"თელასის" გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის კომერციულ დირექტორს, ზურაბ არსოშვილს სასამართლოში უჩივლებენ.
როგორც "თელასის" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე სამგორის ბიზნეს-ცენტრის ყოფილმა უფროსმა, ნინო ტივაძემ განაცხადა, ზურაბ არსოშვილმა გათავისუფლებული თანამშრომლები კორუფციაში დაადანაშაულა, რისი დამტკიცებაც მას მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსოშვილმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
ამასთან, აქციაში მონაწილეობენ "თელასის" ფილიალების თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
გარდა ამისა, ზურაბ არსოშვილის გადადგომის გარდა, კომპანიის გენერალური დირექტორის, აშოტ მანუკიანის გადადგომასაც ითხოვენ.
სავარაუდოდ, ორშაბათიდან პერმანენტული აქციებიც გაიმართება.
რაც შეეხება არსოშვილის განცხადებას, თელასის" კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი კომპანიის ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს. როგორც არსოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "თელასიდან" უკანონოდ არავინ გათავისუფლებულა და პრეტენზიას ის პირები აცხადებენ, ვინც "პატიოსნად მუშაობა არ ისურვა".