ახალი მოწვევის პარლამენტის ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი მალხაზ წერეთელი ჭიათურის რაიონში არსებულ ვითარებაზე გვესაუბრება:
- ჭიათურის სიმდიდრე, უპირველესად, ამ რაიონის მოსახლეობას უნდა მოხმარდეს. ეკოლოგიური თვალსაზრისით აქ კატასტროფული ვითარებაა, ამიტომ მთელ ძალ-ღონეს სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისკენ მივმართავთ. აქ მოიპოვებს მადანს "ჯორჯიან მარგანეცი", რომელიც ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაზეც უმკაცრესად მოვთხოვთ პასუხს. ასევე, უმკაცრესად მოვთხოვთ შრომის პირობების გაუმჯობესებას, რადგან უმცირეს ხელფასზე მომუშავე მუშა-მოსამსახურეების უსაფრთხოება, ფაქტობრივად, დაუცველია. 2007 წელს პენსიაწართმეულ ადამიანებს კი პენსია უნდა აღვუდგინოთ. ჭიათურას, ცენტრალური სისტემით, ფაქტობრივად, არ მიეწოდება სასმელი წყალი, ამიტომ აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს სათავო ნაგებობა, სოფლებში კი აიგოს წყლის რეზერვუარები. სოფლების უმრავლესობაში არ არის მისასვლელი გზა და ესეც სასწრაფოდაა მისახედი...
- თქვენ ექიმი ბრძანდებით, სამედიცინო სფეროში რა ვითარებაა?
- უჰ, შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურელებს სამედიცინო სტაციონარული ქსელი აღარ გვაქვს. ჩვენთან 4000-მდე მუშა-მოსამსახურე მიწის ქვეშ თუ მის ზემოთ ძალიან სახიფათო სამუშაოს ასრულებს, ამიტომ ხშირია ტრავმები, არადა, უმარტივესი ტრავმატოლოგიური დახმარების გაწევის საშუალებაც კი არ გვაქვს. ადამიანს ხელი რომ მოტყდეს, ზესტაფონში უნდა გადავიყვანოთ. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მის გუნდთან უკვე შევათანხმეთ, რომ სასწრაფოდ გარემონტდეს ერთ-ერთი მიტოვებული საავადმყოფო და შეიქმნას 40-60-საწოლიანი სტაციონარი შესაბამისი აღჭურვილობით.
- რას გვეტყვით ჭიათურისა და მისი სოფლების მოსახლეობაზე, რომელიც უკბილოდ დატოვა ხელისუფლებამ - პროექტი "ღიმილიანი საქართველო" არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებასთან ერთად შეწყდა.
- ამ პროექტის შეჩერებით ადამიანებს, რაც ჰქონდათ, ის კბილებიც აღარ დაუტოვეს. მათ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ, მაგრამ რას და როგორ გავაკეთებთ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. სხვათა შორის, ეს არის საპრეზიდენტო პროგრამა, სააკაშვილი კი ჯერ ისევ თანამდებობაზეა, ამიტომ კეთილი ინებოს, გამონახოს სახსრები და მიხედოს უკბილოდ დარჩენილ ხალხს. ასეთივე კურიოზული იყო არჩევნების წინ, 27 სექტემბერს, იუსტიციის სახლის მშენებლობის დაწყება ჭიათურის მერიასთან მდებარე სკვერში. შემოღობეს კიდეც ტერიტორია, არადა, არც შესაბამისი პროექტი არსებობდა, არც საკრებულოს დადგენილება. ადამიანებმა, ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმაც კი, გააპროტესტეს ეს მშენებლობა, თუმცა საქმე აღარ გართულებულა, რადგან არჩევნების შემდეგ სასწრაფოდ აიღეს ყველაფერი.
P.S. რამდენიმე დღის წინ საინფორმავიო სააგენტო "ინფო 9"-მ წინასაარჩევნოდ მომხდარი ანეკდოტივით ამბავი გადმოსცა, ისეთი, კბილებდამძვრალებსაც და კბილებშერჩენილებსაც ერთნაირად რომ გააღიმებს: ბატონები - ვანო მერაბიშვილი, გიგი წერეთელი და გიგი უგულავა თურმე ჭიათურის რაიონის სოფელ ხალიფაურს ეწვივნენ და 9-წლიანი მმართველობის შემდეგ პირველად მოიკითხეს ადამიანები, რომლებსაც XXI საუკუნეში არც წყალი აქვთ, არც ბუნებრივი აირი, არც გზა, არც საავადმყოფო, არც სამუშაო და...
არც არის საჭირო, კვლავ რომ დაგპირდეთ. ეგ ხომ ისედაც გექნებათ, სამაგიეროდ, გპირდებით, სოფელს გაგითანამედროვებთ - სულ მალე "ვაი-ფაის", ანუ უკაბელო ინტერნეტს დაგიყენებთ და მთელ სამყაროს დაუკავშირდებითო, - ასე დაიმედებული და გაღიმებული დატოვეს ხალიფაურელები ნაცმოძრაობის ლიდერებმა, თუმცა ისიც საკითხავია, არჩევნების შემდეგ ვინ დარჩა გაღიმებული...
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)