე ორი თვით ადრე, 22 მაისს არის გადაღებული, სადაც იგი საუბრობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების, ან იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით უახლოეს დღეებში მისი დაპატიმრება არის მოსალოდნელი.

"დაგეგმილია ჩემი დაკავება რამდენიმე დღეში. შეიძლება დღესაც დამაკავონ. დაკავების საფუძველი იქნება ნარკოტიკული ნივთიერება, ან ცეცხლსასროლი იარაღი. მე არც ნარკოტიკებით ვაპირებ ქუჩაში სიარულს, არც მოხმარებას, არც ცეცხლსასროლი იარაღი გამაჩნია, არც სახლში მაქვს რაიმე კანონსაწინააღმდეგო", - ნათქვამია მოლაშვილის ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, იგი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას არ აპირებს.

"თუ დამაკავეს, ქალბატონებო და ბატონებო, იცოდეთ, რომ ეს იყო დაგეგმილი სცენარი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მიერ", - ამბობს მიმართვაში მოლაშვილი.

თორნიკე მოლაშვილის მამის, თამაზ მოლაშვილის თქმით, აღნიშნული ვიდეომიმართვის არსებობის შესახებ ოჯახმა იცოდა, თუმცა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ბინაში არაერთგზის ჩატარებული ჩხრეკის გამო ფირი დაკარგული ეგონათ. მასალა მეუღლემ რამდენიმე დღის წინ საოჯახო არქივში აღმოაჩინა.

ამასთან, "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, აღნიშნული მასალა თორნიკე მოლაშვილის უდანაშაულობის დამადასტურებელი სერიოზული მტკიცებულებაა.

"ეს ცხადყოფს, რა ხერხებით ებრძოდა ხელისუფლება მისთვის მიუღებელ პირებს. თორნიკე მოლაშვილმა იცოდა თუ რა იგეგმებოდა მის წინააღმდეგ, თუმცა ამის მიუხედავად იგი არ გაიქცა საქართველოდან", - აღნიშნა მჟავანაძემ.

ამასთან, ოჯახის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, აღნიშნული ვიდეომიმართვა მტკიცებულების სახით სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება, სადაც თორნიკე მოლაშვილის სარჩელი უკვე შეტანილია.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი 2011 წლის 21 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება ნარკოტიკების, ასევე საბრძოლო მასალის შენახვა. ბრალდების საფუძველზე მოლაშვილს რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა