ძმები ბოისების პირადი ცხოვრება - "ძნელია, როცა ცოლ-შვილი შენგან შორსაა"

ძმები ბოისების პირადი ცხოვრება - "ძნელია, როცა ცოლ-შვილი შენგან შორსაა"

კალათბურთელი ძმები - ვლადიმერ და ანატოლი ბოისები "არმიის"ღირსებას იცავენ და საქართველოს ნაკრების წარმატებაშიც მიუძღვით წვლილი. ტოლისა და მის მეუღლეს, თეას ცოტა ხნის წინ ვაჟი - დათა შეეძინათ. ძმები სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრებიან.

- ორიოდე დღის წინ დასრულდა "დუდუ დადიანის მემორიალის"თამაშები. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ტურნირი?

ვოვა:

- დუდუ დადიანს პირადად ვიცნობდი. ჩვენ ერთად ვთამაშობდით. ის შესანიშნავი კალათბურთელი და კარგი ადამიანი იყო, დიდ პატივს ვცემდი. შესაბამისად, მისი სახელობის თასისთვის თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 14 წელია, საქართველოდან წასული ვარ, თუმცა ნაკრების თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ყოველთვის ჩამოვდიოდი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. მაგალითად, ადრე ლეგიონერები არ გვყავდა, ახლა კი გვყავს.

ტოლი:

- "დუდუ დადიანის მემორიალი"მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ გუნდი უკეთ შეთამაშდეს. "არმიაში"ოთხი ახალი მოთამაშე გვყავს - ანუ ფაქტობრივად, ახალი კოლექტივია. ჩვენ "ევრო ჩელენჯამდე"დარჩენილი დრო მაქსიმალურად გვინდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოედანზე ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ და ევროპაში ჩვენი პლუსები გამოვავლინოთ.

- "არმია"საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკალათბურთო გუნდია. რა განაპირობებს თქვენს წარმატებას?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არავის აქვს ისეთი პირობები, როგორიც "არმიაშია". ჩვენთან ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ამიტომაც, არა მარტო საქართველოს ჩემპიონობაზე ვფიქრობთ, არამედ უფრო დიდი მიზნებიც გვაქვს.

ვოვა:

- გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გულშემატკივარი წაგებული არ დარჩება; ვინც ხშირად იგებს, მას უნდა უგულშემატკივრო და სულ გახარებული იქნები (იცინის). ბურთი მრგვალია და შეიძლება, ზოგჯერ ცუდი დღე გქონდეს, ვიღაცამ მოგიგოს კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ...

ტოლი:

- ყოველი თამაშის მერე ვაანალიზებ, რა როგორ გამოვიდა, როგორ ვითამაშე და ა.შ. თამაშის წინ ყველა თავისებურად ემზადება: ზოგი მუსიკას უსმენს, ზოგს ურჩევნია, არავის ელაპარაკოს. მოედანზე ნებისმიერი პირადი საქმე უკანა პლანზე იწევს და ყველა ერთად, ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. პირველ რიგში, გუნდის გამარჯვებაზე უნდა იფიქრო და არა - პირად წარმატებაზე. ზედიზედ ორი წელია, ჩემპიონები ვართ, თასებსაც ვიღებთ და ეს ძალიან მეამაყება. ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს. რაც უფრო ძლიერია შიდა ჩემპიონატი და მოთამაშეები, მით უფრო ძლიერი ახალგაზრდა თაობა იზრდება, გამოცდილებას იღებს და ეროვნული ნაკრებიც ამით ძლიერდება.

- როგორ დაიწყო თქვენი სპორტული კარიერა?

ვოვა:

- 11 წლამდე, მთელი ხუთი წელი ცურვაზე დავდიოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. შემდეგ კალათბურთზე მიმიყვანეს, რომელიც ძალიან მომეწონა. ვიგრძენი, რომ მაგარი მოთამაშე ვიყავი (იცინის). ბავშვს ისეთი პირობები უნდა შეუქმნა, რომ სპორტზე სიარული უხაროდეს. 5-6 წლის ბიჭს რომ დიდების ჯგუფში მიიყვან, დაიჩაგრება, ვერავის აჯობებს და თამაშის ხალისი დაეკარგება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემი ასაკის ბავშვებთან ერთად ვვარჯიშობდი. სხვათა შორის, ტოლიკას კალათბურთელობა არ უნდოდა და მე დავაძალე. მგონი, კოსმონავტობა სურდა... მაშინ ჩვენს გუნდს "აზოტი"ერქვა.

ტოლი:

- სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მეცადინეობა მიყვარდა და კალათბურთზე სიარულის სურვილი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ვოვას, მშობლების, მწვრთნელის დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა და ვარჯიში დავიწყე. ბოლოს სპორტის ეს სახეობა იმდენად შემიყვარდა, რომ ვეღარ შევეშვი... არადა, თავიდან ვარჯიშებსაც ვაცდენდი და რას არ ვიმიზეზებდი, ოღონდ იქ არ წავსულიყავი. სწავლას ვერ ვასწრებ-მეთქი, - ვამბობდი, მაგრამ მწვრთნელი სახლშიც კი მოდიოდა და ვარჯიშზე თავად მივყავდი. მოკლედ, ძალიან შემიწყვეს ხელი. ახლა უკვე მიხარია და კმაყოფილი ვარ, რომ ყველაფერი ასე კარგად ამეწყო.

- 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, რუსთავში როგორი სავარჯიშო პირობები გქონდათ?

ვოვა:

- რა დამავიწყებს მაშინდელ გაყინულ დარბაზებს?! მახსოვს, თანაგუნდელები შეჯიბრებებზე რომელიმე მშობლის მსუბუქი ავტომობილით მივდიოდით და ისიც, მხოლოდ ექვსნი... საშხაპეც არ გვქონდა. თუმცა, ცხოვრება მაინც გვიხაროდა და ის პერიოდი ყოველთვის კარგად მახსენდება.

ტოლი:

- სამაგიეროდ, ახლა უფრო მეტად ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. მახსოვს, ჩვენს სახლთან ერთი "საპელმენე"იყო. ვოვას იქ სიარული მაგრად მოსწონდა. ერთხელ ფაქტზე წავიჭირე, - ყულაბიდან ფულს რომ მპარავდა და, რა თქმა უნდა, მეც ჩავუჯექი წილში (იცინის).

ვოვა:

- როცა სლოვენიაში მეგობრებს ვუყვებოდი, თუ როგორ გვიხაროდა ქართველებს შუქის მოსვლა, წყლის მოსატანად რამხელა მანძილზე გვიწევდა სიარული და რომ პურისა თუ შაქრის შესაძენად გრძელ რიგებში ვიდექით, არ მიჯერებდნენ.

- ხასიათით თუ ჰგავხართ ერთმანეთს? ტოლიკა ძალიან მხიარული და მოუსვენარი ჩანს.

ვოვა:

- თქვენ არ იცით, როგორი აგრესიულია. თუმცა, სიტყვის კაცია; თუ რამეს იტყვის, აუცილებლად გააკეთებს! როგორც უმცროსი ძმა, ყველაფერს მიჯერებს, მაგრამ ვცდილობ, არ დავჩაგრო. მასთან თუ ერთი-ერთზე მომივა ჩხუბი, მირჩევნია, გავეცალო.

ტოლი:

- იცის, რომ იმპულსური, ფეთქებადი ვარ და ამიტომაც (იცინის). აგრესიული სულაც არ ვარ. მეგობრებისა და ახლობლებისთვის მართლაც, ძალიან მხიარული ვარ... ბავშვობისას ვოვა ყველაფრის გამო მირტყამდა. თვითონ ძალიან დიდი იყო, მე კი პატარა და ხელს თუ შევუბრუნებდი, მერე საპირფარეშოში ვიკეტებოდი. აბა, სხვა რა გზა მქონდა (იცინის)?! ვოვას ვაჟი ხუთი წლისაა, ჩემი შვილი კი 15 სექტემბერს დაიბადა. ჰოდა, ვოვა დამცინის ხოლმე: ბავშვობაში ხომ მე გიგებდი კალათბურთს, ახლა ჩემი ბიჭი შენსას მოუგებსო.

- "აზოტის"შემდეგ, რომელ გუნდებში თამაშობდით?

ვოვა:

- 15 წლის ვიყავი, როცა "ვითას"მაშინდელმა მწვრთნელმა, ბესო ლიპარტელიანმა თავის გუნდში მიმიწვია, სადაც ერთი წელი ვითამაშე, მერე კი რუსთავში დავბრუნდი. 17 წლის ასაკში სლოვენიაში გავემგზავრე, სადაც შვიდი წელი დავყავი; ორი წელი იტალიაშიც ვითამაშე, მერე - საბერძნეთში, რუსეთში, ესპანეთში, ხორვატიაში და ახლა აქ ვარ! მოკლედ, იმ ადგილს დავუბრუნდი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

ტოლი:

- მე კი აშშ-ში გავემგზავრე, სადაც სპორტის პარალელურად, მენეჯმენტსაც ვსწავლობდი. არაერთ გუნდში მითამაშია, ახლა კი ნაკრების წევრიც ვარ და ბოლო სამი წელია, "არმიის"ღირსებასაც ვიცავ.

- როგორ ცხოვრობდით საზღვარგარეთ?

ვოვა:

- ისეთი ადამიანი ვარ, სადაც უნდა წავიდე, თავს კარგად ვგრძნობ. სალაპარაკო ენა ვიცი თუ არა, უცხო ქვეყანაში წასვლა მაინც მიხარია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ იქაური ცხოვრების რიტმს მოვერგო. ყოველთვის კარგ ქალაქებსა და გუნდებში ვიყავი. შეუძლებელია, იტალია და საბერძნეთი არ მოგეწონოს. ცოტა არ იყოს, ესპანეთში ყოფნა გამიჭირდა, ზამთრის პერიოდი მოსაწყენი იყო.

- საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად იყავით?

- დიახ. ოღონდ - რუსეთში ცხოვრება მომიხდა მარტოს და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. ძნელია, როცა ცოლი და ორი შვილი შენგან შორსაა. ოჯახისა და ბავშვების გარეშე ვერ ვძლებ, მაგრამ რა ვქნა? ჩვენი პროფესია ზოგჯერ ასეთი მსხვერპლის გაღებასაც მოითხოვს.

- ძმები ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას თუ უზიარებთ ხოლმე?

ტოლი:

- მოედნის მიღმა, ძირითადად, ცხოვრებისეულ თემებსა და ოჯახებზე ვლაპარაკობთ, თორემ 24 საათი კალათბურთზე რომ ვიფიქროთ, შეიძლება გავგიჟდეთ... ზოგჯერ მიმდინარე თამაშებს ზედაპირულად განვიხილავთ; ვმსჯელობთ, რა იყო კარგი და რა - ცუდი. ზოგჯერ ერთმანეთს გარკვეულ შენიშვნებსაც ვაძლევთ.

- ვოვა, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- ჩემი ცოლი FBI-ის აგენტია და გამაფრთხილა, ჩემზე არაფერი წამოგცდესო (იცინის). სხვათა შორის, სპორტსმენია - ხელბურთს თამაშობდა. მის გუნდს ვარჯიშები იმავე დარბაზში ჰქონდა, სადაც ჩვენ. როცა ისინი ვარჯიშს ამთავრებდნენ, მერე ჩვენ ვიწყებდით. ბიჭები ცოტა ადრე მივდიოდით და ვაკვირდებოდით, რომელი გოგონა უფრო მაგარი იყო. მე-12 ნომერი მომეწონა და ყველა გავაფრთხილე, - ამ გოგოს თავი დაანებეთ, მე მომწონს-მეთქი. საბოლოო ჯამში, ის მართლაც, ჩემი მეუღლე გახდა. ჩვენი გოგონა - ნაია 9 წლისაა, ლიანი კი 5-ის.

- გართობისთვის თუ იცლით ხოლმე?

ტოლი:

- გართობა, განტვირთვა, ოჯახთან ერთად გარემოს შეცვლა აუცილებელია. მე და თეა ხშირად ვსტუმრობთ საყვარელ ადგილებს. ვფიქრობ, ფეხით გასეირნებაც კარგია. "ქლაბერი"არ ვარ და კლუბებში არ დავდივარ, თუმცა, ზოგჯერ ესეც საჭიროა.

ვოვა:

- თბილისში კაფეები და რესტორნები უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა გაკეთებული და ევროპულს არაფრით ჩამოუვარდება. ერთი ეგ მინუსია, რომ ყავა ისეთი ხარისხიანი და გემრიელი არ არის, როგორიც - სხვაგან. ყავის "მანიაკი"ვარ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"